fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ბიგლი

Vetnet 19/10/20 ძაღლი, დახასიათება, ჯიში

ისტორია

ბიგლი უკვე რამდენიმე ასეული წელია რაც არსებობს. ისინი ყოველთვის იყვნენ პოპულარულები, განსაკუთრებით მონადირეებს შორის. ბოლო პერიოდში ამ ჯიშის ძაღლები საქართველოში საკმაოდ მომრავლდნენ და მათი პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

მათი წარმოშობის ადგილად ინგლისი მიიჩნევა. როგორც აღვნიშნეთ, ეს მონადირე ჯიშია და მათ ჯიბის მონადირესაც კი უწოდებდნენ, რადგან მათი მოთავსება თავისუფლად შეიძლებოდა ცხენზე გადაკიდებულ ჩანთაში. ისინი ყველაზე კარგად კურდღლებზე ნადირობენ, თუმცა შიგადაშიგ ტურაზე ან ტახზე ნადირობასაც მშვენივრად ართმევდნენ თავს.

დღეს ამ ჯიშის ძაღლებს სანადიროდ თითქმის აღარ იყენებენ. მათ კომპანიონი ცხოველის როლი უკავიათ დღევანდელ საზოგადოებაში. მათი პოპულარობის ზრდა განპირობებულია ულამაზესი სახით, გრძელი ყურებით, დიდი, ფართოდ დასმული ყავისფერი თვალებით, რომელიც სძენს მათ უნიკალურ ვიზუალს.

ჯანმრთელობა

ამ ჯიშის ძაღლებს როგორც წესი, არ ახასიათებთ გენეტიკური ჯანმრთელობის პრობლემები. იშვიათად გვხვდება ეპილეფსია, ასევე განუვითარებლობის ორი ფორმა. განუვითარებლობის ერთი მაგალითია, როცა ლეკვი ჩამორჩება განვითარების ტემპს და ზრდასრულობის ასაკშიც ნორმალურ ზომებს ვერ აღწევს, თუმცა სრულფასოვან ცხოვრებაში მას ხელი არ ეშლება. მეორე ფორმისას სათანადოდ ვერ ვითარდება თათები და ასევე აღინიშნება თვალების სიელმე, თუმცა ეს ნაკლებიც არ უშლის ძაღლს სრულფასოვან ცხოვრებაში.

საკვები:

არც ისე იშვიათად მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ, ამიტომ ყურადღებით ყოფნა მაინც საჭიროა. მისი ზრდა-განვითარებისთვის იდეალურია მაღალი ხარისხის მშრალი, ან სახლში დამზადებული საკვები. სახლის პირობებში დამზადებული საკვების რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში, თუმცა აუცილებლად ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან, რადგან სხვადასხვა ასაკში ძაღლს სხვადასხვა შემადგენლობის საკვები სჭირდება.

გრუმინგი:

ბიგლს აქვს თივთიკიანი ბეწვოვანი საფარველი. თივთიკი ზამთარში იზრდება, ხოლო გაზაფხული მისი გაცვენის სეზონია. ცვენის სეზონზე ბეწვი ცხოველს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სცვივა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში ის ბეწვს არ დაყრის. რა თქმა უნდა, ბეწვის ცვლა მუდმივად ხდება, თუმცა არა იმ მასშტაბებით, როგორც სეზონებზე. კვირაში ერთხელ დავარცხნა სპეციალური სავარცხლით ბევრად გაგიმარტივებთ ბეწვის ცვენის პრობლემას.

მათ როგორც წესი, ხშირად ბანაობა არ ჭირდებათ, თუ რა თქმა უნდა სადმე არ იგორავეს. აი კლანჭების დაჭრა კი აუცილებელი და სისტემატური პროცედურა უნდა იყოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჯიშისთვის. ზედმეტად გრძელმა კლანჭებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, დისკომფორტი და კლანჭის ხორცში ჩაბრუნებაც კი.

მოციონი

მიუხედავად იმისა, რომ ბიგლებს დღეს თითქმის აღარ გამოიყენებენ სანადიროდ, მათი სხეული და ხასიათი გენეტიკურად შეგუებულია აქტიური ცხოვრების წესს. ისინი არიან საკმაოდ ენერგიულები, ამიტომ პატრონმა უნდა უზრუნველყოს ამ ენერგიის დახარჯვა, რაც გულისხმობს, რომ ცხოველს დღეში მინიმუმ 1 საათის განმავლობაში სჭირდება სირბილი და ვარჯიში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოველი უბრალოდ გაუშვათ სადმე პარკში, ან ეზოში და ის თავად ივარჯიშებს,  ამ პროცესს სჭირდება ადამიანის ჩართულობა, თამაში და ა.შ.

წვრთნა

ისევე როგორც ყველა სხვა ჯიშის წარმომადგენელისთვის, ბიგლისთვისაც აუცილებელია ადრეული ასაკიდან სოციალიზაციაზე და წვრთნაზე ზრუნვა. ამ ჯიშის ძაღლების გაწვრთნა მკაცრი მეთოდით როგორც წესი უშედეგოა. უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური სასუსნავები ან მისი საყვარელი საკვები.

ხასიათები

ბიგლი ცნობილია მისი კარგი ხასიათებით და მეგობრული დამოკიდებულებით როგორც ხალხის, ისე სხვა ცხოველების მიმართ. ისინი ვერ იტანენ მარტო ყოფნას. შეიძლება ამის გამო დაიწყონ ყმუილი და მავნებლობა. ზოგი კვლევის მიხედვით ბიგლი ძალიან ბევრს ყეფს.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ძაღლი მონადირე ჯიშისაა და ასევე საკმაოდ ცნობისმოყვარეა, ჯობია ქუჩაში არ გაუშვათ უმეთვალყურეოდ. როგორც აღვნიშნეთ, მათ ხანდახან ზედმეტადაც უყვართ ყეფა, მაგრამ ეს ჯიში დარაჯად ნამდვილად არ გამოგადგებათ, ის მცირე ზომის ძაღლია და ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ყეფვის გარდა რამე სხვას მოიმოქმედებს.

ბიგლის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 12 წელია.

გარეგნული მახასიათებლები

ზომები

არსებობს ორი ზომის ბიგლი, 33სმ-მდე და 40სმ-მდე მინდაოში სიმაღლით.

თავი

ახასიათებთ მოგრძო ფორმის თავი უკანა ნაწილში მცირედ ამოწეული უკანა ნაწილით. თავის ქალა უნდა იყოს შედარებით განიერი და სავსე. გადასვლა სახის ზედა ნაწილიდან ქვედაზე უნდა იყოს გამოკვეთილი.

ყურები

როგორც აღვნიშნეთ, ეს ჯიში ძალიან გრძელი ყურებით გამოირჩევა. მათი ყურები იმდენად გრძელია, რომ წინ გამოწევის შემთხვევაში ცხვირის წვერს უნდა წვდებოდეს.

თვალები

თაფლისფერი ან ყავისფერი, დიდი ზომის და განზე დასმული.

დრუნჩი

დრუნჩის ბოლოები უნდა იყოს ოთხკუთხედი ფორმის.

კიდურები

ბიგლის წინა ფეხები უნდა იყოს სწორი, ბარძაყები მკვრივი და ძლიერი.

კუდი

როგორც წესი, ამ ჯიშის ძაღლები კუდს მაღლა აწეულს ატარებენ, ის არ უნდა იყოს დახვეული ხერხემლის მიმართულებით.

ბეწვი

ეს ძაღლი ნამდვილად არ მიეკუთვნება ფაფუკი ბეწვის მქონე ძაღლების სიას. მათ საშუალო ზომის, შედარებით მაგარი ბეწვი აქვთ.~

შეფერილობა

დასაშვებია ნებისმიერი მონადირე ძაღლისთვის დამახასიათებელი შეფერილობა. ყველაზე ხშირად გვხვდება სტანდარტული სამ ფერიანი (ყავისფერი, შავი და თეთრი), ყავისფერი, თეთრი, შოკოლადის ფერი, წითური და ცისფერი.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები