fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

კატის ვირუსული რინოტრაქეიტი

Vetnet 01/11/20 დაავადებები, კატა

რა არის რინოტრაქეიტი და როგორ ავადდებიან ცხოველები?

რინოტრაქეიტი არის კატის ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია კატის ჰერპეს ვირუსით (I ტიპი). ნებისმიერ ჰერპეს ვირუსს ახასიათებს სახეობრივი სპეციფიკურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ კატის I ტიპის ჰერპეს ვირუსით ავადდებიან მხოლოდ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები.

სწორედ ვირუსული რინოტრაქეიტია კატებში ზედა სასუნთქი გზების დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებული და კონიუნქტივიტის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზიც.

ვირუსი ორგანიზმში ხვდება სასუნთქი გზების მეშვეობით. მისი გავრცელების ყველაზე ხშირი გზა არის დაავადებული ცხოველის მიერ გამოყოფილი ლორწო, პირიდან, ცხვირიდან ან თვალიდან. დაავადება ასევე ვრცელდება ჯანმრთელი ცხოველის კონტაქტით ვირუსით დაბინძურებულ მოვლის საგნებთან (წყლის და საჭმლის ჯამთან, ტანსაცმელთან, ავეჯთან და ა.შ.) და დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით.

ავადდება ყველა ასაკის კატა, თუმცა დაავადების უფრო დიდი შანსი აქვთ ახალგაზრდა, ან ქრონიკული დაავადებების მქონე კატებს. დაავადებას ახასიათებს პლაცენტარული ბარიერის გარღვევის უნარი. ახალშობილ კნუტებს სიმპტომები დაბადებიდან რამდენიმე კვირაში უვითარდებათ და ხშირად ლეტალურად მთავრდება.

დაავადების ხანგრძლივობა

ვირუსული რინოტრაქეიტის ინკუბაციური პერიოდი 2-5 დღეა, ანუ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, სიმპტომების გამოვლენა 2-5 დღეში იწყება. ინკუბაციური პერიოდის დროსაც კი ვირუსის მატარებელი ცხოველი გამოჰყოფს გარემოში ვირუსს.

როგორც წესი, ანთებითი პროცესები სიმპტომების გაჩენიდან 10-20 დღის განმავლობაში გრძელდება.

ყველა ინფიცირებული ცხოველი ხდება ვირუსმატარებელი მთელი ცხოვრების მანძილზე. სტრესი და სხვა დაავადებები აქვეითებს იმუნურ სისტემას, რასაც შეიძლება მოჰყვეს მიძინებული ვირუსის გამოღვიძება და სიმპტომების გამოვლინება.

რამდენი ხნის განმავლობაში ცოცხლობს ვირუსი გარემოში?

მას შემდეგ, რაც კატა ნერწყვით ან სხვა გამონადენით დააბინძურებს გარემოს, ვირუსი რჩება ცოცხალი მანამ, სანამ ის ადგილი იქნება ტენიანი. საბედნიეროდ გამონადენები ცხვირიდან, თვალიდან და პირის ღრუდან შედარებით მალე შრება.

იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული გამონადენი კანზე მოხვდება ცხოველს, ვირუსი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იქნება ცოცხალი. სხვა ზედაპირებზე, როგორც წესი, რამდენიმე საათის განმავლობაში ნარჩუნდება აქტიური ვირუსი.

სიმპტომები

დაავადება აზიანებს ცხვირის, თვალის და პირის ღრუებს. მიმდინარეობისას შეიძლება გამოვლინდეს კონიუნქტივიტი, თვალების გახშირებული ხამხამი, მოჭუტული თვალები, ხველა, ცემინება, გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან, რომელიც შეიძლება იყოს გამჭირვალე საწყის ეტაპზე, ხოლო შემდეგ იღებს ჩირქოვან ფორმას.

ვირუსს ასევე ახასიათებს კერატიტი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ანორექსია, გადიდებული ლიმფური კვანძები, აპათია, უმადობა.

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომურია. დაავადებულ ცხოველს ასევე ენიშნება ანტიბიოტიკები. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და მის სირთულეზე. რაზეც სრულ ინფორმაციას მოგაწვდით ვეტერინარი

მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში მოსალოდნელია ისეთი გართულებები, როგორიცაა: ბრონქიტი, პნევმონია, მშრალი თვალების სინდრომი.

ის ცხოველები, რომლებმაც უკვე გადაიტანეს მწვავე რინოტრაქეიტი, ხდებიან ჰერპესის ვირუსის მატარებლები მთელი სიცოცხლის მანძილზე და გამოყოფენ მას შარდით, ფეკალიების ან რძით. დაავადება გადაეცემა მათ შთამომავლობასაც.

გაითვალისწინეთ, რომ ჰერპესის ვირუსი არ იკურნება და იგი მუდმივად რჩება ცხოველის ორგანიზმში. მკურნალობის მთავარი ამოცანაა სიმპტომების გაქრობა და განმეორებით მათი გაჩენის პრევენცია. რაც მედიკამენტოზური მკურნალობით საკმაოდ ეფექტურად ხერხდება.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია ცხოველი დროულად იყოს ვაქცინირებული ხარისხიანი კომპლექსური ვაქცინით, რომელშიც შედის კატის (I ტიპის) ჰერპეს ვირუსი. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია 100%-ით არ გამორიცხავს დასნებოვნების ალბათობას, თუმცა ალბათობა თითქმის 0-მდე მცირდება. ასევე არ შეიძლება ერთხელ ინფიცირებული კატის შეჯვარება, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, დაავადება ნაყოფზე გადადის და დაბადებიდან რამდენიმე კვირაში კნუტებს უვითარდებათ სიმპტომები.

ვრცლად ვაქცინაციის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სტატიაში.

 

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები