fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

რა უნდა ვიცოდეთ ცხოველის აყვანამდე

Vetnet 14/01/21 ჯიში, მოვლა

ბევრისთვის სახლში ოთხფეხა მეგობრის მიყვანის მთავარი მოტივი საყვარელი არსების ყოლაა, რომელსაც მოეფერება და საკვებს აჭმევს ხოლმე. რა თქმა უნდა, ცხოველის ყოლა ასე მარტივი არ არის. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია იზრუნოს თავისი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობაზე, კომფორტზე და ზოგადად სრულფასოვან სიცოცხლეზე. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან, საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლასთან, ცოტა ნერვებთანაც და რაც მთავარია, მოთმინებასთან.

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, ლეკვის აყვანის შემთხვევაში მოგიწევთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ ის მოისაქმებს სახლში, დიდი ალბათობით სხვადასხვა ადგილას და ეს ყველაფერი 4-6 თვემდე გაგრძელდება. ეს არაფერ კავშირში არაა მის ინტელექტუალურ მონაცემებთან. ძაღლს ადრეულ ასაკში უბრალოდ არ შეუძლია შეიკავოს შარდი ან ფეკალიები. კატები როგორც წესი მათთვის განკუთვნილ ტუალეტს მარტივად ეჩვევიან და ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას ისაქმებენ.

განვიხილოთ დეტალურად თუ რა უნდა ვიცოდეთ ცხოველის აყვანამდე

კვება

დავიწყოთ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის აუცილებელი კომპონენტით. ჩვენ ამ თემას უკვე არაერთი სტატია მივუძღვენით. ძაღლის გამოკვება არც ისე იაფი ჯდება. მინიმუმ 1 წლამდე ცხოველი სასურველია მაღალი ხარისხის საკვებზე გყავდეთ, ვინაიდან საკვები არა მხოლოდ სიცოცხლის შესანარჩუნებლად, არამედ ზრდა-განვითარებისთვის და ორგანიზმის ჩამოყალიბებისთვისაა აუცილებელი.

მაღალი ხარისხის საკვები შეიცავს ყველა იმ ვიტამინს, მინერალს და ნუტრიენტს, რომელიც ცხოველის ორგანიზმს კონკრეტულ ასაკში სჭირდება. ბრენდების სიუხვეს საქართველოში ნამდვილად არ ვუჩივით და მაღალი ხარისხის საკვების მწარმოებელს კონკრეტული ჯიშისთვის შესაფერისი საკვებიც კი აქვს წარმოდგენილი, აღარაფერს ვამბობთ საკვებზე, რომელიც დიფერენცირებულია ასაკის, ზომის და წონის მიხედვით.

დასაშვებია, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი სახლში მომზადებული საკვებითაც გამოკვებოთ. ამას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, თუმცა ხარჯებთან ერთად კვების ასეთი ტიპის არჩევის შემთხვევაში დაგჭირდებათ დამატებით დროც.

იხილეთ სტატია, სადაც ვრცლად გვაქვს აღწერილი, რომელი პროდუქტის მიცემა იკრძალება ძაღლისთვის.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ სტატია კატის კვების ტიპების შესახებ.

პროფილაქტიკური ღონისძიებები

ლეკვის აყვანის შემდეგ (მიუხედავად იმისა, იპოვეთ ის ქუჩაში თუ შეიძინეთ რომელიმე კლუბიდან) აუცილებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, რომელიც მოიცავს ჭიაზე დამუშავებას, 3 კომპლექსურ და 1 ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, ასევე გარეგან პარაზიტებზე დამუშავებას. ეს პროცედურები ერთჯერადი არ არის.

ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია და გარეგან პარაზიტებზე დამუშავება ძაღლს ცხოვრების ბოლომდე სჭირდება, თითოეულ ამ პროცედურას შორის ინტერვალი განსხვავებულია. ამაზე შეგიძლიათ ვრცლად მიიღოთ ინფორმაცია ამ სტატიიდან

ვაქცინაცია აუცილებელია კატებითსვისაც, თუმცა კატებში ვაქცინაციის რაოდენობა და ინტერვალი სხვანაირია.

მოციონი

მოციონის პირდაპირი განმარტება ასე ჟღერს – სიარული, სეირნობა, ჯანმრთელობის განსამტკიცებლად ან დასვენების მიზნით. მოციონის არ ქონის შემთხვევაში ძაღლს უვითარდება სახსრების პრობლემა, შეიძლება გავითარდეს ჭარბწონიანობა, ძაღლი ხდება დასტრესილი, ასოციალური, აქვს ენერგიის მოზღვავება, რომელიც შემდეგ ვლინდება აგრესიით ან მავნებლობით.

აუცილებელია ცხოველისთვის სივრცის მიცემა და მისთვის თავისუფლად სეირნობის, სირბილის და თამაშის უზრუნველყოფა. ქალაქში რემენით ასფალტზე სეირნობა საკმარისი არ არის და სასურველია კვირაში ერთხელ მაინც გააბედნიეროთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი, წაიყვანოთ ის ლისზე, დიღმის ტყეში, კუს ტბაზე, იპოდრომზე… სადაც ცხოველების რემენის გარეშე ტარება დასაშვებია და სადაც ის შეძლებს ენერგიის დახარჯვას.

კატებს როგორც წესი, მოციონი ნაკლებად სჭირდებათ. ზოგიერთი ჯიში ცნობილია იმით, რომ სახლიდან გასვლაც კი არ უყვართ, თუმცა თუ თქვენს კატას აქვს გარეთ გასვლის მოთხოვნილება, არ შეიძლება მისი სახლში გამოკეტვა. არ გსურთ, რომ ის მარტო გაუშვათ გარეთ? შეგიძლიათ კნუტობიდან მიაჩვიოთ საბელს და ისე ასეირნოთ ქუჩაში.

ბეწვი

ძაღლი, კატა, ზღვის გოჭი, ადამიანი… ყველას ცვივა თმა/ბეწვი. რაც უფრო დიდია ბეწვოვანი საფარველი, მით მეტია ჩამოცვენილი თმაც. ამასთან, ზოგ ძაღლებს აქვთ ორშრიანი ბეწვოვანი საფარველი, ერთი შედარებით გრძელი და უხეშია და ზედაპირზე მდებარეობს ხოლო მეორე, ფაფუკი და მოკლეა, მისი საშუალებით ძაღლი თბება. თქვენი ოთხფეხა მეგობარი წელიწადში მინიმუმ ორჯერ გამოიცვლის ბეწვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წლის სხვა პერიოდში სახლში სრული სისუფთავე გექნებათ. წინასწარ შეეგუეთ, რომ ცხოველის სახლში ყოლას თან ახლავს ავეჯზე და იატაკზე მუდმივად გარკვეული რაოდენობის ბეწვი და ამას ვერცერთი ვიტამინი ვერ უშველის.

ბეწვის პრობლემა კატების შემთხვევაშიც გექნებათ. კატებს უფრო მჩატე ბეწვი აქვთ, შესაბამისად მისი უმრავლესობა იქნება არა იატაკზე, არამედ ავეჯზე და ტანსაცმელზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ცხოველის სახლში ყოლას ყოველთვის ახლავს ეს პრობლემა, არსებობს სპეციალური საწმენდი მოწყობილობა, რომელსაც წებოვანი ზედაპირი აქვს და მარტივად აშორებს ბეწვს რბილი ზედაპირებიდან. ხშირად მოგიწევთ მტვერსასრუტის გამოყენებაც.

დაავადებები

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ცხოველი იქნება ვაქცინირებული, გარეგან და შინაგან პარაზიტებზე დამუშავებული, ექნება იდეალური კვება და მოციონი, მას მაინც შეიძლება დაემართოს სხვადასხვა დაავადება. მსგავსი პირობების მქონე ცხოველებში ვირუსული და ინფექციური დაავადებები უფრო იშვიათად გვხვდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი ცუდად იქნება, ეცადეთ თავი შეიკავოთ საკუთარი გამოცდილებით მკურნალობისგან და აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს, კომპეტენტური და ზუსტი დიაგნოზის დასასმელად და შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად.

დაავადებები კატებში შედარებით იშვიათად გვხვდება, თუმცა ყურადღების მიქცევა რა თქმა უნდა მათაც სჭირდებათ.

ვეტნეტი გირჩევთ

ატარეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ვეტერინართან მინიმუმ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე, რადგან არსებობს უამრავი დაფარული პრობლემები, რომელსაც პატრონი ვერ ამჩნევს ხოლმე.

გრუმინგი

გრუმინგი ნიშნავს ცხოველის ჰიგიენურ და ვიზუალურ მხარეზე ზრუნვას, რაც აუცილებელია ნებისმიერი ჯიშის და ასაკის ცხოველისთვის. მასში შედის შემდეგი პროცედურები:

ბეწვის დავარცხნა

ეს პროცედურა შედარებით შეგიმსუბუქებთ ბეწვის ცვენის პერიოდს, რადგან დავარცხნის შედეგად ბეწვის უმეტესი ნაწილი ჩამოშორებული ექნება ცხოველს. ამ პროცედურისთვის გამოიყენება სხვადასხვაგვარი სპეციალური სავარცხელი, რომელიც გათვლილია კონკრეტული ტიპის ბეწვზე.

ბანაობა.

ძაღლის ხშირი დაბანა არ შეიძლება. ზედმეტად ხშირი ბანაობა გამოიწვევს კანის გამოშრობას და შედეგად მიიღებთ ქერტლს. კანის გამოშრობამ შეიძლება სხვა, უფრო სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს, მაგალითად – კანის დასკდომა, წყლულების წარმოქმნა და ა.შ.

რეკომენდებულია ძაღლის ბანაობა 1 თვის ინტერვალით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ინტერვალის დარღვევა დასაშვებია. კატებს ბანაობა კიდევ უფრო იშვიათად სჭირდებათ. ისინი სისუფთავის მოყვარულები არიან და საკუთარ თავს ძალიან კარგად ისუფთავებენ.

კლანჭები

როგორც წესი, თუ ცხოველს აქვს საკმარისი მოციონი სხვადასხვა ზედაპირებზე (ასფალტი, ტყე, ხრეში), კლანჭების დაჭრა საჭირო არ არის. მაგრამ თუ ატყობთ, რომ თქვენს ოთხფეხა მეგობარს კლანჭები ეზრდება და მისი მოცვეთა ვერ ხდება, აუცილებელია მათი დამოკლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მისი ჩაბრუნება, რაც გამოიწვევს ტკივილს და სიარულის პრობლემებს.

არ შეიძლება კატისთვის კლანჭების დაჭრა თუ ის თავისუფლად გადის გარეთ. კლანჭები კატას სჭირდება არა მხოლოდ თავდაცვისთვის, არამედ მოსაჭიდებლადაც. ქუჩაში საშიშოროების შემთხვევაში თქვენი ოთხფეხა მეგობარი ეცდება აძვრეს ხეზე, ან ისეთ ადგილას, სადაც ძაღლს და ადამიანს გაუჭირდებათ მისვლა, ამიტომ კლანჭები აუცილებელია, რომ მან შეძლოს მსგავს ზედაპირზე კარგად მოჭიდება.

გრუმინგის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ კატებსაც და ძაღლებსაც აქვთ სისხლძარღვები კლანჭებში და მხოლოდ გარკვეულ დონეზე შეიძლება მოჭრა. ამიტომ, უმჯობესია ეს პროცედურა ჩაატაროს ვეტერინარმა, რომელიც თქვენი სურვილის შემთხვევაში გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ იგივე სახლის პირობებში.

წვრთნა და სოციალიზაცია

გირჩევთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ადრეულ ასაკშივე ასწავლოთ ისეთი საბაზისო ბრძანებები, როგორიცაა დალოდება, თქვენთან მოსვლა და სხვა. სამომავლოდ დიდ დისკომფორტს შეგიქმნით ისეთი ცხოველის ყოლა, რომელიც თქვენს დაძახილზე არ მოდის, განსაკუთრებით თუ დიდი ზომის ძაღლი გყავთ.

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ადრეული სოციალიზაცია, რაც ნიშნავს ცხოველის შეგუებას გარემო პირობებთან. უმჯობესია, თუ ძაღლი ლეკვობიდან შეეგუება ქუჩაში სეირნობას მანქანების ხმაურის ფონზე. ასევე კარგი იქნება, თუ ცხოველი ადრეულ ასაკშივე მიეჩვევა ხალხმრავლობას (ქუჩას, ან სახლში სტუმრებს), სხვადასხვა ხმაურს, როგორიცაა მუსიკა, მანქანის ხმაური, ფოიერვერკი და ა.შ. მომავალში, როცა ძაღლი ზრდასრული იქნება და ამ გარემოებებთან პირველად მოუწევს შეჯახება, მისთვის დიდი სტრესი იქნება და დაფრთხება.

სასურველია ლეკვი და კნუტი ადრეული ასაკიდან მიაჩვიოთ სხვა ცხოველებთან კონტაქტსაც (მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ). ამგვარად თუ სამომავლოდ სურვილი გექნებათ, რომ კიდევ ერთი ცხოველი მიიყვანოთ სახლში, თქვენს ოთხფეხა მეგობარს არ ექნება პრობლემა.

სტერილიზაცია/კასტრაცია

ჩვენ ვისაუბრეთ ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიკროორგანიზმებით, არასწორი მოვლით, პარაზიტებით, თუმცა არსებობს ერთი ძალიან დიდი და სამწუხაროდ საკმაოდ ხშირი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც უკავშირდება რეპროდუქციულ სისტემას.

ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირად მდედრ ცხოველებში გვხვდება. იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მოხდება ცხოველის შეჯვარება და განაყოფიერება, არსებობს საკმაოდ დიდი რისკი, რომ მას განუვითარდება შემდეგი დაავადებები:

  • საშვილოსნოს და საკვერცხეების სიმსივნეები;
  • პიომეტრა;
  • ცრუ ორსულობა;
  • სარძევე ჯირკვლების სიმსივნე;

სტერილიზაციის საშუალებით ამ დაავადებებს მთლიანად ან მაღალი ალბათობით აირიდებთ თავიდან. სხვა ალტერნატივაა პერიოდული შეჯვარება და განაყოფიერება. თუმცა სისტემატური და ხშირი განაყოფიერება ცხოველის ორგანიზმს ფიტავს, ამიტომ ინტერვალების დაცვა აუცილებელია.

რეპროდუქციული სისტემის პრობლემების გარდა, შეუჯვარებლობა მამრ ცხოველებში ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს. სექსუალური ლტოლვის დაუკმაყოფილებლობის გამო ცხოველი შეიძლება გახდეს აგრესიული, ან მავნე, რადგან მოზღვავებულ ენერგიას ვერ ხარჯავს ისე, როგორც მას სურს. მამრებში გვხვდება შემდეგი დაავადებები.

  • შარდით ტერიტორიის მონიშვნა;
  • სათესლე ჯირკვლების სიმსივნე;

ვრცლად ამ თემის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სტატიაში

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები