fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

კატის მაკეობა და მშობიარობა

Vetnet 19/09/20 კატა, მოვლა

კატები წელიწადში რამდენჯერმე ხურდებიან. ახურების დროს ისინი ძალიან თბილები და მოსიყვარულეები ხდებიან, სულ უნდათ მოფერება და როცა მათ ეფერებიან, უკანა ნაწილს მაღლა წევენ, ხოლო უკანა კიდურებით ეხებიან იატაკს. ასეთი ქცევა ხშირად პატრონებს ეშლებათ დაავადებაში ან ტკივილში. თუმცა უნდა ვიცოდეთ რომ ამ დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

ახურება ნიშნავს ცხოველის სექსუალურ ლტოლვას მამრის მიმართ, რასაც წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოსდევს ორსულობა.

მაკეობა (ორსულობა)

ორსულობის დროს  კატის ორგანიზმი საჭიროებს ორჯერ მეტ კვებით მინერალებს ვიდრე ის აქამდე იღებდა. ამიტომ, როცა ცხოველი არის მაკედ, საჭიროა მისი რაციონის გაზრდა და ულუფების სწორად გადანაწილება, რითაც ის მიიღებს საჭირო ელემენტებს რომ მშობიარობის შემდგომ კნუტი გამოკვებოს რძით და ამავდროულად, მისმა ორგანიზმმა არ განიცადოს დეფიციტი. კვების რაციონის ცვლილება ასევე საჭიროა იმისთვის, რომ გართულებები არ მოჰყვეს მშობიარობის პროცესს და კნუტები ჯანმრთელები ჩამოყალიბდნენ დედის სხეულში.

კატის მშობიარობა

როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ კატებს ხასიათი არ ეცვლებათ, ან ეცვლებათ უმნიშვნელოდ. არის შემთხვევები როცა კატა უფრო ალერსიანი ხდება ან პირიქით, უფრო აგრესიული. ორსულობის ბოლო კვირაში, კატა შეიძლება ეძებდეს მყუდრო და უსაფრთხო ადგილს მისი მომავალი კნუტებისთვის. ამ დროს მნიშვნელოვანია რომ ცხოველი დარჩეს შენობაში, რათა თქვენ არ გამოგეპაროთ მშობიარობის დაწყება და მიეხმაროთ შესაძლო თანმდევი გართულებების შემთხვევაში.

დამალვა კატებს მშობიარობის შემდეგაც სჩვევიათ, რაც გამოწვეულია დედობრივი ინსტიქტების გაძლიერებით. ის ცდილობს მოძებნოს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანი ნაკლებად შეაწუხებს. ამგვარად დედა ცხოველი უფრო მშვიდადაა, რადგან კნუტები ყველასგან დაცული ჰყავს.

თუ კატა სახლში გყავთ და გინდათ კომფორტული, წყნარი და უსაფრთხო გარემო შეუქმნათ მშობიარობისთვის, შეგიძლიათ მშობიარობის დაწყებამდე ის კატისთვის განკუთვნილ საწოლში მოათავსოთ, ხოლო ასეთის არ ქონის შემთხვევაში, უბრალოდ მუყაოს ყუთით და რბილი ქვეშსაგებით შემოიფარგლოთ.

კატის მშობიარობა შეიძლება გაგრძელდეს 36 საათიც კი.  სანამ მშობიარობა დაიწყება, კატა წყვეტს საკვების მიღებას 24 საათით ადრე, ამ დროს შეიძლება ცხოველის ტემპერატურამ დაიკლოს 37,8 ° C მდე. იშვიათად არის საშოდან გამონადენი. როცა უკვე მშობიარობა დაწყებულია, იქიდან გამომდინარე, რომ კატა საკმაოდ ბევრ კნუტს შობს, არის ინტერვალები მათი გაჩენისას, რომელიც საშუალოდ შეადგენს 10 წუთს.  შესვენებების დროს ცხოველმა შეიძლება საკვებიც კი მიიღოს იმის მიუხედავად, რომ კიდევ ჰყავს კნუტები გასაჩენი და ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა.

პატრონის როლი მშობიარობის პროცესში

ძირითადად, კატები აჩენენ ყოველგვარი გართულებების გარეშე, მაგრამ თუ კატა მშობიარობს პირველად, სასურველია, რომ პატრონი იყოს მის გვერდზე.  დააკვირდით პროცესს, მაგრამ არ ჩაერიოთ იმაზე მეტად ვიდრე საჭიროა, რომ არ გააღიზიანოთ კატა. უმჯობესია, თუ მაკე ცხოველს ხშირად არ შეაწუხებთ და მარტო დატოვებთ ოთახში, ან მოშორებით იქნებით, ამგვარად ის უფრო მშვიდად იგრძნობს თავს და პროცესიც გამარტივდება.

იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ, რომ ცხოველს უჭირს ან გაურთულდა მშობიარობა, აუცილებლად უნდა იყოთ ყურადღებით და დროულად მიმართოთ ვეტერინარს!

როგორ მოვიქცეთ თუ დედა კატა არ უვლის კნუტებს?

ახალდაბადებული კნუტები, პირველი ორი კვირის განმავლობაში ვერ აკონტროლებენ სხეულის ტემპერატურას, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ დედა კატა ცუდად არის, ან არ უნდა შვილების მოვლა, აუცილებელია კნუტების გამშრალება და მათი გათბობა თბილი წყლით სავსე ბოთლების ახლოს დალაგებით. აკონტროლეთ ბოთლის სიმხურვალე, რომ არ გამოიწვიოს ცხოველის დამწვრობა. არ დააწვინოთ ახალშობილი კნუტები გაზის გამათბობელთან ახლოს, მართალია ამით თქვენ უზრუნველყოფთ კნუტების გათბობას, მაგრამ ალი, სიმხურვალე, ნამწვავი გაზი, უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის მათ.

თუ დედა კატა უარს ამბობს კნუტების მოვლაზე, მათ სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა, რომელიც ადამიანებმა უნდა უზრუნველყონ. აუცილებელია საკვების მიცემა შპრიცით ან პიპეტით, ასევე თბილი გარემოს უზრუნველყოფა. ადამიანის ჩარევა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ მშობიარობა დროზე ადრე დაიწყო, ან რომელიმე კნუტი სუსტი დაიბადა. თუ კნუტი დაიბადა ჯანმრთელი, ის არის თბილი და მშრალი, მას არ სჭირდება დახმარება რომ იპოვოს ძუძუ გამოსაკვებად.

ახალშობილი კნუტების გამოკვების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიაში.

 

 

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები