fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ლეკვის კვება ასაკის მიხედვით

Vetnet 01/10/20 ძაღლი, კვება

როგორც წესი, ცხოველის აყვანა, ჩუქება ან ყიდვა ძირითად ხდება 8-12 კვირის ასაკში. ამ ასაკში ცხოველი ფიზიკურად უკვე მზად არის დამოუკიდებლად იკვებოს, თუმცა საკვების სწრაფმა ცვლამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი ან ღებინება. იმისთვის რომ ასეთი უკუჩვენება თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ცხოველი მშრალ საკვებს 4 კვირის ასაკიდან ეტაპობრივად მივაჩვიოთ.

იდეალური მდგომარეობაა როცა დედა თვითონ კვებავს საკუთარ ლეკვებს, მაგრამ სამწუხაროდ, ვაწყდებით სხვანაირ რეალობასაც, როცა დედა  არ იკარებს, ან ჯანმრთელობის გამო ვერ ახერხებს ლეკვების გამოკვებას, რის შედეგადაც ლეკვის კვება ადამიანს უწევს. ამიტომ საჭიროა იცოდეთ, თუ როგორ მოიქცეთ ამ დროს.

რით უნდა გამოვკვებოთ ახალშობილი ლეკვები?

ახალშობილი ლეკვებისთვის დედის რძე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირველი 4 კვირის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ ისინი ამ გზით იღებენ ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ ნუტრიენტებს, დედის რძეს აქვს იმუნიტეტისთვის გადამწყვეტი როლი, რადგან ლაქტაციის პერიოდში მის ორგანიზმში არსებული ანტისხეულები გადაეცემა ლეკვებს. ანუ დედის რძე შრატის როლს ასრულებს ლეკვებისთვის.

ყველაზე კარგი გამოსავალია დონორი დედის მოძებნა. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება დონორი ძაღლის მოძიება, შეგიძლიათ ვეტ. აფთიაქებში მოიკითხოთ ძაღლის რძის შემცვლელი ფორმულა, რომელიც იყიდება ფხვნილის სახით. თუ მსგავს პროდუქტს ვერ მოიძიებთ, მაშინ არსებობს სხვა ალტერნატივებიც:

  • თხის რძე – გაჯერებულია ნუტრიენტებით და ვიტამინებით, რომელიც ძალიან სასარგებლოა ლეკვისთვის. თუმცა ისევე როგორც სხვა ნებისმიერი უმი პროდუქტი, განსაკუთრებით კი ცხოველური პროდუქტი, შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა პათოგენებს (დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს) ამიტომ აუცილებელია მისი ადუღება და გაგრილება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დიდი რაოდენობით თხის რძის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა, ფაღარათი, მუცლის ტკივილი და სხვა.
  • ბავშვის საკვები ფორმულა 0 თვიდან – საუბარია ადამიანის ჩვილი ბავშვის საკვებზე, რომელიც ფხვნილის სახით ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. წინასწარ ვერავინ გეტყვით თუ რა რაოდენობის საკვები დაჭირდება თქვენს ლეკვებს, რადგან ეს დამოკიდებულია ჯიშზე, ზომაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამისთვის უნდა მიმართოთ ვეტერინარს.

რა თქმა უნდა, დედის რძის არცერთი შემცვლელი იდეალური არაა და სრულად ვერ ჩაანაცვლებს მას, თუმცა ეს სამი ვარიანტი საუკეთესოა, რაც შეგიძლიათ შესთავაზოთ ახალშობილ ლეკვს.

ახალშობილის გამოკვება საწოვარათი.

 

თუ ლეკვი მხოლოდ რამდენიმე დღისაა, მოგიწევთ შპრიცის გამოყენება, რადგან მას არ აქვს საკმარისი ენერგია, თავად მიირთვას საკვები საწოვარით.

პირველ რიგში დაგჭირდებათ საწოვარა, ან შპრიცი გამოსაკვებად და ძაღლის რძის შემცვლელი. არავითარ შემთხვევაში არ აჭამოთ ახალშობილ ლეკვს ძროხის რძე. ეს გამოიწვევს დიარეას ან უფრო სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს.  ასევე მოერიდეთ ლეკვის გამოკვებას გაგრილებული და ცივი პროდუქტით, რადგან ამ ეტაპზე მათ არ აქვთ უნარი, აკონტროლონ სხეულის ტემპერატურა, ამიტომ მათი გამოკვება საჭიროა შემთბარი პროდუქტით.

საკვების მომზადება

თუ თქვენ შეიძენთ ძაღლის რძის შემცვლელ ფხვნილს, ყველა შეფუთვაზე არის მოცემული დოზები თუ რამდენი უნდა აჭამოთ თქვენს ლეკვს დღის განმავლობაში. მომზადებისთვის დაგჭირდებათ ფხვნილი და თბილი წყალი, რომელიც ერთმანეთში კარგად უნდა აურიოთ რომ ფხვნილი კარგად გაიხსნას.

ყურადღებით იყავით, რომ დღის მანძილზე არ მოამზადოთ იმაზე მეტი საკვები ვიდრე თქვენი ლეკვი შეჭამს 24 საათის მანძილზე. დარჩენილი რძე შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, მაგრამ გამოყენებამდე არ დაგავიწყდეთ მისი შეთბობა.

კვების პროცესი

ლეკვის გამოკვებისას დარწმუნდით რომ ცხოველი იწვეს მუცელზე, ბოთლი ფრთხილად მოათავსეთ მის პირის ღრუში, ისე რომ არ დააზიანოთ ის. თუ თავიდან საკვებზე უარს ამბობს, შეეცადეთ ორი სამი წვეთი წაუსვათ დრუნჩზე, რომ ლეკვმა გაიგოს საკვების გემო. არასდროს გამოკვებოთ თქვენი ცხოველი ვერტიკალურ მდგომარეობაში, ან ზურგზე წოლისას.

დაიცავით ინტერვალი

კარგი იქნება თუ მკაცრად დაიცავთ გრაფიკს ახალშობილის გამოკვების დროს. სასურველია მათ გამოკვება ყოველ 2-4 საათში ერთხელ. ორ კვირამდე ლეკვების დღიური ნორმა არის 4 ან 5 პორცია დღის განმავლობაში.

ლეკვის კვება 4 კვირის ასაკიდან

4 კვირიდან ლეკვი უკვე მზად არის მშრალ კვებაზე გადაყვანისთვის, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელია. თავიდან მშრალი საკვები უნდა ავურიოთ რძეში ისე, რომ მივიღოთ თხელი ფაფისებრი მასა და შემდეგ ნელ-ნელა უნდა შემცირდეს რძის რაოდენობა, სანამ ბოლომდე მშრალ კვებაზე არ გადავა ცხოველი.

8 კვირიდან ლეკვი უკვე სრულად გადასულია მშრალ კვებაზე და წყალზე. ხშირ შემთხვევაში ძველი პატრონები ლეკვს თან აყოლებენ იმ საჭმელს, რომლითაც ისინი აქამდე კვებავდნენ. იმ შემთხვევაში, თუ პატრონი გადაწყვეტს, რომ უნდა ახალ საკვებზე გადაიყვანოს ლეკვი, უნდა იხელმძღვანელოს ქვემოთ მოცემული დიეტის ეტაპობრივი ცვლილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაციონის სწრაფი ცვლილება გამოიწვევს ფაღარათს და ღებინებას.

  • პირველი დღე – 25% ახალი საკვები და 75% ძველი საკვები უნდა ავურიოთ ერთმანეთში.
  • მესამე დღე – 50% ახალი საკვები, 50% ძველი საკვები.
  • მეხუთე დღე – 75% ახალი საკვები, 25% ძველი საკვები.
  • მეშვიდე დღიდან – 100% ახალი საკვები.

ლეკვის კვება 16 კვირიდან ზევით ასაკის ლეკვებისთვის

ამ ასაკში ლეკვებს ეზრდებათ კბილები. ეს პროცესი დაკავშირებულია დისკომფორტთან და ქავილთან, ამიტომ ამ დროს ისინი ჭამენ ყველაფერს. ჩვენ ძაღლების კვებაში ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არის ცუდი ძაღლისთვის უმი ხორცის და ძვლის მიცემა. ბევრი პატრონი ლეკვებს უმ ძვლებს აძლევს და ამით ცდილობს თავიდან აირიდოს დაღეჭილი და განადგურებული ავეჯი თუ ნივთები. არ დაგვავიწყდეს, რომ უმი ძვალიც საკმაოდ საშიშია ძაღლებისთვის, განსაკუთრებით არასრულფასოვანი იმუნიტეტის მქონე ლეკვებისთვის და ამიტომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში ჯობს მოუხარშოთ ძვალი (თუმცა არა ისე, რომ დარბილდეს) და სასურველია იყოს ისეთი ზომის, რომლის დაღეჭვას ვერ შეძლებს.

უკეთესი და გაცილებით უსაფრთხო ვარიანტია ზოომაღაზიებში სპეციალური ძვლების და სათამაშოების შეძენა, რომლებიც გარდა იმისა რომ ძალიან გემრიელია, ლეკვები კარგად ირთობენ თავს მათი ღეჭვით. ამგვარ ძვლებს არ ახასიათებს ის რისკები, რაც ჩვეულებრივ ძვალს აქვს. ზოგ მათგანს აქვს ისეთი დადებით მხარეებიც, როგორიცაა კბილების წმენდის და პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობა.

2 თვიდან 6 თვემდე ლეკვები დღეში სამჯერად კვებაზე უნდა გვყავდეს. მშრალი კვების შემთხვევაში, მწარმოებელი შეფუთვაზე აწერს ინფორმაციას თუ რამდენი გრამი საკვები უნდა მოიხმაროს ძაღლმა დღიურად.

7 თვიდან უკვე შეგიძლიათ გადაიყვანოთ ორჯერად კვებაზე. ბაზარზე უამრავი მშრალი საკვებია, რომელიც განკუთვნილია სპეციალური ზომის, ან ჯიშის ძაღლებისთვის. საკვები ასევე განსხვავდება ასაკის მიხედვითაც. სხვაობა ამ საკვებებს შორის არის მისი შემადგენლობა, რადგან სხვადასხვა ზომის ძაღლებს სხვადასხვა ასაკში განსხვავებული რაციონი ჭირდება.

რეკომენდებულია, რომ მინიმუმ პირველი 1 წლის განმავლობაში ძაღლი კვებოთ სუპერ-პრემიუმ კლასის საკვებით.

 

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები