fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

კურცჰაარი

Vetnet 20/09/20 ძაღლი, ჯიში

ისტორია

კურცჰაარი (გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი) გერმანიაში 19-ე საუკუნეში გაჩნდა როგორც მონადირე ძაღლი. იგი უნიკალური მონაცემებით გამოირჩევა ნადირობისას თავს კომფორტულად გრძნობს ხმელეთზე და წყალში შესვლასაც არ თაკილობს.

მიზნობრიობა

კურცჰაარი გამოიყენება როგორც კომპანიონ ცხოველად (ოჯახის ცხოველად), რომელსაც ასევე იყენებენ სხვადასხვა სახის ნადირობისას. შესაბამისი აქვს ხასიათიც. არის დამჯერი, ჭკვიანი, ექსცენტრიული, ენერგიული და ხანდახან ხმაურიანიც, არის მოსიყვარულე. ძაღლი მარტივი გასაწვრთნელია. ბავშვებს კარგად ეგუებიან, თუმცა ყურადღების მიქცევა მაინც საჭიროა რადგან, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, კურცჰაარი ხმაურიანი და ცანცარაა. ზოგადად ამ ჯიშის ძაღლებს უყვართ ხალხთან კონტაქტი და მშვენიერი ვარიანტია ოჯახისთვის, რომელიც აქტიურ ცხოვრებას ეწევა და უზრუნველყოფს რომ ძაღლმა დახარჯოს დიდი რაოდენობით ენერგია.

სოციალიზაცია

იმისთვის რომ თქვენი ლეკვი „წესიერი“ და ჭკვიანი ძაღლი გაიზარდოს, აუცილებელია შეგუებული იყოს სხვადასხვა სახის ხმაურებს: ხმამაღალი მუსიკა, მანქანები და სხვა, (თუ აპირებთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად ნადირობას, ჯობია თოფის ხმასაც შეაჩვიოთ). ადრეული სოციალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ძაღლი მიჩვეული უნდა იყოს ხალხის სიმრავლეს. კარგი იქნება თქვენთვისვე, თუ მიმართავს კინოლოგს. კურცჰაარი ასევე კარგად ითავსებს დარაჯი ძაღლის როლსაც.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჯიშის ძაღლებს ენერგია მოზღვავებულად აქვს, რეკომენდებულია კვირაში რამდენჯერმე მასთან ერთად სირბილი, ხშირი თამაში და ვარჯიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ ჰიპერ-აქტიურ ძაღლს, რომლის კონტროლიც ძალიან გაგიჭირდებათ და ასეთ დროს ვერავის დაადანაშაულებთ საკუთარი თავის გარდა.

მოციონის მნიშვნელობა

დამწყვდეული კურცჰაარი პატრონისადმი მიჯაჭვულობის მიუხედავად ყველანაირად ეცდება გაიქცეს, რათა შეძლოს ენერგიის დახარჯვა. სირბილი, ხანგრძლივი სეირნობა, ნადირობა, ველოსიპედით კატაობა, აქტივობების ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ცხოველში გაქცევის სურვილს გააქრობს.

გაითვალისწინეთ, რომ კურცჰაარი კარგი მონადირეა, მას მონადირის ინსტიქტები გენეტიკურად აქვს და პატრონთან ერთად თუ ვერ დაიკმაყოფილებს ამ ინსტიქტებს, იგი დაიწყებს მარტო ნადირობას და შესაძლოა სახლში მკვდარი კატა, თაგვი, მტრედი მოგიყვანოთ.

როდესაც ძაღლი ენერგიას ვერ ხარჯავს, როგორც წესი ის ხდება ხოლმე აგრესიული. ეს რა თქმა უნდა არ ეხებათ მხოლოდ კურცჰაარის ჯიშის ძაღლებს, თუმცა ჰიპერ-აქტიურ ძაღლებში აგრესიის გამოვლენა უფრო მოსალოდნელია. ამას გარდა მოციონის არ ქონა (ან შეზღუდული მოციონი) ხელს უწყობს სხვა და სხვა დაავადებების განვითარებას.

გარეგნული მახასიათებლების აღწერა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით:

თავი

სხეულის პროპორციულია, გრძელი, ქალა ფართოა და გამობურცული შუბლით. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოკვეთილია, დრუნჩი გრძელია, დასაშვებია კეხის ქონა, რომელიც ძირითადად ხვადებშია გამოკვეთილი. დრუნჩი შეუმჩნევლად ვიწროვდება ყავისფერი ცხვირის წვერისკენ. ტუჩები მსხვილია, ზედა ტუჩი ოდნავ ფარავს ქვედა ტუჩს და წარმოქმნის მცირე ზომის ნაკეცს პირის კუთხეებში, ყბები ძლიერია.

კბილები

თეთრი, მსხვილი, მჭრელები ერთ ხაზზე, თანკბილვა მაკრატლისებური. 4 წლის ასაკიდან დასაშვებია 2 კბილის ნაკლებობა (ან ზემოთა ან ქვემოთა) და პირდაპირი თანკბილვა, ოღონდ საბუთის არსებობით, რომელიც ამტკიცებს რომ ძაღლს მანამდე ჰქონდა მაკრატლისებური თანკბილვა.

თვალები

საშუალო ზომის, ირიბად ჩასმული, ნუშისებური ფორმის, მუქი თაფლისფერი. ქუთუთო მშრალი აკრული ყავისფერი კონტურით.

კისერი

საშუალო ზომის, 40 გრადუსიანი კუთხით არის მიდგმული სხეულზე. ძლიერი ქედით.

მინდაო

გამოკვეთილია.

ბეჭი

ბრტყელია და ირიბად არის მიდგმული სხეულზე.

ზურგი და წელი

კუნთოვანი, ფართო და მოკლე. წელი – ოდნავ ამოზნექილი.

გავა

მოგრძო და მომრგვალებული ფორმის, ზომიერი დაქანების.

კუდი

საშუალო ზომის, ხმლისებრი ფორმის, ზემოთ დასმული, კუპირდება საწყისი სიგრძის 1/2-ზე ან 2/3-ზე. ატარებს ზურგის დონეზე აწეულს.

გულ-მკერდი

ღრმა, ზომიერად ფართო, ოვალური კვეთის, ვიწროვდება მუცლისკენ, რომელიც აკრული აქვს.

წინა კიდურები

სწორი და პარალელური, იდაყვი მდებარეობს ზუსტად მინდაოს ქვეშ და მიმართულია უკან. მტევანი ოდნავ დახრილია და შედარებით თხელი და ძვალეული შეინიშნება წინა მხრის ძვალთან.

უკანა კიდურები

სწორი და პარალელური, შედარებით დაბალი, კარგად გამოკვეთილი სახსრის კუთხეებით, ტერფი ძლიერია და შეუმჩნევლად დახრილი

თათები

მრგვალი ან ოდნავ ოვალური, შეკრული თითებით, მსხვილი ბალიშებით, პიგმენტირებული ბრჭყალებით.

მოძრაობა

ძებნისას ახასიათებს მოკლე გალოპი, რომელიც გადადის მოკლე ჩორთში, ველზე მუშაობს პატრონიდან მოშორებით, ხოლო ტყეში პატრონის სიახლოვეს. (სხვადასხვა ცხოველებზე ნადირობს).

სიცოცხლის ხანგრძლივობა

საშუალოდ 12-14 წელი.

სიმაღლე

ხვადი: 62-66სმ, ძუ:58:64სმ.

შეფერილობა

ყავისფერი, ან თეთრი ყავისფერი ლაქებით.

ბეწვი

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკლე აქვთ, ამ ჯიშის ძაღლებსაც ახასიათებთ სეზონური ცვენა. სახლში ყოლის შემთხვევაში ძალიან რთული იქნება ჩამოცვენილი ბეწვის ავეჯიდან და ქსოვილებიდან მოშორება. ამიტომ ასეთ პერიოდში სასურველია დავარცხნოთ სპეციალური სავარცხლით და აბანაოთ საჭიროებიდან გამომდინარე.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები