fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ხორცისმჭამელთა ჭირი

Vetnet 25/11/20 ძაღლი, მოვლა

რა არის ჭირი?

ხორცისმჭამელთა ჭირი მწვავე კონტაგიოზური  ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ლორწოვანი გარსების კატარი, პნევმონია, ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავს ტრაქტის ფუნქციის მოშლა. დაავადების ლეტალობა საწყის ეტაპზე 50%-ია ხოლო ნერვული ფორმის დროს – 85%.

პირველი სიმპტომების გაჩენიდან დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს 2 დღიდან რამდენიმე თვემდე.

დაავადება თავს იჩენს წლის ნებისმიერ დროს, თუმცა შემოდგომაზე და გაზაფხულზე ვლინდება დიდი მასშტაბებით. ძაღლებში დაავადების განვითარებას ხელს უწყობს: ჭიების არსებობა ორგანიზმში, ავიტამინოზი, სიცივე, უხარისხო კვება, სტრესი და ორგანიზმის რეზისტენტობაზე სხვა უარყოფითად მოქმედი ფაქტორები.

ინკუბაციური პერიოდი

ძაღლებში ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-5 კვირა, თუმცა პირველი სიმპტომები ყველაზე ხშირად პირველ ორ კვირაში იჩენს თავს.

გავრცელების გზები

არსებობს გადაცემის რამდენიმე გზა:

  1. პირდაპირი კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველთან ან მოვლის საგანთან (საკვების და წყლის ჯამები, საერთო საწოლი და სხვა);
  2. აირ წვეთოვანი გზით გადაცემა;
  3. ჯანმრთელი ცხოველის კონტაქტით ინფიცირებული ცხოველის ფეკალიებთან.
  4. ნაყოფზე გადაცემა.

დაავადებული ცხოველი ვირუსს გარემოში რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჰყოფს.

ჭირით ავადდება ყველა ასაკის ცხოველი, თუმცა ყველაზე ხშირად გვხვდება 2-5 თვის ლეკვებში და ძაღლებში, რომლებსაც არ ჩაუტარდათ სრულყოფილი იმუნიზაცია.

ვაქცინირებული და ბუნებრივად დაავადებამოხდილი დედის ლეკვებში იმუნიტეტი 2 კვირის განმავლობაში ნარჩუნდება. ამის შემდეგ აუცილებელია ცხოველის დროული ვაქცინაცია. ამ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ თუ როდის და რა ინტერვალებით უნდა აცრათ ცხოველი.

ხორცის მჭამელთა ჭირი მხოლოდ ძაღლებს არ ემართებათ. ამ დაავადებით შეიძლება დაინფიცირდნენ: ენოტი, მგელი, სკუნსი (მყრალა), ციყვი და სხვა.

სიმპტომები

ჭირს ახასიათებს მრავალგვარი კლინიკური გამოვლენა. არსებობს რესპირატორული, კუჭ – ნაწლავის, ნერვული და შერეული ფორმები. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ელვისებურად, მწვავედ ან ქრონიკულად და შესაბამისად სიმპტომებიც სხვადასხვა ფორმის და ეტაპის მიხედვით განსხვავებულია, თუმცა ზოგადად ასე გამოიყურება:

  1. წყლისებრი გამონადენი თვალებიდან, რომელიც დაავადების პროგრესირებასთან ერთად ხდება ჩირქოვანი;
  2. გამონადენი ცხვირიდან;
  3. მშრალი ხველა, რომელიც გადადის სველ ხველაში;
  4. სხეულის ტემპერატურის მომატება;
  5. უმადობა;
  6. ღებინება;
  7. ლოწროვანი და სისხლნარევი დიარეა;

რესპირატორული ფორმა

რესპირატორული ფორმის დროს ცხოველს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის დროს აღინიშნება ტკივილი, ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ქრონიკული ხველა. ეს სიმპტომები შეიძლება საშიში აღმოჩნდეს ცხოველის ჯანმრთელობისთვის და საჭირო გახდეს ჟანგბადოვანი თერაპია, ანტივირუსული პრეპაარტები, ანტიბიოტიკები და ჰოსპიტალიზაცია.

კუჭ-ნაწლავის ფორმა

კუჭ-ნაწლავის ფორმის დროს აღინიშნება დიარეა და ღებინება, რამაც შეიძლება ცხოველი მიიყვანოს გაუწყლოებამდე. ვირუსმა შეიძლება ისე დაასუსტოს ცხოველის იმუნური სისტემა რომ გამოიწვიოს მეორადი ბაქტერიული ინფექციები. ამ დროს საჭრიოა ბრძოლა გაუწყლოებასთან, ღებინების და დიარეის წინააღმდეგ წამლის მიცემა. ასევე, ანტიბიოტიკები.

ნერვული ფორმა

ნერვული ფორმა როგორც წესი, ვლინდება ავადმყოფობის ბოლო ეტაპზე, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კუჭ-ნაწლავის ფორმიდან დაავადება პირდაპირ ნერვულ ფორმაში გადადის და რესპირატორული პრობლემები ცხოველს საერთოდ არ აღენიშნება. ამ ფორმისას ცხოველს ახასიათებს:

  1. თავის დახრა;
  2. წრიული მოძრაობა;
  3. ნაწილობრივი, ან სრული პარალიზი;
  4. კრუნჩხვები;
  5. კუნთების კანკალი;
  6. ეპილეფსიური შეტევები.

ხშირად ნერვული ფორმა მთავრება სიკვდილით, ხოლო გადარჩენის შემთხვევაში ცხოველს რჩება დაზიანებული ნერვული სისტემა.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზის დასასმელად ვეტერინარი აანალიზებს კლინიკურ მდგომარეობას და ატარებს ლაბორატორიულ კვლევებს. ჭირის საწინააღმდეგო წამალი არ არსებობს. მკურნალობა მოიცავს: სიმპტომების მკურნალობას, მეორადი ინფექციების განვითარების პრევენციას, ღებინების, დიარეის და ნევროლოგიური სიმპტომების კონტროლს, გაუწყლოებასთან ბრძოლას გადასხმების საშუალებით.

აუცილებელია დაავადებული ცხოველის იზოლირება დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

იმუნიტეტი

ჭირის მოხდის შემდეგ, ცხოველი იძენს ხანგძლივ და ძლიერ იმუნიტეტს. ვაქცინაციის შემთხვევაში, იმუნიტეტი ყალიბდება 10-21 დღეში და ნარჩუნდება მინიმუმ 1 წლით. დროულად ვაქცინირებული დედის ლეკვებს იმუნიტეტი 28 დღემდე გაჰყვებათ.

პროფილაქტიკა

ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს

  • ეცადეთ არ გამოტოვოთ არცერთი ვაქცინა როგორც ლეკვობის, ისე ზრდასრულ ასაკში.
  • მოარიდეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი გარეულ და დაინფიცირებულ ცხოველებს.
  • შემოდგომასა და გაზაფხულზე ეცადეთ თქვენს ლეკვს არ ჰქონდეს კონტაქტი ქუჩის ძაღლებთან.

 

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები