fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

კანე-კორსო

Vetnet 16/11/20 ძაღლი, კვება

კანე-კორსო ძაღლების ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. ოფიციალურად ამ ჯიშის წინაპრებად მიიჩნევა ძველი რომაელი მეომარი ძაღლები, რომლებიც გლადიატორების ბრძოლებში მონაწილეობდნენ. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, ეს ჯიში მთელ ევროპას მოედო, რასაც ამტკიცებს სხვადასხვა გრავიურა და ფერწერა.

რენესანსის ეპოქაში კანე-კორსო მხატვრების ყურადღებას იპყრობს თავისი უშიშრობით და გაწონასწორებულობით. იტალიაში დღემდე შემორჩენილია გამოთქმა „კორსოსავით მამაცი“.

კანე-კორსო ძველ რომში

მეორე მსოფლიო ომამდე კანე-კორსოს იყენებდნენ  ფერმის დასაცავად, ასრულებდა მეცხვარის როლს, რა თქმა უნდა, ისინი აღარ ნადირობდნენ, თუმცა მათ ძლიერ ყბებს ყოველთვის  მოეძებნებოდა გამოყენება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კანე-კორსო გახდა უიშვიათესი ჯიში და გადაშენებაც კი ემუქრებოდა.

რამდენიმე გამოცდილი ენთუზიასტის ძალისხმევით, სელექციის საშუალებით მოხერხდა ჯიშის პოპულაცია, რაც სასწაულის ტოლფასია, რადგან მხოლოდ რამდენიმე სუფთა ჯიშის ძაღლით მოხერხდა ჯიშის გამრავლება. ამ ჯიშს ფანები არ აკლდა, სწორედ სელექციონერების მუშაობის დაწყებისას შეიქმნა კანე-კორსოს მოყვარულთა ასოციაცია.

კანე-კორსოს ძირითადად იყენებდნენ სამუშაოებისთვის, მისი ფიზიკური აღნაგობა ამის შესაძლებლობას იძლეოდა. ძაღლი ძლიერი, ამტანი და ძალიან ჭკვიანია. მათ კარგი ინტუიცია და თანდაყოლილი დაცვის რეფლექსიც აქვთ, მათ შეუძლიათ გაარჩიონ თამაში და რეალური საფრთხე. კანე-კორსო აგრესიას გამოხატავს აუცილებლობის ან პატრონის ბრძანების შემთხვევაში. ერთი სიტყვით, კანე-კორსო არის უბადლო მცველი, რომელსაც ინსტიქტურად აქვს ტერიტორიის დაცვის რეფლექსი, არის უშიშარი და შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები.

იდეალური მცველი ძაღლია ასევე როტვეილერიც, რომლის შესახებაც ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ სტატიაში

გარეგნობის აღწერა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით:

საერთო იერი – საშუალო ან დიდი ზომის ძაღლია, მასიური ძლიერი ტანით. მიუხედავად მასიურობისა, არის ელეგანტური. აქვს ასევე ძლიერი და მასიური კუნთები.

ამ ჯიშისთვის დამახასიათებელია ტანის სპეციფიკური ფორმა, კერძოდ, მას ახასიათებს მართკუთხედი ფორმა. იგი სიგრძეში უფრო მეტია, ვიდრე სიმაღლეში. სიგრძე 11%-ით აღემატება სიმაღლეს. თავის სიგრძე მინდაოში სიმაღლის 36%-ია

ხასიათი:

ოჯახის და შინაური ცხოველის მცველია. არის მოქნილი. ადრე იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ და მეცხვარედ.

თავი

დიდი და მოლოსოიდური. აქვს ოდნავი ნაოჭი, დრუნჩი ჩამოშვებულია.

თავის ქალა: ფართე, ყბების განი მათ სიგრძეს უდრის. სტოპი კარგად გამოკვეთილია.

ცხვირი: შავი. ნაცრისფერი ნიღბის შემთხვევაში დასაშვებია იგივე ფერისაც. აქვთ ფართე ცხვირი საკმაოდ ღია ნესტოებით.

დრუნჩი: ძლიერი, უფრო მოკლე, ვიდრე თავის ქალა. დაახლოებით 1:2 თან შეფარდებით. დრუნჩი წინიდან ბრტყელია.

ზედა ტუჩები: წინიდან დანახვისას მოგვაგონებს ლათინურ U ასოს. გვერდიდან დავინახავთ, რომ ზომიერადაა ჩამოკიდებული. ისინი ფარავენ ქვედა ყბას.

ყბა: ძალიან ძლიერი და სქელი აქვთ. წინ გამოწეულია არა უმეტეს 5მმ.

თვალები: საშუალო ზომის, აქვს ოვალური ფორმა, ფერი უნდა იყოს მაქსიმალურად მუქი, დამოკიდებულია ბეწვის ფერზე.

ყურები: სამკუთხედი ფორმის, დაბლა დასმული, საშუალო ზომის. 2015 წლის სტანდარტის მიხედვით, ყურის მოჭრა არ შეიძლება.

კისერი დასმულია მაღლა.

ტანი:

ზურგი: ძალიან დაკუნთული, წელი ვიწრო და ძლიერი, გავა გრძელი და განიერი, მცირედი დახრით. გულ-მკერდი კარგად აქვს განვითარებული.

კუდი: მაღლაა დასმული, ბოლოში ფართოვდება. მოძრაობის დროს ატარებს მაღლა, თუმცა არასდროს მომრგვალებულად.

კიდურები:

მხრები: გრძელი, მოხრილი, ძალიან დაკუნთული.

სახტომი სახსარი (იდაყვები): ძალიან ძლიერი.

მაჯები: ელასტიკური.

თათები: მომრგვალებული და შეკრული;

თეძოები: გრძელი, განიერი უკანა ზოლი ამობურცულია. მუხლ-ზედა ადგილი ძლიერი, მშრალი. მუხლი მაგარი, უკანა თათები უფრო კომპაქტურია ვიდრე წინა.

ბეწვი – მოკლე, პრიალა, ხშირი და მცირე თივთიკით. ფერები:

მინდაოში სიმაღლე: ძუებში 60-64 სმ, ხვადებში – 64-68 სმ. დასაშვებია 2 სანტიმეტრიანი განსხვავება.

წონა: ძუ – 40-45, ხვადები 45-50 კგ.

შეფერილობა: შავი, ვერცხლისფერი, კრემისფერი/მოწითურო, ზოლებიანი (ამ ფერების ნებისმიერი კომბინაციით). ღია ფერის ინდივიდებს ახასიათებთ შავი ნიღაბი დრუნჩზე, რომელიც შეიძლება გრძელდებოდეს თვალებამდე, მაგრამ არა მის ზევით. დასაშვებია თეთრი ლაქები გულ-მკერდზე, ყელზე, ყბის ქვედა ნაწილზე და თათებზე.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები