fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ძაღლის კვება - რეცეპტები

Vetnet 06/10/20 ძაღლი, კვება

წინა სტატიებში ჩვენ ვისაუბრეთ ძაღლის კვებაზე, მის როლზე ზრდა-განვითარებაში, ასევე, თუ როგორ გადავიყვანოთ ლეკვი დედის რძიდან მშრალ საკვებზე, ასევე ჩამოვთვალეთ სხვადასხვა აკრძალული პროდუქტი და ვისაუბრეთ თუ რა კრიტერიუმებით უნდა ავარჩიოთ მშრალი საკვები.

დღეს მთავარი თემა არის სახლის პირობებში საკვების მომზადება, რასაც საკმაოდ ბევრი ბენეფიტი აქვს, პირველ რიგში ის, რომ ამგვარად შეგიძლიათ აკონტროლოთ თუ რა საკვებ პროდუქტებს იღებს თქვენი ცხოველი, შესაბამისად დარწმუნებული იქნებით საკვების სიჯანსაღეში და აღარ გექნებათ იმის ეჭვი, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი არასასურველ საკვებ დანამატებს და ინგრედიენტებს იღებს.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი რთული საკონტროლოა და დროსთან არის დაკავშირებული. თქვენ მოგიწევთ განსაზღვროთ თუ რა ინგრედიენტები და რა რაოდენობით უნდა გამოიყენოთ, რათა სრულად უზრუნველყოთ ცხოველი მისთვის აუცილებელი ნუტრიენტები, მინერალები და ვიტამინები. ასეთი ტიპის კვება განსაკუთრებით სასარგებლოა ალერგიული და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ძაღლებისთვის. ძაღლის კვების ამ რეჟიმის არჩევის შემთხვევაში, გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ ვეტერინართან, რათა სწორად მოხდეს რაციონის და ულუფების შერჩევა.

სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალი

  1. მოხარშული ქათმის ან ინდაურის უცხიმო, კანგაცლილი და უძვლო ხორცი;
  2. საქონლის ხორცი ფარშის სახით ან კუბიკებად დაჭრილი, მხოლოდ მოხარშული;
  3. ღვიძლი, მომზადებული. გაითვალისწინეთ, რომ ღვიძლი ძალიან რთულადაა მოსანელებელი, ამიტომ ეს პროდუქტი უნდა გამოიყენოთ იშვიათად, მაქსიმუმ კვირაში ერთხელ;
  4. თევზი (ორაგული, თინუსი);
  5. მოხაშული მარცვლელი (ბრინჯი, ხორბალი, კუსკუსი, შვრიის ფაფა);
  6. მოხარშული კვერცხი;
  7. თითქმის ნებისმიერი ნედლი ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული (სტაფილო, მწვანე ლობიო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბარდა. (ხახვი და ნიორი არ შეიძლება!);
  8. სალათის ფოთოლი, ან სხვა ფოთლოვანი მწვანილი;
  9. მოხარშული კარტოფილი (უფრო ტკბილი კარტოფილი);
  10. არაქისი კარაქი (ორგანული უმჯობესია, რადგან კომერციული არაქისი შაქარს და ბევრ დანამატებს შეიცავს);
  11. რძის პროდუქტები მცირე რაოდენობით (რძე, ხაჭო, იოგურტი); ვინაიდან ლაქტოზა არც ისე კარგად მოქმედებს ძაღლებზე, უმჯობესია, თუ გამოიყენებთ თხის რძეს და 0%-იან ხაჭოს. მიუხედავად იმისა, რომ თხის რძეც შეიცავს ლაქტოზას, სხვადასხვა კვლევებმა ცხადყო, რომ ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში ადამიანებიც კი მოიხმარენ მას;
  12. ხილი (ვაშლი, მსხალი, ბანანი მაგრამ არა ყურძენი და ქიშმიში)

აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ძაღლის საკვების მოსამზადებლად, გაითვალისწინეთ, რომ არცერთ საკვებს არ უნდა დაუმატოთ მარილი ან წიწაკა:

რეცეპტი #1

რეცეპტი #1

ინგრედიენტები:

1.5 ჭიქა ყავისფერი (ან ჩვეულებრივი) ბრინჯი;

2 გახეხილი სტაფილო;

1 სადილის კოვზი ზეითუნის (ან ჩვეულებრივი) ზეთი;

1ც გახეხილი ყაბაყი;

დაახლოებით 1 კგ ინდაურის (ან ქათმის) ფარში;

0.5 ჭიქა ბარდის კონსერვი;

3 ჭიქა დაჭრილი ისპანახი;

მომზადების პროცესი:

  • დიდ ქვაბში მოათავსეთ 1.5 ჭიქა ბრინჯი და დაასხით 3 ჭიქა წყალი.
  • აიღეთ ცალკე ქვაბი, ჩაასხით მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ ინდაურის (ან ქათმის) ფარში და 3-5 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე დადგით, თან კარგად ურიეთ და დარწმუნდით, რომ ფარში კარგად არის განცალკევებული ერთმანეთისგან.
  • ფარშს დაუმატეთ ისპანახი, სტაფილო, ყაბაყი და ბრინჯი. ურიეთ სანამ ისპანახი არ დადნება (ჩაიხარშება). ეს ყველაფერი დაახლოებით 5-6 წუთს საჭიროებს.

დაელოდეთ, სანამ საკვები ოთახის ტემპერატურამდე არ გაგრილდება. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოკვებოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი უგემრიელესი საკვებით. დარჩენილი საკვები შეგიძლიათ გაყინოთ.

რეცეპტი #2

ინგრედიენტები:

  • 1 კგ საქონლის ფარში (დააკვირდით, რომ ფარში იყოს მხოლოდ საქონლის და არავითარ შემთხვევაში ღორის ხორცის);
  • 5 ჭიქა ყავისფერი (ან ჩვეულებრივი ბრინჯი);
  • 400-500 გრამი ლობიო;
  • 1.5 ჭიქა დაჭრილი გოგრა, ამდენივე სტაფილო და ბარდის კონსერვი;

მომზადების წესი:

  • მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთ ქვაბში, დაასხით ბლომად წყალი და დაბალ (ან საშუალო) ალზე ხარშეთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში და პერიოდულად მოურიეთ ხოლმე. დაელოდეთ სრულ გაგრილებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცით ძაღლს საკვები.

რეცეპტი #3

ინგრედიენტები:

  • 1 – 1,3 კგ საქონლის ხორცი (საქონლის ხორცის ნარჩენები, ბატკნის ხორცი, ინდაურის ხორცი) ;
  • ნახევარი ჭიქა ბრინჯი;
  • სტაფილო;
  • ყაბაყი;
  • გოგრა;
  • სალათის ფურცელი;
  • ზეითუნის ან ჩვეულებრივი ზეთი.

მომზადების წესი:

  • ადუღებულ წყალში მოათავსეთ ხორცი და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში (ამგვარად ხორცი იქნება ნახევრად მოხარშული, მასში არსებული ბაქტერიები და პარაზიტები აღარ იქნება თქვენი ცხოველისთვის საშიში). სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კარგად მოხარშოთ;
  • ცალკე ქვაბში მოხარშეთ ბრინჯი.

ხორცის ნახარში არ გადაღვაროთ. მოათავსეთ ის ცალკე ქილაში. შეინახეთ მაცივარში ბრინჯი, ხორცი და ბულიონი ცალ-ცალკე. უშუალოდ კვების წინ კი გადაურიეთ ხორცი და ბრინჯი ერთმანეთს და დაამატეთ რამდენიმე კოვზი ბულიონი (საკვები რომ ძალიან მშრალი არ გამოვიდეს)  დაჭერით ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული და მოაყარეთ საკვებს უმ ან მოხარშულ მდგომარეობაში.

 

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები