fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

სტერილიზაცია - კასტრაციის მნიშვნელობა

Vetnet 20/09/20 ძაღლი, პროფილაქტიკა

დღეს საქართველოში კასტრაცია – სტერილიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია, ლეგენდები და დამოკიდებულება სუფევს. სამწუხაროდ ამ ხალხს საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც არ აქვს წარმოდგენა თუ საერთოდ რა არის სტერილიზაცია და კასტრაცია, შეცდომაში შეყვანა სურს. ისინი საჯაროდ ამტკიცებენ, რომ სტერილიზაცია/კასტრაცია ცხოველს სიცოცხლეს უსწრაფებს და რომ ისინი ცოდოები არიან, ხოლო მათი პატრონები გულცივები.

რომელი ნაწილია მართალი და რომელი ცდება? ამის დადგენა ძალიან მარტივია. კითხეთ ნებისმიერ ვეტერინარს ან ვეტერინარული განათლების მქონე ადამიანს და არცერთი მათგანი არ გეტყვით, რომ კასტრაცია/სტერილიზაცია ცუდია.

სტერილიზაცია/კასტრაცია აუცილებელი პროცედურაა არასასურველი გამრავლების თავიდან ასაცილებლად, რაც თავისთავად შედარებით შეამცირებს საქართველოს ქუჩებში უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების სიმრავლეს.

რა არის სტერილიზაცია?

სტერილიზაცია არის ოპერაცია, რომელიც გულისხმობს გამრავლების ორგანოების ამოკვეთას (საკვერცხეები და საშვილოსნო) მდედრი ცხოველის სხეულიდან. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, რადგან ცხოველი იმყოფება სრული ნარკოზის ქვეშ. ოპერაციის შედეგად სასქესო ჰორმონები სრულიად ქრება, თუმცა ხასიათზე გავლენა როგორც წესი, არ ახასიათებს.

რა არის კასტრაცია?

კასტრაცია ეწოდება მამრი ცხოველის სტერილიზაციას, რომელიც შინაარსობრივად არ განსხვავდება მდედრი ცხოველის სტერილზაციისგან. ამ შემთხვევაშიც კეთდება ოპერაცია და იკვეთება რეპროდუქციული ორგანოები (სათესლე ჯირკვლები). უკვე აღვნიშნეთ, რომ ხასიათზე ეს ოპერაცია გავლენას არ ახდენს, რაშიც ვგულისხმობთ იმას, რომ თუ თქვენი ძაღლი დარაჯის, ან ნებისმიერ სხვა როლს ასრულებს, ეს ოპერაცია მის ჩვევებს არ დათრგუნავს, თუმცა თუ მამრი ცხოველი დომინანტი და აგრესიულია, ოპერაციის შემდეგ შესაძლოა ეს თვისება ნელ-ნელა გაუქრეს.

თუ არ გსურთ, რომ თქვენი ცხოველი შეჯვარდეს, რა თქმა უნდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებიც არსებობს, თუმცა, ამ აბების მიცემით თითქმის გარანტირებულია, რომ თქვენს ცხოველს სამომავლოდ საშვილოსნოს ან საკვერცხეების სიმსივნე განუვითარდეს.

სტერილიზაცია/კასტრაციის საჭიროება

მდედრი ცხოველების სტერილიზაცია:

  • საშვილოსნოს და საკვერცხეების სიმსივნის განვითარების შანსი აღარ არსებობს. სხვათა შორის, ეს სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზია არასტერილური ძაღლებს შორის.
  • აღარ არსებობს პიომეტრის განვითარების ალბათობა, რომელიც დროული ჩარევის გარეშე სასიკვდილოა ცხოველისთვის, ხოლო მისი მკურნალობა ხდება სტერილიზაციით. დამატებითი ინფორმაცია პიომეტრის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში.
  • თავიდან აიცილებთ ისეთ მოვლენას, როგორიცაა ცრუ ორსულობა. ეს მოვლენა შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, თუმცა უფრო ხშირად სქესობრივი ჰორმონებითაა გამოწვეული. რისკი კიდევ უფრო შემცირდება, თუ პირველ ახურებამდე გაუკეთებთ ცხოველს სტერილიზაციას.
  • პირველ ახურებამდე გაკეთებული სტერილიზაცია რადიკალურად ამცირებს სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების შანსსაც.
  • თუ ცხოველი სახლში გყავთ,  ჰიგიენის თვალსაზრისითაც გამართლებულია, რადგან სტერილიზაციის შემდეგ ცხოველს არ აქვს გამონადენი საშოდან და აღარ აყენებს უსიამოვნო სუნს.

მამრი ცხოველების კასტრაცია:

  • აგრესიული მამრები ხდებიან უფრო მშვიდები. ამის განმაპირობებელი პირველ რიგში არის ის, რომ ახურებული მდედრის გამო ისინი ერთმანეთს აღარ ებრძვიან.
  • შარდით ტერიტორიის მონიშვნა და დომინანტური ხასიათის გამოვლინება ქრება.
  • ამცირებს გაქცევის ალბათობას და სხვა ცხოველების, ავეჯის, სათამაშოების და ადამიანების მიმართ აგრესიის გამოვლინებას.
  • საერთო ჯამში ცხოველი უფრო მშვიდია, რადგან მას აღარ აქვს სექსუალური მოთხოვნილებები და მათი დაკმაყოფილების დაუოკებელი სურვილი.
  • აღარ არსებობს სათესლე ჯირკვლების სიმსივნე, თიაქრები, პროსტატის კისტები და სხვა.

სტერილიზაცია/კასტრაციის შემთხვევაში თითქმის ნულამდეა დაყვანილი აღმავალი დაავადებების (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები) განვითარების შანსიც.

რა უკუჩვენებები აქვს სტერილიზაცია/კასტრაციას?

პირველ რიგში, ეს პროცედურა არის ქირურგიული ჩარევა. ვეტერინარიაში, კი ისევე როგორც მედიცინაში გარანტირებული არაფერი და უმარტივესი მანიპულაციაც კი შეიძლება ცუდად დამთავრდეს. თავისი რისკები ახლავს ანესთეზიასაც, რაც ამ პროცედურის დროს ყოველთვის გამოიყენება. თუმცა რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან გეგმიურ ოპერაციამდე ვეტერინარი ყოველთვის დეტალურად იკვლევს ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კასტრაცია/სტერილიზაციის შემდეგ ცხოველი შეიძლება მიდრეკილი გახდეს სიმსუქნისკენ (თუმცა არა ყოველთვის), ამიტომ საჭიროა მისი სპეციალურ საკვებზე გადაყვანა, ან ამ საკვების გარკვეული ინტერვალებით გამოყენება.

პოსტოპერაციული პერდიოდი დაახლოებით 1 კვირა გრძელდება. ამ პერიოდში თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ცხოველმა არ იწვალოს ნაკერები, სასურველია დღეში ორჯერ ანტიბაქტერიული ხსნარებით და მალამოებით დამუშავება. ამ პერიოდში მოგიწევთ ანტიბიოტიკების გაკეთებაც, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ორგანიზმში არ მოხდეს ანთებითი პროცესების გაჩენა.

დავამსხვრიოთ მითები

„თუ პირველად ამშობიარებ და მერე გაუკეთებ სტერილიზაციას, სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება“ – ეს არის სრული აფსურდი, რადგან სტერილიზაციის შედეგად ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი იზრდება და არა პირიქით. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ ახურებამდე სტერილიზაციის გაკეთების შემთხვევაში ცრუ ორსულობის და სარძევე ჯირკვლების სიმსივნის გამოვლენის შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი.

„სტერილიზებული/კასტრირებული ძაღლი უფრო მშიშარაა და ტერიტორიასაც აღარ იცავს“ – ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ სტერილიზაცია/კასტრაციის შემთხვევაში (განსაკუთრებით მამრ ძაღლებში) აგრესია მცირდება, თუმცა აქ საუბარია სქესობრივი ჰორმონებით გამოწვეულ აგრესიაზე. თუკი ძაღლი აგრესიული შიშის გამოა, სტერილიზაცია მას ვერ უშველის. ასევე ეს ოპერაცია არ ხდის მას უფრო მშიშარას და ტერიტორიის დაცვაშიც არ უშლის ხელს.

„სტერილიზაცია/კასტრაცია ბუნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. რატომ ართმევთ ძაღლს სიყვარულის უფლებას?!“ –  ადამიანები თავად წყვეტენ რამდენი შვილი უნდათ, როდის უნდა შვილები და თუ ისინი არ უნდათ, ამისთვის სხვადასხვა თავდაცვის საშუალებას მიმართავენ. ძაღლებს ამის არჩევანის უფლება არავის მისცა და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ, ადამიანებმა ავიღეთ იმის პასუხისმგებლობა რომ ვიყოლიოთ ძაღლი, კატა ან ნებისმიერი სხვა ცხოველი, მოვუაროთ მათ და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, შესაბამისად ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ ჩვენი ცხოველების შთამომავლებზეც. ხოლო არასასურველ ლეკვებს და კნუტებს, რომლებსაც სამომავლოდ თავშესაფარში განწესება ან ქუჩაში გაშვება ემუქრებათ, ჯობს წინასწარ ვიზრუნოთ იმაზე, რომ ასეთი რამე არ მოხდეს.

ადამიანისგან განსხვავებით სხვა ცხოველები განსხვავებული სექსუალური ცხოვრებით სხოვრობენ. ცხოველთა სახეობების უმრავლესობისთვის შეჯვარება არის ფიზიკური აქტი, რომელიც ემსახურება გამრავლებას. ცხოველისთვის თვითგადარჩენისთვის აუცილებელია საკვები და სასმელი, ასევე მისთვის აუცილებელია გამრავლება მისი სახეობის გადასარჩენად.

ამას გარდა, მიუხედავად იმისა თუ როგორ ძალიან გვიყვარს ცხოველი, არასწორია მათი ადამიანებთან გაიგივება. მაგალითად, როცა ვეტერინარი რეკომენდაციას იძლევა, რომ მამრ ცხოველს გაუკეთდეს კასტრაცია, პატრონი მამაკაცი ამ დროს წარმოიდგენს ძაღლის ადგილას საკუთარ თავს.

პოსტოპერაციული რეაბილიტაცია არაა რთული და საშუალოდ 1 კვირაში ცხოველი ისე გრძნობს თავს, თითქოს არაფერი მომხდარა. ოპერაციიდან 2-3 დღეში ფიზიკურად აქტიურდება, დადის, დარბის და თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებელია ვეტერინარის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკების გამოყენება და ჭრილობის დამუშავება ანტიბაქტერიული საშუალებებით, რათა არ მოხდეს მისი ინფიცირება.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები