fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ძაღლის შეჯვარება, მაკეობა, მშობიარობა

Vetnet 11/11/20 ჯიში, მოვლა

როდის უნდა შევაჯვაროთ ძაღლი?

ძუ ძაღლები სქესობრივად მომწიფებული საშუალოდ 9-10 თვის ასაკში ხდებიან. პატარა ჯიშის ძაღლებში ახურება პირველად უფრო ადრეც შეიძლება გამოვლინდეს და ზოგიერთ შემთხვევაში 5-6 თვის ასაკში ცხოველი უკვე სქესობრივად მომწიფებულია. ახურების პირველი გამოვლინება შეიძლება დაგვიანდეს კიდეც და პირველად 2 წლის ასაკში დაფიქსირდეს.

როგორც წესი, პირველი ახურება შეუმჩნეველია და არ ახასიათებს ორგანიზმის ის ცვლილებები, რაც სამომავლოდ ვლინდება ხოლმე. ამიტომ რეკომენდებულია, რომ ძაღლის შეჯვარება მოხდეს მეორე, ან მესამე ციკლის დროს.

როგორ მივხვდეთ, რომ ძაღლი ახურებულია?ძაღლის შეჯვარება

საშუალოდ ძაღლები წელიწადში ორჯერ ხურდებიან, თუმცა ეს მოვლენა ინდივიდუალურია. შესაძლოა ზოგი მათგანი წელიწადში ერთხელ ხურდებოდეს, ზოგი კი 4 თვეში ერთხელაც.

ახურების დროს ყველაზე თვალსაჩინო ნიშანია ვაგინალური სისხლდენა, რომელიც ვლინდება სქესობრივი ციკლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში.

დედალი ძაღლი ამ პერიოდში აქტიურად გამოხატავს მამრების მიმართ ინტერესს, თუმცა დიდი ალბათობით, ახლოს არ მიიკარებს მათ სქესობრივი ციკლის დაწყებიდან 7-10 დღემდე.

სქესობრივი ციკლი საშუალოდ 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდება. ათვლა იწყება სასქესო ორგანოს შეშუპებიდან.

ძაღლის შესაჯვარებლად იდეალური პერიოდი არის მეათე – მეთოთხმეტე დღე. ამ დროს გამონადენი აღარ არის ბლანტი და შეფერილობით მოვარდისფროა. სწორედ ამ პერიოდში ვლინდება ოვულაცია, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ოვულაცია უფრო ადრე ან გვიან იწყება.

როგორ უზრუნველვყოთ წარმატებული შეჯვარება?

ეს პროცესი მამრი ცხოველებისთვის გაცილებით დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. ისინი თავს ბევრად კომფორტულად საკუთარ გარემოში გრძნობენ, ამიტომ შესაჯვარებლად უმჯობესია მდედრი ცხოველი მიიყვანოთ მამრთან.

იმის გამო, რომ ოვულაციის პერიოდი ინდივიდუალურია და ზუსტი დღის განსაზღვრა რთულია, როგორც წესი, ცხოველებს 2-3-ჯერ აჯვარებენ 24-48 საათის ინტერვალებით. ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან ან კინოლოგთან.

რამდენი ხანი გრძელდება ორსულობა და რა განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას საჭიროებს ძაღლი ამ დროს?

ძაღლის მშობიარობა

წარმატებულ შეჯვარებას ბუნებრივია მოსდევს მაკეობა, რაც 58-68 დღე გრძელდება. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენს ოთხფეხა მეგობარს ვერაფერს შეამჩნევთ. არ შეიცვლება არც მისი ხასიათი, არც მუცელი გაეზრდება.

შესაძლოა მაკეობის 3-ე – 4-ე კვირას ძაღლმა თავი შედარებით სუსტად იგრძნოს და დაუქვეითდეს მადაც. ზოგ შემთხვევაში შეინიშნება პერიოდული ღებინება. ეს მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

შეჯვარებიდან მეორე – მესამე კვირას მიიყვანეთ თქვენი ცხოველი ვეტერინართან. ამგვარად თქვენ გეცოდინებათ არის თუ არა ის მაკედ. ექიმი გასცემს ყველა თქვენ შეკითხვას პასუხს. გასწავლით როგორ შეცვალოთ კვების რაციონი და ა.შ.

მოგვიანებით ძაღლს შეამჩნევთ შესიებულ სარძევე ჯირკვლებს. ეს დაახლოებით მაკეობის მეორმოცე დღეს ხდება.

მაკეობის ბოლო ორ კვირაში აუცილებელია კიდევ ერთი ვიზიტი ვეტერინართან. ის დიდი ალბათობით გადაუღებს რენტგენს თქვენს ძაღლს, რათა ზუსტად ნახოს თუ რამდენი ლეკვი უნდა დაიბადოს. ასევე რენტგენის მეშვეობით ვეტერინარი ამოწმებს მათ ზომებს.

თუ ლეკვები დიდები არიან და ექიმი მიიჩნევს, რომ მშობიარობა გართულდება, ის გირჩევთ საკეისრო მშობიარობას, რომელიც ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება როგორც დედა ძაღლისთვის, ისე ლეკვებისთვის.

მაკეობის ბოლო კვირას მათ ქცევაში შეიძლება შენიშნოთ მოუსვენრობა, ასევე შირად მოსწონთ განმარტოვება. ახასიათებთ მადის დაკარგვა რაც მანიშნებელია რომ 12-24 საათში დაეწყება ჭინთვები.

როგორ მოვემზადოთ მშობიარობისთვის?

პირველ რიგში, ძაღლს დასჭირდება ადგილი სადაც ის თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს. ამის უზრუნველსაყოფად თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ძაღლის საწოლი ან თავად დაუმზადოთ ის მუყაოს ყუთით და რბილი ქვეშსაგებით. გაითვალისწინეთ, საწოლი უნდა იყოს იმხელა, რომ მასში თავისუფლად დაეტიოს დედა მისი ლეკვებით.

კარგი იქნება თუ მშობიარობის დროს თქვენი ცხოველის გვერდით იქნებით. თუ შეამჩნევთ ნებისმიერი სახის გართულებას, აუცილებლად დაუკავშირდით ვეტერინარს.

იმისთვის, რომ უშუალოდ მშობიარობის პროცესის დროს არ მოგიწიოთ თავისუფალი ვეტერინარის ძებნა, უმჯობესია, თქვენს ვეტერინართან კონსულტაციების გავლა მშობიარობის დაწყებამდე 1 კვირით ადრე. შესაბამისად ის მზად იქნება მოულოდნელი ზარისთვის.

ერთ-ერთი ნიშანი იმისა რომ მშობიარობა ახლოვდება, არის ტემპერატურის ვარდნა 38,5 დან 37 გრადუსამდე.  აქედან 12-24 საათში იწყება მშობირობა. ამის შესამოწმებლად შეგიძიათ გამოიყენოთ რექტალური თერმომეტრი და გაუზომოთ ცხოველს სიცხე დღეში ორჯერ.

მშობიარობის პროცესი და ადამიანის როლი.

ძაღლის მშობიარობა ძირითად შემთხვევებში უპრობლემოდ მიმდინარეობს. მშობიარობა დაახლოებით 3 დან 18 საათამდე გრძელდება და მოიცავს 3 ეტაპს.

პირველი ეტაპი

  1. საშვილოსნოს ყელი და საშვილოსნო ემზადება მშობიარობისთვის, რაც გამოიხატება მცირედი შეკუმშვებით. ეს პროცესი შეიძლება ადამიანისთვის შეუმჩნეველიც იყოს.
  2. ამ ეტაპის დროს ძაღლი აღელვებულია, შესაძლოა მძიმედ სუთქავდეს და კანკალებდეს, მაგრამ ეს ნორმალურია მშობირობისთვის ამიტომ ნუ აღელდებით ამის გამო.

მეორე ეტაპი

მეორე ეტაპი მოიცავს ლეკვების დაბადებას. პროცესი გრძელდება 3 დან 18 საათამდე, თუმცა შეიძლება გაიწელოს 24 საათამდეც.

თქვენ შეამჩნევთ ძლიერ ჭინთვებს, რასაც მოსდევს გამჭირვალე სითხე ვულვიდან. ამის შემდეგ 20-30 წუთში ჩნდება პირველი ლეკვი. როგორც წესი, მშობიარობებს შორის ინტერვალი 20 წუთია, მაგრამ ინტერვალის დროს ძაღლმა შეიძლება შეისვენოს 2 საათამდეც კი. ამ დროს ის შეიძლება ადგეს, დალიოს წყალი ან საკვებიც კი მიირთვას. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ყოველი შემთხვევისთვის საკვებიც და წყალიც ახლოს ექნება, რათა შორს არ მოუწიოს წასვლა.  თუ 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა შესვენება, უმჯობესი იქნება თუ მიმართავთ ვეტერინარს.

მომწვანო/მოყავისფრო გამონადენი მიუთითებს პლაცენტის გამოყოფას. ამგვარი გამონადენის შემდეგ, როგორც წესი, ლეკვი დაიბადება 2-4 საათში. ძაღლები როგორც წესი, პლაცენტას ჭამენ. ამიტომ აკონტროლეთ მათი რაოდენობა და შეადარეთ ის ლეკვების რაოდენობას. თუ ასე არ მოხდა, ამ შემთხვევაშიც მიმართეთ ვეტერინარს.

ლეკვის მოვლასა და კვებაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ სტატიაში

კატის მაკეობა და მშობიარობა

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები