fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ალერგია ძაღლებში

Vetnet 29/11/20 ჯიში, მოვლა

გსმენიათ ოდესმე რომ ძაღლებიც შეიძლება იყვნენ ალერგიულები? ვისაუბროთ თუ რაზე შეიძლება ქონდეს თქვენც ოთხფეხა მეგობარს ალერგია და რა სიმპტომების გამოწვევა შეუძლია ალერგიას.

ალერგიის ტიპები ძაღლებში

ალერგია ეს არის იმუნური სისტემის პასუხი უცხო ნივთიერებაზე. ძაღლებში გვხვდება ალერგიის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, კანის და საკვების, რაც ძალიან არაკომფორტულია, როგორც ცხოველისთვის, ისე მეპატრონისთვის, მაგრამ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი რომ, ალერგიის სიმპტომები შეიძლება დაფარული იყოს.

კანის ალერგია

კანის ალერგია, რომელსაც ალერგიულ  დერმატიტსაც უწოდებენ, ყველაზე გავრცელებული ალერგიული რეაქციაა ძაღლებში. ძირითადად გამოწვეულია:

  1. რწყილებით;
  2. საკვებით;
  3. გარემო გამღიზიანებელით.

ალერგია რწყილებზე

ზოგიერთ ძაღლს აქვს ალერგია რწყილების მიერ გამოყოფილ ნერწყვზე. რაც იწვევს საშინელ ქავილს. ამ დროს კანი შეიძლება გაწითლდეს, განვითარდეს ანთებითი პროცესი და კანი დაიფაროს ფუფხით.

ალერგია გარემო გამღიზიანებელზე

ამ კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი გამღიზიანებლები, როგორიცაა: მტვერი, ყვავილების მტვერი, ნესტი… მათ შეუძლიათ ცხოველში გამოიწვიოს ატიპიური ალერგიული რეაქციები, ან ატიპიური დერმატიტი. უმეტეს შემთხვევაში, ეს ალერგიები ატარებს სეზონურ ხასიათს ამიტომ, ალერგიის სიმპტომებიც შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ სეზონზე შენიშნოთ.  ამ დროსაც, როგორც საკვების ალერგიის შემთხვევაში, ქავილი შეიმჩნევა ყურების და თათების მიდამოში.

ნებისმიერი კანის ალერგიის დროს, იზრდება რისკი მეორადი ინფექციის გაჩენის, რადგან ცხოველი ამ დროს იფხანს, ილოკავს და ზოგჯერ იკაწრავს კანს, რასაც მოჰყვება კანის მთლიანობის დაზიანება და შესაძლოა განვითარდეს ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები.

ალერგია საკვებზე

საკვებზე ალერგია ცხოველის ორგანიზმში იწვევს იმუნურ პასუხს კონკრეტულ ალერგენზე. ცხოველს ალერგია შეიძლება ნებისმიერ საკვებზე ჰქონდეს, მათ შორის:

  • კვერცხი,
  • ხორბალი,
  • სოიო,
  • რძე,
  • ქათმის, საქონლის ან ცხვრის ხორცი.

იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება საკვებზე ალერგიამ გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. მსგავს ალერგიას იწვევს არაქისი ადამიანების შემთხვევაში.

ძაღლები, რომელთაც აქვთ ალერგია საკვებზე, აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები როგორიცაა:

  • დიარეა
  • ღებინება,
  • ქავილი,
  • უხარისხო ბეწვი,
  • ყურების და თათების ქრონიკული ინფექციები.
  • შეშუპებული მუხლები,
  • გაზების დაგროვება,
  • შებერილობა,
  • სახის შეშუპება,

განსხვავება საკვების ალერიასა და აუტანლობას შორის

როდესაც ცხოველის პატრონები აღნიშნავენ, რომ მათ ძაღლს აქვს საკვების ალერგია, ძირითადად ისინი გულისხმობენ, რომ მათ ცხოველს აქვს მომატებული მგრძნობელობა საკვების მიმართ.

საკვების მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ალერგია სიმპტომებით არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ახასიათებთ ერთნაირი გამოვლინება. განსხვავება ამ ორ მოვლენას შორის არის მოქმედების მექანიზმი.

ალერგია იწვევს ორგანიზმის იმუნური პასუხს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკვებში შემავალი კონკრეტული ალერგენის ზემოქმედებით, ორგანიზმი იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას.

ამ ყველაფერს სჭირდება დრო და რომელიმე ინგრედიენტზე ალერგიის არსებობის შემთხვევაში მისი მცირე დოზით მიღებაც კი გამოიწვევს რეაქციას.

საკვების აუტანლობა მომენტალური პროცესია, რომელშიც ორგანიზმის იმუნიტეტი ჩართული არაა. გამოწვეულია მომნელებელი სისტემის ფუნქციური ან მექანიკური პრობლემებით.

თუ თქვენს ძაღლს შეატყობთ ნებისმიერ სიმპტომს, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. მათი უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს, ან მიიღოს ქრონიკული ფორმა.

დიაგნოსტირებას სჭირდება კვირები და ხანდახან თვეებიც კი რათა მოხდეს იმის დადგენა, თქვენს ცხოველს ალერგია აქვს თუ აუტანლობა და კონკრეტულად რომელი ინგრედიენტი იწვევს პრობლემას.

მწვავე ალერგიული რეაქციები

ყველაზე საშიში არის მწვავე ალერგიული რეაქციები, რა დროსაც ცხოველს შეიძლება განუვითარდეს ანაფილაქსიური შოკი, ამ დროს თუ მაშინვე არ აღმოვუჩინეთ ცხოველს დახმარება, შეიძლება ყველაფერი ლეტალურად დასრულდეს.

ფუტკრის ნაკბენმა ან ვაქცინაციამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, როცა თქვენს ოთხფეხა მეგობარს უკეთებთ ახალ ვაქცინას, აძლევთ მედიკამენტს, ან თუნდაც მაშინ, როცა ყიდულობთ ახალ საკვებს. საბედნიეროდ ანაფილაქსიური შოკი ძალიან იშვიათია ძაღლებში.

ალერგიის სიმპტომები ძაღლებში

რა თქმა უნდა ალერგიულ სიმპტომები განსხვავდება მისი გამომწვევი მიზეზის მიხედვით, მაგრამ ზოგადი წარმოდგენისთვის თუ რა სიმპტომები შეიძლება ახლდეს ალერგიას:

  1. ქავილი;
  2. ჭინჭრის ციება;
  3. სახის, ყურების, ქუთუთოების, ტუჩების, ყურის ნიჟარების შეშუპება;
  4. წითელი და გაღიზიანებული კანი;
  5. დიარეა;
  6. ღებინება;
  7. ცემინება;
  8. ყურების ქავილი;
  9. ყურების ქრონიკული ინფექციები;
  10. თვალების ქავილი;
  11. მუდმივი ლოკვა დაზიანებული ადგილის;

ეს სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადებებსაც ახასიათებდეს, ამიტომ მიმართეთ ვეტერინარს ზუსტი დიაგნოზის დასასმელად, რომ თქვენც და თქვენმა ცხოველმაც უკეთ იგრძნოთ თავი.

დიაგნოსტირება

დიაგნოსტირება ალერგენზე შესაძლებელია ტესტის მეშვეობით, თუმცა ხანდახან მხოლოდ ტესტი საკმარისი არ არის და იმის გასაგებად, აქვს ცხოველს ალერგია თუ არა, საჭიროა დამატებითი კვლევები.

საკვებზე ალერგიის დიაგნოსტირება ძირითად ხდება გამორიცხვის გზით, რაც გულისხმობს ახალ საკვებზე გადასვლას, ან რომელიმე კომპონენტის შეცვლას ცხოველის რაციონში.

რწყილებზე ალერგია, როგორც წესი, ყველაზე მარტივი სადიაგნოსტიკოა, რადგან სიმპტომები თვალსაჩინოა და ძირითადად მკურნალობაც შემოიფარგლება ანტიპარაზიტული წამლის დასხმით, რომ დააკვირდეთ მუშაობს თუ არა ეს.

 

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები