fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ძაღლის და კატის კატარაქტა

Vetnet 19/12/20 ძაღლი, კატა, მოვლა

კატარაქტა არის თვალის ბროლის შემღვრევა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ბროლში წყლის ბალანსის დარღვევით, ან მასში ცილის შემცველობის ცვლილებით. დაავადება ხასიათდება მხედველობის დაქვეითებით მის სრულ დაკარგვამდე. შეიძლება განვითარდეს ცალ ან ორივე თვალში. დაავადება გვხვდება ძაღლების 2%-ში, ხოლო კატებში შედარებით ხშირად.

კატარაქტა არ უნდა აგვერიოს თვალის ბირთვის სკლეროზში, რომელსაც  ასევე ახასიათებს ბროლის შემღვრევა. ამ დაავადების დროსაც მკვრივდება ბროლი  და იცვლის ფერს, რაც გამოწვეულია ცხოველის დაბერებით. განსხვავება ამ ორ დაავადებას შორის არის ის, რომ თუ ცხოველს აქვს თვალის ბროლის სკლეროზი, მას მაინც აქვს მხედველობის უნარი.

სიმპტომები

კატარაქტა შეიძლება ვითარდებოდეს ძალიან ნელა ან ჩამოყალიბდეს ერთ ღამეშიც კი. ადრეულ სტადიაში თქვენ ვერანაირ ცვლილებას ვერ შეამჩნევთ ცხოველს, მაგრამ თუ კატარაქტა მალე ჩამოყალიბდა (როცა სრულიად დაბლოკავს სინათლის გადაცემას ბადურაზე) მაშინ ცხოველი ბრმავდება. როგორ გავიგოთ, თუ ძაღლს დაქვეითებული აქვს მხედველობა?

  1. იცვლება ირისის ფერი;
  2. ცხოველი ეჯახება ავეჯს და კედლებს;
  3. ვერ პოულობს წყალს და საჭმელს;
  4. შეიძლება დაგორდეს კიბეებზე.

კატებს კატარაქტის შემთხვევაში ახასიათებთ:

  1. ირისის ფერის ცვლილება;
  2. არასწორი ხტომა და მანძილის ვერ გაზომვა;
  3. ვერ ცნობს ოჯახის წევრებს;
  4. ეჯახება ავეჯს და კედლებს;
  5. ვერ აგნებს ტუალეტს;
  6. უცნაური კნავილი;
  7. სტრესი და შფოთვა.

მიუხედავად იმისა, რომ მხედველობის დაქვეითებისას ისინი ვერ იკვლევენ გზას გარემოში, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს მალევე შეუძლიათ ადაპტირება, თუ თქვენც შეუწყობთ ხელს. თუ კატარაქტა ძალიან ნელა განვითარდა, დიდი ალბათობით თქვენ ვერც შეამჩნევთ ცხოველის დაბრმავებას.

ხელის შეწყობაში იგულისხმება საჭმლის და წყლის ჯამების ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება, თავის შეკავება სახლში ავეჯის გადაადგილებისგან და ა.შ.

დიაგნოსტიკა

 

თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენი ცხოველი ვერ ხედავს, ან ზემოთ აღნიშნული სიმპტომები შეამჩნიეთ, აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტი, რომელიც ყურადღებით გასინჯავს თქვენს ცხოველს და შეუმოწმებს მხედველობას.

დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება კაშკაშა შუქი და გამადიდებელი ობიექტივი, რომლის მეშვეობითაც ვეტერინარს შეუძლია აღმოაჩინოს ჯერ კიდევ არაფორმულირებული კატარაქტა.

ვეტერინარი ასევე შეამოწმებს თქვენს ცხოველს თვალის სხვა დაავადებებზე, როგორიც არის წინა უვეიტი , გლაუკომა , რომელიც შეიძლება კატარაქტის დროს აღმოცენდეს. სისხლის ანალიზისა და არტერიული წნევის გასინჯვის შემდეგ ვეტერინარი დაადგენს აქვს თუ არა ცხოველს სისტემური დაავადებები, რომელსაც გავლენა აქვს მხედველობაზე მაგალითად: დიაბეტი ან ჰიპერტენზია ყველა ეს გამოკვლევა კი მოგცემთ საერთო სურათს თქვენი ცხოველის ჯანმრთელობასა და მის მხედველობაზე.

გამომწვევი მიზეზები

კატარაქტა ხშირ შემთხვევაში გადაეცემა მემკვიდრეობით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენური მუტაციები, ძაღლის რამდენიმე ჯიშში და კატებში, რაც ზრდის კატარაქტის გაჩენის რისკს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ჯიშის ძაღლებს ან კატებს აუცილებლად განუვითარდებათ ეს დაავადება.

კატარაქტის გამომწვევი მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის დიაბეტი. იმ ცხოველების უმეტესობას, რომელსაც დაუდგინდა დიაბეტი, ერთი წლის მანძილზე უვითარდებათ კატარაქტა. ეს გამოწვეულია სისხლში შაქრის მაღალი დონით, რომელიც ცვლის წყლის შემცველობას ბროლში, შედეგად კი ვითარდება კატარაქტა.

დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება ასევე იყოს სიბერე ან სხვადასხვა სახის ტრავმები თავის არეში.

მკურნალობა

არსებობს ქირურგიული მეთოდი, რომელიც ძალიან ეფექტურია როგორც ძაღლებში, ასევე კატებში, ცხენებში და თევზებშიც კი. ოპერაციის დროს ხდება შემღვრეული ბროლის მოშორება და მხედველობის აღდგენა. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც რომ, ქირურგიული ჩარევა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არაა. ქირურგმა უნდა შეაფასოს ცხოველის მდგომარეობა და განსაზღვროს რამდენად გამართლებულია ოპერაციის გაკეთება. გადაწყვეტილებაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიც არის: ცხოველის ასაკი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა, ქრონიკული დაავადებები, რა დროსაც ოპერაცია წარმოადგენს რისკს.

ოპერაციის გაკეთების შემდეგ ვეტერინარი დანიშნავს ანთების საწინააღმდეგო წვეთებს თვალისთვის. ასევე დაგჭირდებათ განმეორებითი მისვლა ვეტერინართან, რომ შეამოწმოთ მხედველობის მდგომარეობა.

თუ კატარაქტა აღმოჩენილ იქნება ადრეულ სტადიაში, ამ შემთხვევაში ვეტერინარი დაგინიშნავთ თვალის წვეთებს, რომელიც შეაფერხებს ამ პროცესის განვითარებას.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები