fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ძაღლის და კატის პირველადი გადაუდებელი დახმარება - II ნაწილი

Vetnet 13/10/20 ძაღლი, კატა, მკურნალობა

ხშრად ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომელთა მოგვარება დამოკიდებულია ცხოველის მეპატრონის ან უბრალოდ ადამიანის რეაგირებაზე. მაგალითად როგორ მოვიქცეთ სისხლდენის დროს? ან რა მოვიმოქმედოთ თუ ცხოველს უცხო სხეული გაეჩხირა ტრაქეაში და ვერ სუნთქავს?

წინა სტატიაში ჩვენ ვისაუბრეთთ თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ცხოველს ფუტკრის და გველის კბენის, დამწვრობების,  მოტეხილობების და მოწამვლის შესახებ. ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ სხვა ისეთ შემთხვევებზე, რა დროსაც ცხოველს სჭირდება სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება.

სისხლდენა

სისხლდენა ასოცირდება სხვადასხვა სახის დაზიანებებთან, ამიტომ მისი აღმოჩენა და კონტროლი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების დროს. სისხლდენა შეიძლება იყოს გარეგანი (რომელიც გამოიყოფა ჭრილობიდან, ანუ დაზიანებულია სხეულის კანის ან ლორწოვანი საფარველი) და შინაგანი (შინაგანი ორგანოების დაზიანების შედეგად გულ-მკერდის ან მუცლის ღრუში არსებული სისხლდენა). მძიმე ან ხანგრძლივ სისხლდენას მოჰყვება შოკი, კოლაფსი და სიკვდილიც კი.

პირველადი დახმარება გარეგანი სისხლდენის დროს

  • ფრთხილად მიუახლოვდით დაზიანებულ ცხოველს, ტკივილის გამო ისინი შეიძლება აგრესიულები იყვნენ. 
  • თუ ჭროლობა ისეთ ადგილზეა, სადაც მის ზევით გადახვევა ვერ მოხერხდება, დააწექით უშუალოდ ჭრილობაზე მარლით ან სუფთა ტილოთი (თუ მსგავსი არაფერი აღმოგაჩნდებათ, მოგიწევთ შიშველი ხელით იგივეს გაკეთება).
  • თუ ჭრილობა შენიშნეთ კიდურებზე, ასეთ შემთხვევაში ჭრილობიდან 1-3 სანტიმეტრით მაღლა მჭიდროდ შეუკარით ნაჭერი. ამგვარად ჭრილობის ადგილამდე სისხლი ნაკლები ინტენსივობით მიაღწევს. 
  • გადააბრუნეთ თქვენი ცხოველი გვერდზე და დაზიანებული კიდური აუწიეთ მაღლა, ამ პოზაში ყოფნისას სისხლის ნაკლები ნაკლები ინტენსივობით მიეწოდება დაზიანებულ კიდურს.
  • რა თქმა უნდა, ამით ყველაფერი ვერ მოგვარდება და მოგიწევთ ცხოველის ვეტერინართან გადაყვანა რაც შეიძლება სწრაფად. ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები მხოლოდ დროის მოსაგებადაა. 

შინაგანი სისხლდენა

შინაგანი სისხლდენა სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია და როგორც წესი მისი შემჩნევა შეუძლებელია. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებებით, ან სიმაღლიდან ჩამოვარდნით. ასევე შინაგანი სისხლდენა ახასიათებს სხვადასხვა დაავადებებს. 

ნიშნებია: 

  • თეთრი ღრძილები; 
  • ცივი კიდურები; 
  • გახშირებული სუნთქვა;
  • სისხლიანი ხველა; 
  • შებერილი მუცელი; 
  • ლეთარგია;
  • კოლაფსი;
  • დაბალი ტემპერატურა;

როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? 

  • ეცადეთ ცხოველი გყავდეთ მშვიდ მდგომარეობაში; 
  • ეცადეთ გაათბოთ ის; 
  • სასწრაფოდ მიიყვანეთ ვეტერინართან;

გუდვა (ხრჩობა)

დახრჩობა გამოწვეულია უცხო სხეულის მოხვედრით ტრაქეაში. ამ დროს ჰაერის შეღწევა ფილტვებში ვერ ხერხდება, რასაც მოჰყვება კრუნჩხვები. საბედნიეროდ კატებში ეს ძალიან იშვიათად ხდება. 

შეიძლება ხველა და ხრჩობის მომენტი რთულად გასარჩევი იყოს. დააკვირდით, თუ ცხოველს შედარებით ნორმალურად შეუძლია ჩასუნთქვა, მაშინ საქმე გვაქვს ხველასთან. თუ კატა ვერ სუნთქავს, მას ულურჯდება ტუჩები და ენა, შესაძლოა გულის წასვლაც, ხოლო თუ დიდხანს გრძელდება ეს მდგომარეობა, საბოლოო შედეგი სიკვდილია.

როგორ მოვიქცეთ სანამ კატა გაითიშება?

  • თუ ატყობთ რომ თქვენი ცხოველი ცოტათი მაინც სუნთქავს, პირველ რიგში უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ უნდა ანერვიულოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარიც. მომენტალურად უნდა წახვიდეთ ვეტერინართან, რომელიც სპეციალური ინტრუმენტებით და სედაციური საშუალებებით  შეეცდება უცხო სხეულის ამოღებას. 
  • უცხო სხეულის ამოღება თითით, პინცეტით ან დამჭერით არის შესაძლებელი, თუმცა ამ დროს ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან შეიძლება კატამ გიკბინოთ, ან თავად დააზიანოთ იგი, ამიტომ თუ გამოცდილება არ გაქვთ, ან უცხო სხეული კარგად არ ჩანს, ჯობია ეს საქმე ვეტერინარს მიანდოთ. 

როგორ მოვიქცეთ თუ კატა უგონოდაა?

  • ეცადეთ თავად ამოიღოთ უცხო სხეული. როდესაც კატა ვერ სუნთქავს, ყოველი წამი გადამწყვეტია. 
  • თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ ნეკნების ორივე მხარეს დაადეთ ხელები და დააწექით (ოღონდ ისე ძაან არა რომ ნეკნები ჩაუმტვრიოთ). ამგვარად შესაძლოა უცხო სხეული, რომელიც ხელს უშლის ცხოველს სუნთქვაში, ამოვარდეს ტრაქეიდან. 

ცხელება

თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს შეატყობთ უხასიათობას და უმადობას, მისი ყურები და ცხვირი ცხელია, მას დიდი ალბათობით მაღალი ტემპერატურა აქვს. ტემპერატურის გაზომვა შესაძლებელია რექტალურად, ჩვეულებრივი (ვერცხლის წყლის) ან ელექტრო თერმომეტრით. კატის ნორმალური ტემპერატურა 38.5-39.5-ია, ხოლო ძაღლის 38.4-39.3.  გასათვაისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ტემპერატურის მატება ახასიათებს სტრესსაც.

როგორ მოვიქცეთ?

ნებისმიერ  შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რადგან მაღალი ტემპერატურა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით, ამიტომ სახლის პირობებში ტემპერატურის დაწევა არ არის კარგი იდეა. თუ ტემპერატურა 40.5-ს ასცდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ეცადეთ ტემპერატურის ჩამოყვანა 39.5-40-მდე 

როგორ არ უნდა მოიქცეთ? 

  • არ დაასველოთ ცხოველი ცივი წყლით და არ დაადოთ ყინულები ტემპერატურის დასაწევად; 
  • აკონტროლეთ ტემპერატურის კლების რიტმი. მცირე ზომის ცხოველები მარტივად გასცემენ ტემპერატურას და შესაძლოა მოხდეს მათი გადაცივება. 
  • არ გამოიყენოთ ადამიანის მედიკამენტები, განსაკუთრებით ასპირინი და იბუპროფენი. 

კრუნჩხვები

კრუნჩხვა ეწოდება სხეულის უკონტროლო, ხშირ მოძრაობას, რაც გამოწვეულია ტვინის ანომალიური ელექტრული აქტივობით. კრუნჩხვების სირთულე შეიძლება მერყეობდეს სახის კუნთების უნებლიე შეკუმშვიდან, მთელი სხეულის ტრემორამდე. ამ ყველაფრის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. 

როგორ მოვიქცეთ?

  • თუ თქვენს ცხოველს კრუნჩხვების ძლიერი ფორმა აღენიშნება, ამ დროს ის ვერ აკონტროლებს თავს, შესაბამისად შეიძლება მიიღოს სხვადასხვა სახის დაზიანებები. ამიტომ პირველ რიგში ეცადეთ რომ დაიცვათ იგი მოსალოდნელი ტრავმებისგან;
  • იყავით ფრთხილად, ამ დროს შეიძლება ცხოველმა უნებლიედ გიკბინოთ, ან დაგკაწროთ; 
  • თუ გაქვთ საშუალება, დაინიშნეთ შეტევის ხანგრძლივობა; 
  • თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს მხოლოდ ერთხელ დაემართა შეტევა, რომელიც 3 წუთით გაგრძელდა, სასწრაფოდ მისი კლინიკაში გადაყვანა არაა საჭირო. გაესაუბრეთ ვეტერინარს და დანიშნეთ მასთან ვიზიტი; 
  • იმ შემთხვევაში, თუ კრუნჩხვები 3-5 წუთი გრძელდება და დღეში რამდენჯერმე მეორდება, სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს. 
  • ღრძილებზე შაქრიანი წყლის წასმამ შეიძლება შეაჩეროს შეტევა, თუ თქვენს ცხოველს აქვს დიაბეტის პრობლემები. შემდეგ სასწრაფოდ წაიყვანეთ ვეტერინართან. 

ღებინება

ღებინება ბევრ დაავადებას, მოწამვლას, კრუნჩხვებს ახასიათებს. ის განსაკუთრებით საშიშია, თუ თან ახლავს ფაღარათი. ეს ორი მოვლენა ერთად იწვევს სხეულის სწრაფ დეჰიდრატაციას. ხშირად ეს ორი სიმპტომი ერთად მიუთითებს ვირუსულ დაავადბებზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებით პროცესებზე, მოწამვლაზე. 

როგორ მოვიქცეთ? 

  • მოარიდეთ ცხოველი ნებისმიერი სახის საკვები და წყალი; 
  • თუ 6 საათის განმავლობაში ღებინება არ განმეორდება, შესთავაზეთ მცირე რაოდენობით თხელი, პიურეს კონსისტენციის საკვები 2-3 საათში ერთხელ 2-2 ჩაის კოვზი. თუ ღებინება ამის შემდეგაც არ განმეორდება, შეგიძლიათ თავის ჩვეულ საკვებზე გადაიყვანოთ. 
  • თუ ღებინებასთან ერთად დიარეაც არის და თან უმადობა ახასიათებს ცხოველს. აუცილებლად მიიყვანეთ ვეტერინართან, მას შეიძლება ისეთი ვირუსული დაავადება ჰქონდეს, როგორიცაა ენტერიტი;
  • ამოღებულ მასაში ან დიარეის დროს თუ შეამჩნიეთ სისხლის კოლტები, საქმე ძალიან ცუდად არის და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ვეტერინარს. 

როგორ არ უნდა მოვიქცეთ?

  • არ შესთავაზოთ საკვები ცხოველს, თუ ბოლო ღებინებიდან 6 საათი არ არის გასული.
  • არ მისცეთ მედიკამენტი ვეტერინარის დანიშნულების გარეშე. 

ჭრილობები

ჭრილობები არსებობს ყველანაირი ზომის და ფორმის. ღრმა ჭრილობის შემთხვევაში კანის მთლიანობა მთლიანად არის დარღვეული და შესაძლოა გამოჩნდეს მის ქვეშ არსებული კუნთები, ასევე შინაგანი ორგანოები, ცხიმოვანი საფარველი და ძვალიც კი. ასეთი ჭრილობის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ვეტერინარის ჩარევა. ზედაპირული ჭრილობების მოშუშება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი ანტიბაქტერიული ხსნარებით და მალამოების საშუალებით. ნაკბენების შემთხვევაში ყოველთვის უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რადგან შესაძლოა ჭრილობა იყოს დაინფიცირებული, ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა რამდენად უმნიშვნელოდ ჩანს დაზიანება. როგორც წესი, დაზიანება კანის ზედაპირზე უფრო ნაკლებია, ვიდრე მის ქვეშ. 

როგორ მოვიქცეთ ღრმა ჭრილობების დროს?

  • უზრუნველყავით თქვენი უსაფრთხოება, რომ არ გიკბინოთ ან დაგკაწროთ კატამ; 
  • ეცადეთ შეაჩეროთ სისხლდენა (ამაზე ზევით უკვე ვისაუბრეთ); 
  • ღრმა ჭრილობის შემთხვევაში არ ჩამორეცხოთ და არ დაამუშაოთ ის ნებისმიერი ხსნარით ვეტერინართან კონსულტაციის გარეშე;
  • თუ ჭრილობიდან მოჩანს უცხო სხეული, ნუ ეცდებით მის ამოღებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა;
  • დააფარეთ ჭრილობას სტერილური მარლა ან სუფთა ნაჭერი. ადგილიდან გამომდინარე, თუ სავალდებულო გახდება, შეგიძლიათ ჭრილობა შეუხვიოთ, ოღონდ არ მოუჭიროთ და გადაახვიეთ მხოლოდ 1-2 ფენად; 
  • სასწრაფოდ მიიყვანეთ ვეტერინართან; 
  • ტრანსპორტირებისას კატა დააწვინეთ დაზიანებული მხარის საპირისპირო გვერდზე; 

როგორ მოვიქცეთ ზედაპირული ჭრილობის დროს?

ზედაპირული ჭრილობების დროს კუნთები დაზიანებული არ არის, შესაბამისად გაკერვა არ არის აუცილებელი და სისხლდენაც მოსალოდნელი არ არის, ამიტომ შეგიძლიათ სახლის პირობებში მოუაროთ თქვენთვითონ. 

  • ფრთხილად მოწმინდეთ ჭრილობა სისხლისგან მტვრისგან და სხვა შეხორცებაში ხელის შემშლელი ფაქტორებისგან ქლორჰექსიდინის, ან წყალბადის ზეჟანგის ხსნარით. გაითვალისწინეთ, რომ ღრმა ჭრილობებზე წყალბადის ზეჟანგის გამოყენება არ შეიძლება! 
  • შეამშრალეთ ჭრილობა; 
  • გამოიყენეთ ბეტადინის, ლევომიკოლის ან ვიშნევსკის მალამო, წაუსვით დაზიანებულ უბანზე თხელ ფენად. 
  • თუ ცხოველი არ იჩერებს მალამოს და იწყებს ლოკვას, შეგიძლიათ თხელ ფენად, მსუბუქად გადაუხვით, რათა მალამო შეიწოვოს ჭრილობამ;

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები