fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ძაღლის და კატის ენტერიტი

Vetnet 19/09/20 დაავადებები, პროფილაქტიკა

ენტერიტი ეწოდება ანთებით პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ნაწლავებში. ვირუსული ენტერიტი ძალიან სახიფათოა ცხოველებისთვის და მკურნალობის გარეშე სიკვდილიანობა 80-90%-მდე აღწევს. დაავადების გამომწვევი მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, თუმცა ამ სტატიაში ყველაზე გავრცელებულ – ვირუსულ ფორმაზე ვისაუბრებთ, რომელიც გვხვდება ყველა ჯიშის და ასაკის ძაღლებში და კატებში, დაავადების განვითარების განსაკუთრებით დიდი რისკია ცხოველებში 1 წლამდე.

ცხოველი შეიძლება დაავადდეს ფეკალურ მასებთან კონტაქტით, დაბინძურებული საკვების ჯამით, ან პირდაპირი კონტაქტით. ვირუსისთვის ხელსაყრელია ნებისმიერი არასტერილური გარემო, განსაკუთრებით ისეთი ადგილები, რომლებშიც ბევრი ცხოველი მოძრაობს. ამიტომაა რეკომენდებული ცხოველის ქუჩაში არ გაყვანა მის ვაქცინაციამდე.

არსებობს ვირუსული ენტერიტის ორი ყველაზე გავრცელებული ფორმა:

პარვოვირუსული ენტერიტი

პარვოვირუსული ენტერიტი ძაღლებში

ენტერიტის ეს ფორმა ძალიან სახიფათოა. ახასიათებს მაღალი სიკვდილიანობა და გავრცელების დიდი რისკი. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 4-დან 14 დღემდე მერყეობს. გასათვალისწინებელია, რომ პარვოვირუსის ორგანიზმიდან გამოყოფა ფეკალიების და ღებინების გზით კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 3 დღით ადრე იწყება და  გარემოში 1 წლამდე ცოცხლობს. ვირუსი ასევე რჩება ყველა იმ ნივთსა და საგანზე, რომელიც შეხებაში იყო დაავადებულ ცხოველთან.

როგორც წესი, კლინიკური ნიშნები ინდივიდუალურია, თუმცა ძირითადად პარვოვირუსული ენტერიტით დაავადებულ ცხოველებს ახასიათებთ ანორექსია, ენერგიის დეფიციტი, უმადობა, საერთო სისუსტე, დეპრესია, სპეციფიკური სუნის სისხლიანი ან ლორწოვანი დიარეა, ღებინება, დეჰიდრატაცია, მაღალი ტემპერატურა, გართულების სახით შეიძლება გამოვლინდეს გაუვალობა.

თუ დროულად არ მოხდა მკურნალობა, ცხოველი როგორც წესი სიმპტომების გამოვლენიდან 42-72 საათში კვდება.

კორონავირუსული ენტერიტი

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ საუბარი არ არის ახალ კოვიდ-19-ზე. ეს ვირუსი მოქმედებს საჭმლის მომნელებელ და არა რესპირატორულ სისტემაზე და იგი არ გადაეცემა ცხოველიდან ადამიანს.

დაავადების ამ ფორმის ინკუბაციური პერიოდია 1-4 დღე, ხოლო მიმდინარეობს 2-10 დღის განმავლობაში. იმის გამო რომ ორგანიზმი დასუსტებულია, მოსალოდნელია მეორადი ინფექციების განვითარება, რაც გაახანგრძლივებს დაავადების მიმდინარეობას. გამოჯანმრთელების შემდეგ ცხოველი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მაინც ატარებს ვირუსს და გამოყოფს მას გარემოში, თუმცა ამ დროს ის არ ავადდება.

კორონავირუსული ფორმა შედარებით მარტივად არის გამოხატული ზრდასრულ ცხოველებში, თუმცა, მოზარდ ასაკში (დაახლოებით 1 წლამდე) რთულად გადაიტანება. ძირითადი მახასიათებელი არის მოულოდნელი დიარეა, რასაც თან სდევს ენერგიის და მადის დაქვეითება. ამ დროს განავალი თხელია და აქვს ფორთოხლისფერი ელფერი. შეიძლება იყოს სისხლიანი ან ლორწოვანიც.  თუ ცხოველს ენტერიტის ორივე ფორმა (კორონავირუსული და პარვოვირუსული) შეხვდა, კლინიკური ნიშნები და ზოგადი მდგომარეობა გაცილებით რთული იქნება.

ძირითად შემთხვევებში ენტერიტის ამ ფორმას კატებში უსიმპტომო, ან მცირედ გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობა ახასიათებს და მკურნალობა საერთოდ არაა საჭირო. თუმცაღა შესაძლოა სიმპტომები მწვავედ იყოს გამოხატული, ან ღებინება და დიარეა გახანგრძლივდეს. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია და შესაბამისად დიდად არ განსხვავდება ძაღლის მკურნალობისგან.

შეჯამება

რატომ უნდა მივმართოთ ვეტერინარს?

ვინაიდან ენტერიტის მთავარი სიმპტომი ღებინება და დიარეაა, აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტირება, რადგან ეს სიმპტომები მრავალ სხვა დაავადებასაც ახასიათებს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია: მოწამვლა და ჭირის კუჭ-ნაწლავის ფორმა. ამიტომ სახლის პირობებში მკურნალობას ყოველთვის ჯობს დროულად მიმართოთ ექიმს, რათა შეირჩეს სწორი მკურნალობა.

ენტერიტის პრევენცია

რა თქმა უნდა პრევენცია არსებობს და ის ვაქცინაა, თუმცა 100%-იანი დამცველობა მას არ აქვს, რადგან არსებობს ვირუსების სხვადასხვა შტამი, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება კონკრეტული ვაქცინა ვერ მოქმედებდეს. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ კი ლეკვები და კნუტები არიან, რომლებსაც ჯერ სრულად არ აქვთ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული, რომ აცრების დასრულებამდე მოარიდოთ ძაღლი სხვა ცხოველებს და ხალხმრავალ ადგილებს. ამ და სხვა ინფორმაციებს ვაქცინებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიაში

მკურნალობა

როგორც წესი, მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას, ინფუზიებს, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ვიტამინებს, სპეციალურ შრატებს და იმუნიტეტის ასამაღლებელ პრეპარატებს.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები