fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

სიამის კატა

Vetnet 17/10/20 კატა, დახასიათება, ჯიში

კატის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიში ცნობილია მეცხრამეტე საუკუნიდან. ისინი ძალიან პოპულარული იყვნენ სიამის მეფის კარზე და სრული თავისუფლება ჰქონდათ სასახლეში. მათ მეფის ტახტზე წოლასაც კი არავინ უშლიდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, შესაძლოა სიამის კატა გაცილებით ადრე, 1700 წელსაც შეენიშნა ერთ გერმანელ მეცნიერს. პირველად კატის ეს ჯიში ევროპაში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ინგლისში გაჩნდა.

ხასიათი

სიამის კატები არა მხოლოდ ლამაზი და ელეგანტურები, არამედ ძალიან ჭკვიანებიც არიან. მათი გაწვრთნა შედარებით მარტივია. ისინი ადვილად ეჩვევიან პატრონთან ერთად საბელით სეირნობას. მისი მაღალგანვითარებული ინტელექტი არ ნიშნავს, რომ ადამიანი ნებისმიერ რამეს ასწავლის კატას. სიამის კატა თავის ინტელექტს საკუთარი ინტერესების და სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებს.

გასათვალისწინებელი ფაქტორები

ისინი საშუალო ზომის კატები არიან, თუმცა აქვთ გრძელი ტანი და მიდრეკილები არიან სიმსუქნისკენ. თუნდაც ერთ დღეს ცოტა მეტი საკვები რომ მისცეთ, მალევე შეამჩნევთ გადიდებულ მუცელს. ამიტომ უმჯობესია, თუ ამ ჯიშის კატები საათობრივ კვებაზე გეყოლებათ.

ისტორიულად სიამის კატა მიჩვეულია თავისუფლებას და ხალხმრავლობას. მათ უყვართ სიმაღლეებზე ძრომიალი და სათამაშოებით თამაში. მარტივად ხდებიან პატრონზე მიჯაჭვულები, უყვართ მოფერება.

ჯანმრთელობა

ზოგი კვლევის მიხედვით, ამ ჯიშის კატები 10 – 12.5 წელი ცოცხლობენ, ინგლისის ვეტერინარული კლინიკების მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 14.5-ია.

არსებობს გამონაკლისებიც. ყველაზე მოხუცი სიამის კატა 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. ისინი მიდრეკილნი არიან კუჭ-ნაწლავის პრობლემებისკენ, თუმცა შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები ამ ჯიშში ნაკლებად გვხვდება.

გარეგნული მახასიათებლები

სიამის კატის ორი ვარიაცია არსებობს. ტრადიციული და თანამედროვე. ინტენსიური სელექციის შედეგად თანამედროვე სიამი ბევრად უფრო გრძელი ტანით, შედარებით წვრილი და ძალიან გრძელი ფეხებით, ძალიან ვიწრო კუდით და სოლისებრი თავის ფორმით ხასიათდება.

დღეს დღეისობით თანამედროვე სიამია პოპულარული, ხოლო ტრადიციული მახასიათებლების მქონე ინდივიდები იშვიათად გვხვდება. ორი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრადიციული სიამის ჯიშის წარმომადგენლებს არ აქვთ ნიშნები ისეთი ექსტრემალური ფორმით გამოკვეთილი (სხეულის სიგრძე, ვიწრო კუდი, მაღალი და წვრილი ფეხები), როგორც თანამედროვე ჯიშებს.

მამრი კატების წონა 3,5-დან 5,5 კილომდე, ხოლო დედალი კატების 3,5კგ მდეა.

აქვთ წაგრძელებული სხეული და სამკუთხედი ფორმის თავი. თვალები ნუშის ფორმის და ცისფერი აქვთ, ხოლო ყურები – დიდი, ისინი ერთმანეთთან ახლოსაა დასმული. სიამის კატებს აქვთ გრძელი, მოხდენილი კისერი. ბეწვი მოკლე და მბზინვარე. არ აქვთ თივთიკი.

ამ ჯიშის კატები დაბადებისას არიან სრულიად კრემისფერები ან თეთრები, თუმცა რამდენიმე თვეში უყალიბდებათ მუქი ლაქები კიდურებზე, სახეზე და ყურებზე. ლაქების გამოკვეთა როგორც წესი 4 კვირიდან იწყება.

შეფერილობა

სიამის კატები გვხვდება შემდეგი შეფერილობებით:

მუქი ლაქებით

სიამის ყველაზე გავრცელებული შეფერილობაა. ამ შეფერვის კატებს აქვთ კრემისფერი ბეწვი, რომელზეც სახის, კიდურების და კუდის უბნებში გვხვდება გამოკვეთილი, მუქი ყავისფერი ლაქები.

ყავისფერი ლაქებით

ახასიათებთ სპილოს ძვლის ფერი ბეწვი ღია შოკოლადისფერი ლაქებით.

ცისფერი (ნაცრისფერი) ლაქებით

ცივი თეთრი ბეწვი და ნაცრისფერი ლაქები

იასამნისფერი ლაქები

თეთრი ბეწვი მოვარდისფრო, ცისფერი ლაქებით.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები