fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

კატის და კნუტის კვება

Vetnet 17/09/20 კატა, კვება

როგორ გამოვკვებოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი? ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა ამასთან დაკავშირებით. რამდენჯერ ვაჭამოთ დღეში? იქნებ თავისუფალ კვებაზე გვყავდეს? როგორ შევარჩიოთ საკვები და ულუფები? მოდით განვიხილოთ კატის და კნუტის კვების სხვა და სხვა მეთოდები და ვისაუბროთ მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.

საათობრივი კვება

ცხოველს საკვები ეძლევა დღის განსაზღვრულ მონაკვეთებში, ყოველთვის ერთსა და იმავე დროს.

ასეთი კვების რეჟიმის დადებითი მხარე: როცა ცხოველი ერთი და იგივე დროს იკვებება, მარტივად შესამჩნევია შეეცვალა თუ არა მას მადა (რაც ხშირად ხდება სხვა და სხვა დაავადებების დროს). ასევე თუ სახლში ორი ან მეტი კატა გყავთ, თქვენ მარტივად შეძლებთ იმის გაკონტროლებას, რომ ყველამ მიიღო თავისი პორცია საკვები, სხვა შემთხვევაში ყოველთვის დომინირებს ერთი, რაც გვაძლევ შემდეგ სურათს – ერთი კატა იღებს იმაზე მეტს, ვიდრე სჭირდება და იმატებს წონაში, ხოლო მეორე ვერ იღებს საჭირო საკვებ მინერალებს, რაც გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს.

უარყოფითი მხარე: კატამ შეიძლება საკვების მიღებებს შორის შუალედშიც მოგთხოვოთ საკვები, რადგან მიღებული საკვები არ იყოს მისთვის საკმარისი. თუმცაღა, თუ თქვენ მიყვებით ვეტერინარის რჩევას და იმ დოზით აძლევთ საკვებს, რაც მისი ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საკმარისია, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ ამაზე.

თუ კვების ამ რეჟიმს მივყვებით, ერთ წლამდე კატების გამოკვება შეგვიძლია დღეში სამჯერ, ხოლო შემდეგ გადაგყავთ ჯერ ორჯერად, ხოლო საბოლოოდ – ერთჯერად კვებაზე, ამისთვის ხელს უნდა გვიწყობდეს ცხოველის ჯანმრთელობა, უნდა დავრწმუნდეთ რომ მას არ აქვს მომატებული ან დაქვეითებული მადა, რაიმე სახის დაავადება ან კბილების პრობლემა.

თუ სახლში რამდენიმე კატა გვყავს, აუცილებელია ყველას ცალ-ცალკე ქონდეს საკუთარი საკვები ჯამი, სადაც მშვიდად მიირთმევენ განკუთვნილ საჭმელს. კატები მარტოობის მოყვარულები არიან, ამიტომ ურჩევნიათ მარტო დარჩნენ კვების დროს.

თავისუფალი კვება

 თუ თქვენ არ გაქვთ იმის დრო, რომ თქვენი პატარა მეგობარი დღის ერთი და იგივე მონაკვეთში კვებოთ, ეს თქვენთვის შესაფერისია. კვების ეს მეთოდი გულისხმობს ცხოველისთვის დღის ნებისმიერ მონაკვეთში საკვებთან თავისუფალ წვდომას.

გავითვალისწინოთ რომ საუბარია მხოლოდ მშრალ საკვებზე, რადგან სველი საკვების დატოვება მთელი დღის განმავლობაში საზიანო იქნება თქვენი ცხოველის ჯანმრთელობისთვის.  თუ ატყობთ რომ ცხოველი ორი დღის განმავლობაშიც ვერ უმკლავდება თქვენს მიერ მიცემულ პორციას, ამ შემთხვევაში სასურველია საკვების გადაყრა, რადგან მშრალი საკვებიც დროთა განმავლობაში ფუჭდება, ხოლო ცხოველმა უნდა იკვებოს მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტით.

დადებითი მხარეები: თქვენს ცხოველს შეუძლია მთელი დღის განმავლობაში იკვებოს ცოტ-ცოტა და თვითონ გადაანაწილოს ის სურვილისებრ.

უარყოფითი მხარე: ასეთი კვების რეჟიმმა შეიძლება ცხოველი გაასუქოს, ასევე რთული შესამჩნევი იქნება მისი მადა გაუმჯობესებულია, თუ პირიქით გაუარესებული. თუ რამდენიმე კატა გყავთ ,ამ შემთხვევაშიც რთული აღსაქმელია ვინ რამდენი პორცია მიირთვა.

მიუხედავად იმისა რომ, ასეთი კვების რეჟიმმა შეიძლება ცხოველი გაასუქოს, ამ პრობლემის გადაჭრაც შესაძლებელია.  თუ დღის ბოლოს კატის ჯამი უკვე ცარიელია, ნუ მისცემთ მას დამატებით მეორე დღემდე, ეს დაეხმარება ცხოველს რომ უკეთ გადაანაწილოს მისი საკვები მთელ დღეზე.

კომბინირებული კვება

კომბინირებული კვების დროს ხდება ცხოველის გამოკვება როგორც სველი ასევე მშრალი საკვებით. მაგალითად  ცხოველს დღეში ორჯერ ვაძლევთ მათ საყვარელ კონსერვებს და ამ დროს მათ თავისუფალი წვდომა აქვთ მშრალ საკვებზეც.

დადებითი მხარე: კომბინირებული კვების დროს ცხოველი იკვებება დღეში რამდენჯერმე მცირე ულუფებით. ასევე თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ მისი კვების რაციონი და მადა სველი საკვების მიღებისას. ცხოველი იღებს საკვებ მინერალებს როგორც მშრალი, ასე სველი საკვებიდან და თუ თქვენი კატა კონსერვების დიდი მოყვარულია, მას ერთგვარი წამახალისებელი როლიც აქვს.

უარყოფითი მხარე: როგორც უკვე ვახსენეთ, ასეთი კვების რეჟიმს ხშირად მივყავართ ცხოველის გასუქებასთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი პორციების კონტროლი დღის განმავლობაში.

ნებისმიერი მეთოდის არჩევის დროს აუცილებელია განვსაზღვროთ ჩვენ მიერ შერჩეული საკვების რაოდენობა, რომ უკეთ ვიცოდეთ რამდენს მიირთმევს ჩვენი ცხოველი. გვახსოვდეს რომ ეს მხოლოდ რჩევებია, და ყველა კატას აქვს ინდივიდუალური ზომა, ყველა ერთნაირად ენერგიული არ არის და ასევე გასათვალისწინებელია ცხოველის ჯანმრთელობა.  თუ გვაინტერესებს ზუსტად რამდენი კალორია სჭირდება ჩვენს ცხოველს დღის განმავლობაში, უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია ვეტერინართან, რომელიც ზუსტად შეურჩევს თქვენს ცხოველს სწორ რაციონს. საკვების დღიური ნორმა და კონკრეტული მწარმოებლის მიერ რეკომენდებული კვების გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ საკვების ტომარაზე, ან გაიაროთ კონსულტაცია ვეტერინართან.

რომელი კვების რეჟიმიც უნდა აირჩიოთ, ყურადღება მიაქციეთ რომ ცხოველი იკვებოს მაღალხარისხიანი საკვებით, რომელიც შეიცავს ყველა იმ საჭირო ელემენტს რაც მას სჭირდება ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის.

ახალშობილი კნუტების კვება

სამწუხაროდ დღეს საქართველოში ხშირად გვხვდება ახალშობილი კნუტები სანაგვე ურნებთან და სადარბაზოებთან. ამის ძირითადი მიზეზია კასტრაცია/სტერილიზაციის მიმართ არასწორი დამოკიდებულება და საზოგადოებაში გამჯდარი მითები და ლეგენდები ზოგადად ცხოველის რაობის შესახებ. საბედნიეროდ ბევრი ადამიანი ცდილობს ასეთ შემთხვევებში დახმარება გაუწიონ ცხოველებს. ამისათვის კი პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ თუ როგორ უნდა გამოვკვებოთ ახალშობილი კნუტი. ეს ინფორმაცია არა მხოლოდ ქუჩაში გადაყრილი კნუტების დასახმარებლად, არამედ დედის მიერ მიტოვებული კნუტების გამოსაკვებადაც არის საჭირო.

თუ კნუტი დარჩა დედის გარეშე მისი გადარჩენა სრულიად დამოკიდებულია რამდენად  სწორად მოუვლით მას. იდეალურ შემთხვევაში გამოსავალია სუროგატი დედის პოვნა, ანუ კატის, რომელიც შეძლებს კნუტების გამოკვებას, თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის, ამიტომ ძირითად შემთხვევებში თავად მოგიწევთ კვებაზე ზრუნვა.

უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ კნუტი დარჩა დედის გარეშე, რომელიც მას მხოლოს საკვებით კი არა, სითბოთი, სისუფთავით და ალერსით ანებივრებდა, ახლა კი ეს მისია თქვენ დაგეკისრათ. ძალიან ბევრი ადამიანი კითხვაზე თუ როგორ გამოვკვებოთ ახალშობილი კნუტი გეტყვით რომ მარტივია, აჭამეთ მას უბრალო რძე. არა! ეს არის კატეგორიულად აკრძალული. პატარებს უბრალოდ არ შეუძლიათ ამ პროდუქტის მიღება და გადამუშავება. უდედო კნუტის გამოსაკვებად ვყიდულობთ კატის რძის ფხვნილს, ხოლო თუ ამას ვერ ვშოულობთ, მაშინ ვყიდულობთ ბავშვის რძის ფხვნილს.

ერთი კოვზ ფხვნილს, რომელიც იწონის დაახლოებით 5გრამს, ვხსნით 30 მლ ადუღებულ და გაგრილებულ წყალში, რომელიც უნდა იყოს თბილი, ეს ყველაფერი გადაგვაქვს შპრიცში. ასევე შეგვიძია გამოვიყენოთ პიპეტი ან წვრილი საწოვარა. კვებისას ცხოველი გეჭიროთ მუცლით ქვევით, არ ამოატრიალოთ ზურგზე.

ახალშობილი კნუტების საკვები ულუფები და ინტერვალები პორციებს შორის

პირველი 4 დღე  –   პირველი ოთხი დღის განმავლობაში კნუტს უნდა მისცეთ 30 მლ საკვები დღის განმავლობაში.

  • პირველი 2 დღე უნდა კვებოთ ყოველ 2 საათში ერთხელ, როგორც დღის საათებში, ისე ღამით. (ერთი ულუფა =2.5მლ)
  • მესამე და მეოთხე დღეს დღის განმავლობაში 2 საათში ერთხელ, ხოლო ღამით 3 საათში ერთხელ. (ერთი ულუფა = ~3მლ)
  • მეხუთე დღიდან ულუფებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4 საათი. (ერთი ულუფა = 5მლ)

5-დან 13 დღემდე – ყოველ 100 გრამ წონაზე, კნუტს დღის განმავლობაში უნდა მისცეთ 38მლ საკვები. ინტერვალი ულუფებს შორის უნდა იყოს 4 სთ. მაგალითად, თუ კნუტი იწონის 100 გრამს, მაშინ საკვების ერთი პორცია = 6.3 მლ-ს)

14-24 დღე – 100 გრამ წონაზე 45მლ საკვები დღე-ღამის განმავლობაში. ინტერვალი ულუფებს შორის – 4სთ. ( 0,45 * წონაზე / 6 = ერთი პორციის გრამობა)

25-ე დღიდან – ყოველ 100 გრამ წონაზე 55მლ  დღე-ღამეში. 4 საათში ერთხელ ( 0,55 * წონაზე / 6 = ერთი პორციის გრამობა)

ერთი თვის შემდეგ შეიძლება მშრალი საკვებზე, ჟელეზე, ქათმის უცხიმო ხორცზე, ხაჭოზე გადაყვანა.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები