fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ძაღლის და კატის პირველადი გადაუდებელი დახმარება - ნაწილი I

Vetnet 12/10/20 ძაღლი, კატა, მკურნალობა

როგორც ადამიანები, ასევე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც აწყდებიან ისეთ პრობლემებს როგორიც არის: მოტეხილობა, დამწვრობა, ნაკბენები, მოწამლვა და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ ამ დროს და რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას მათ გადასარჩენად.

ამ სტატიაში ვეცდებით გავითვალისწინოთ ყველანაირი სახის დაზიანება და რეკომენდაციების სახით გაგაცნოთ, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, სანამ ცხოველს გადაიყვანთ ვეტერინარულ კლინიკაში.

ფუტკრის ნაკბენი

ფუტკრის ნაკბენი

ნებისმიერ ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენს შეიძლება მოჰყვეს უმნიშვნელო, ადგილობრივი რეაქცია (ტკივილი, შეშუპება, ქავილი) ან უფრო სერიოზული გართულებები(ალერგიული ფონი, სახის დასიება, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, ან კოლაფსიც კი). 

რა უნდა გააკეთოთ თუ გაქვთ ეჭვი რომ თქვენს ცხოველს უკბინა ფუტკარმა?

  • თუ იცით კონკრეტულად რა ადგილზეა ნაკბენი და ხედავთ ნესტარს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ საბანკო ბარათი, ან ფრჩხილი და ნაკბენის ადგილი მოფხიკეთ, მის ამოსაღებად. 
  • თუ შესაძლებელია, ნაკბენზე დაადეთ ყინული,  ან ცივი კომპრესი 2-3 წუთის განმავლობაში.
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვები სოდის და წყლის ნარევი, რომელსაც ექნება პასტის კონსისტენცია. ამან შეიძლება გაანეიტრალოს კბენის შედეგად ორგანიზმში მოხვედრილი შხამი.
  • დააკვირდით ცხოველს, თუ მას გამოუვლინდა ალერგიული ფონი, სახის დასიება, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, ან კოლაფსი, სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს. 

როგორ არ უნდა მოიქცეთ: 

  • არ გამოიყენოთ პინცეტი და არ მოუჭიროთ ნაკბენ ადგილს ხელი ნესტრის ამოსაღებად. მსგავსმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ჩარჩენა, რასაც უფრო მეტი შხამის გამოყოფა მოჰყვება; 
  • არ გამოიყენოთ ადამიანისთვის განკუთვნილი ტკივილგამაყუჩებლები, ისინი შეიძლება  მომწამვლელი იყოს კატისთვის.

გველის ნაკბენი:

კატა VS გველი

გველები განსაკუთრებით ხშირად გაზაფხულზე და ზაფხულში გვხვდება. თბილისში სარეკრეაციო ზონებში, ხოლო თბილისს გარეთ რამდენიმე რაიონი გამოირჩევა მათი სიუხვით. საბედნიეროდ საქართველოში შხამიანი გველები ძალიან მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ გვხვდება.

ნებისმიერ შემთხვევაში გველის ნაკბენი საყურადღებოა. პროგნოზი მთლიანად დამოკიდებულია გველის სახეობაზე, ცხოველის ზომაზე და კბენის ადგილზე. 

როგორ მოვიქცეთ:

  • დააფიქსირეთ ცხოველი, მაქსიმალურად შეუზღუდეთ მას მოძრაობის საშუალება, რათა არ მოხდეს ორგანიზმში შხამის გავრცელების დაჩქარება; 
  • აუცილებელია რომ ცხოველი ხელით მიიყვანოთ მანქანამდე, ასევე დაფიქსირებულ მდგომარეობაში და სასწრაფოდ გადავიყვანოთ ვეტერინართან თუ თან არ გვაქვს ანტიდოტი;

 

როგორ არ უნდა მოვიქცეთ:

  • არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დაზიანებული ადგილის ჩამოსაბანად სპირტის შემცველი სითხე. ასევე არ არის რეკომენდირებული ჟგუტის დადება ნაკბენის ზემოთ;
  • ნუ ეცდებით ბასრი დანით ან სხვა ნებისმიერი ნივთით, მის გაჭრას, ამით მხოლოდ გააუარესებთ მდგომარეობას;
  • ნუ მიადებთ ყინულს ნაკბენ ადგილს.

დამწვრობები

დამწვრობა

დამწვრობის გამომწვევი შეიძლება სხვადასხვა მიზეზი იყოს: ცეცხლი, ელექტრო გაყვანილობა, ქიმიური დამწვრობა და სხვა. ის შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე დაფიქსირდეს, მათ შორის, პირის ღრუში (განსაკუთრებით ხშირად პირის ღრუში გვხვდება ქიმიური და ელექტროენერგიის ზემოქმედებით მიღებული დამწვრობა).

დაზიანების ეს სახე ძალიან მტკივნეულია და განკურნებამდე ახასიათებს გაუარესება, რასაც დიდი ალბათობით მოყვება ინფექციის შეჭრა ორგანიზმში. მძიმე ფორმებს შეიძლება დასჭირდეს ინტენსიური მკურნალობა და რეკონსტრუქციული ოპერაციაც კი. 

როგორ მოვიქცეთ თუ ცხოველს აღენიშნება დამწვრობა?

  • თუ შეესწარით უშუალოდ დამწვრობის მიღების პროცესს, პირველ რიგში აუცილებელია დამწვრობის წყაროს ლიკვიდაცია (ცეცხლის ჩაქრობა, ელექტრო წყაროს გათიშვა…);
  • ფრთხილად მიუახლოვდით ცხოველს;
  • თერმული და ელექტროენერგიით მიღებული დამწვრობის შემთხვევაში გამოიყენეთ ცივი კომპრესები; 
  • ქიმიური დამწვრობისას, დამწვარი ადგილი ჩამობანეთ თბილი გამდინარე წყლით 15 წუთის განმავლობაში. 
  • თუ ქიმიური ნივთიერება თვალში მოხვდა ცხოველს, გამოსარეცხად გამოიყენეთ ფიზიოლოგიური ხსნარი;
  • აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს! 

მოტეხილობები

მოტეხილობა

არსებობს ღია და დახურული მოტეხილობები. ღია მოტეხილობის დროს დაზიანებულია რბილი ქსოვილები (კანი, ლორწოვანი გარსები, ან ორგანოები), ძვალი სხეულის ზედაპირზეა ამოსული, აღინიშნება სისხლდენაც. დახურული მოტეხილობის დროს ძვალი შეიძლება გატეხილი იყოს სრულად (სრულად იყოს პირები ერთანეთს დაშორებული), ან არასრულად (იგივე გაბზარვა). მოტეხილობას ახასიათებს ტკივილი, შეშუპება, კიდურების უმოძრაობა, დეფორმირებული ძვლები, დაზიანებული რბილი ქსოვილები, შეშუპება, ტემპერატურის მატება, უმადობა, კოჭლობა… 

როგორ უნდა მოვიქცეთ მოტეხილობის აღმოჩენის შემთხვევაში?

  • ფრთხილად მიუახლოვდით დაზიანებულ ცხოველს; 
  • ღია მოტეხილობის შემთხვევაში აკონტროლეთ სისხლდენა ისე, რომ უარესი შედეგი არ მიიღოთ. თუ ხვდებით რომ ვერ შეძლებთ ლახტის დადებას, ჯობია არ ეცადოთ;
  • ღია მოტეხილობას დააფარეთ სტერილური მარლა ან სუფთა ნაჭერი; 
  • ეცადეთ ცხოველმა რაც შეიძლება ნაკლებად იმოძრაოს;
  • რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ ცხოველი კლინიკაში, ამისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა კარდონის ყუთი ან სპეციალური კონტეინერი, ოღონდ თავ ახდილი. ტრანსპორტირებისას ეცადეთ, რომ მოტეხილი კიდური დაუჭიროთ რომ დატვირთვა არ ხდებოდეს იმ ადგილის. 

როგორ არ უნდა მოიქცეთ

  • არასდროს გადაუხვიოთ მოტეხილი ადგილი თქვენით. ამგვარად შეიძლება მიიღოთ დაზიანება თქვენ და უფრო გაურთულოთ მოტეხილობა ცხოველს; 
  • ვეტერინართან კონსულტაციის გარეშე არ დაამუშაოთ ჭრილობა. 
  • არ მისცეთ ადამიანის ტკივილგამაყუჩებელი კატას.

მოწამვლა 

მოწამვლა შეიძლება გამოწვეული იყოს მომწამლავი ნივთიერებების პირის ღრუში მოხვედრით, მათი შესუნთქვით ან კონტაქტით. მოწამვლის ხშირი მიზეზია სახლში არსებული ქიმიური ნივთიერებები (სარეცხი და საწმენდი საშუალებები) პარაზიტების საწინააღმდეგოდ გამოყენებული შხამ-ქიმიკატები, ტოქსიკური საკვები, მცენარეები, მედიკამენტები და სხვა. 

როგორ მოვიქცეთ?

  • დაუკავშირდით ვეტერინარს; 
  • ეცადეთ დააკვირდეთ რა რაოდენობით და კონკრეტულად რომელი ტოქსინი შეჭამა/შეისუნთქა ცხოველმა;
  • ვეტერინართან კონსულტაციის გარეშე, არ ეცადოთ იძულებით გამოიწვიოთ ღებინების რეფლექსი. თუ ეს საჭირო იქნება, ვეტერინარი აგიხსნით როგორ მოიქცეთ;
 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები