fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ვოლიერული ხველა

Vetnet 08/02/21 ძაღლი, დაავადებები

ვოლიერული ხველა საქართველოში უკვე ლამის ერთი წელია საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ეს დაავადება საზოგადოებაში ბოლო დროს უფრო ცნობილი გახდა. ამ სტატიაში ვრცლად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა იგულისხმება ვოლიერულ ხველაში და რით განსხვავდება ის სხვა დაავადებებისგან.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ვოლიერული ხველა არ არის ერთი დაავადება. ამ სახელში მოიაზრება ძაღლის რესპირატორული სისტემის სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია სხვადასხვა ბაქტერიებით და ვირუსებით, მაგრამ ხასიათდება მსგავსი სიმპტომებით. ვოლიერულ ხველაში ერთიანდება შემდეგი დაავადებები: ბორდოტელიოზი, ადენოვირუსი II, პარაინფლუენზა, მიკოპლაზმოზი, ჰერპეს ვირუსი I, სტრეპტოკოკები.

ეს დაავადებები როგორც წესი, უსიმპტომოდ, ან სუსტად გამოხატული კლინიკური ნიშნებით ხასიათდება. ასეთ დროს დაავადება დაახლოებით 1-2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. თუმცა შესაძლოა სიმპტომები გაცილებით რთულად იყოს წარმოდგენილი რომელიმე ცხოველში, რაც გამოწვეულია რამდენიმე აგენტის მიერ ორგანიზმის ერთდროულად დასნებოვნებით, ან სხვა თანმდევი ჯანმრთელობის პრობლემებით.

ვოლიერულ ხველაში შემავალი დაავადებებს ახასიათებს რამდენიმე დღიანი (მაქსიმუმ 2 კვირა) საინკუბაციო პერიოდი და გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. აუცილებელი არაა, რომ ჯანმრთელ ცხოველს პირდაპირი კავშირი ჰქონდეს დაავადებულ ცხოველთან, რადგან დაავადებული ცხოველი აგენტებს ბუნებაში ნეწყვითაც გამოჰყოფს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადება შეიძლება გავრცელდეს საერთო მოვლის საგნებიდან, საჭმლის ჯამიდან, საერთო საცხოვრებელი ადგილიდან და ა.შ.

ვოლიერულ ხველაში გაერთიანებულ დაავადებებს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები

  • უეცარი, ძლიერი მშრალი ან სველი ხველა;
  • გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან;
  • ცემინება;
  • სხეულის მაღალი ტემპერატურა;
  • უენერგიობა;
  • უმადობა;

როგორ მოვიქცეთ თუ ძაღლს ახასიათებს ეს სიმპტომები?

ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობა არანაირად არ არის გამართლებული. აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რათა დადგინდეს, თუ კონკრეტულად რომელი დაავადება სჭირს ძაღლს და შეურჩიოს შესაბამისი მკურნალობა.

სიმტპტომები ასევე ძალიან ჰგავს ხორცისმჭამელთა ჭირის რესპირატორულ ფორმას. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა მიმართოთ დროულად ვეტერინარს. ჭირის დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ცხოველს გადარჩენის ძალიან მცირე შანსი აქვს და ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დიფერენცირება.

როგორ დავიზღვიოთ თავი?

ზედა სასუნთქი სისტემის ინფექციების მიზეზით მომატებული მომართვიანობის გამო სტანდარტული ვაქცინის მიღმა, სასურველია ძაღლებს ჩაუტარდეთ ვაქცინაცია ბაქტერია- Bordetella Bronchiseptica და Canine Parainfluenza ვირუსის საწინააღმდეგოდ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ცხოველის ხველით მიმდინარე დაავადებები.

ვაქცინაცია კეთდება წელიწადში ერთხელ და გამოიყენება ცხვირში ჩასაწვეთებლად. დღეს ვაქცინები უკვე არის საქართველოში ბაზარზე და დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ვეტერინარს.

სტატია მომზადებულია ვეტერინარული კლინიკა, ვეტექსი/Vetex-ის დახმარებით.

 

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები