fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

პიომეტრა

Vetnet 20/09/20 ძაღლი, დაავადებები, პროფილაქტიკა

რა არის პიომეტრა?

პიომეტრა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა ძუ ძაღლებში. იგი სიცოცხლისთვის საშიშია და თუ დროულად არ მოხდა ჩარევა, შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს. დაავადება ძირითადად შეუჯვარებელ, ან არასტერილურ ძაღლებში გვხვდება საშუალოზე გვიან ასაკში.

ძაღლს სქესობრივი ციკლი საშუალოდ წელიწადში ორჯერ აქვთ, ხოლო კატებს 3 თვეში ერთხელ, თუმცა თუ არ შეაჯვარებთ, შესაძლოა ინტერვალი უფრო მცირე იყოს. ამ დროს ჰორმონების ზემოქმედების შედეგად საშვილოსნოს სტრუქტურა იცვლება, ის შუპდება და ემზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაერთებლად. სქესობრივი ციკლის დროს საშვილოსნოს ყელი გახსნილ მდგომარეობაშია. ამ დროს ორგანიზმიდან ხდება ლორწოვანი გარსის გამოყოფა. ვინაიდან საშვილოსნო დახურული ორგანოა, მასში სხვა დროს ბაქტერიები ვერ აღწევენ და სტერილური გარემოა, თუმცა მშობიარობის და ციკლის დროს, საშვილოსნოს კარი ღიაა, შესაბამისად ბაქტერიები აღწევენ შიგნით. პიომეტრა სწორედ შეღწეული ბაქტერიების მიერ გამოწვეული პათოლოგიების შედეგია. თუმცა ეს ყველაფერი თეორიაა და კონკრეტული მიზეზები და მექანიზმები, რაც იწვევს ამ დაავადებას, ზუსტად დადგენილი არაა.

დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ცრუ ორსულობა;
  • არასტერილური ცხოველი, რომელიც არის ხუთი ან მეტი წლის;
  • ცხოველები, რომლებსაც არ უმშობიარიათ, ან რომლებმაც იმშობიარეს 1-2 ჯერ;
  • ჰორმონალური პრეპარატები – ახურების სამართავად ან ორსულობის თავიდან აცილების მიზნით.
  • ჰორმონალური ბალანსის დარღვევა.

პიომეტრის დროს საშვილოსნოში მიმდინარე ანთებითი პროცესების გამო ის შეშუპებული და რამდენჯერმე გადიდებულია. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ღია ან დახურულ ფორმებში, ასევე შეიძლება ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლა.

ღია პიომეტრა

ცხოველის საშვილოსნო გახსნილია და ჩირქოვანი მასა სისხლთან ერთად გარეთ გამოიყოფა. პატრონისთვის მარტივი შესამჩნევია, რადგან ამ დროს გამონადენი ჩვეულებრივზე გაცილებით ხანგრძლივად აქვს და ხშირად ბლანტი მასაა. დაავადებას ახასიათებს:

  • სისხლიანი ან/და ჩირქოვანი გამონადენი საშოდან;
  • აღინიშნება მადის დაქვეითება;
  • გაზრდილია წყურვილის გრძნობა;
  • სისუსტე ქვედა ტანის კიდურებში;
  • მომატებული ტემპერატურა;

დახურული პიომეტრა

ჩირქი გარეთ არ გამოიყოფა და შეიძლება საშვილოსნოში 3ლ-მდეც დაგროვდეს. ყოველივე ეს აისახება ცხოველის ორგანიზმზე და შეიძლება საშვილოსნოს გასკდომაც გამოიწვიოს. სიმპტომები პიომეტრის დახურული ფორმის დროს:

  • მომატებული ძილიანობა;
  • მადა დაქვეითებულია, ან საერთოდ უარს ამბობს საკვებზე;
  • იზრდება სხეულის ტემპერატურა;
  • მომატებული წყურვილი;
  • ღებინება;
  • მუცლის მოცულობის გაზრდა;
  • მუცელი არის გამაგრებული;

მკურნალობა

დაავადება როგორც წესი პრეპარატულ მკურნალობას არ ექვემდებარება და ყველაზე გამართლებული გამოსავალია სტერილიზაცია. თუმცა ოპერაციამდე აუცილებელია ძაღლს გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაუკეთდეს ანტიბიოტიკები ანთებითი პროცესის ჩასაცხრობად, რათა ოპერაციას არ მოჰყვეს გართულებები. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი ხასიათდება განსაკუთრებული ჯიშობრივი თვისებებით და პატრონი მას იყენებს გასამრავლებლად, განიხილება სხვა მკურნალობის მეთოდიც, მაგალითად ისეთი როგორიც არის პროსტაგლანდინების გამოყენება- ეს არის ჰორმონების ჯგუფი რომელიც, იწვევს საშვილოსნოს ყელის გახსნას და მის მოდუნებას, რის შედეგადაც საშვილონო იკუმშება და გამოდევნის ბაქტერიებსა და ჩირქს. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ყოველთვის წარმატებული არ არის და ასევე თან ახლავს ბევრი რისკი და გვერდითი მოვლენა.

უკუჩვენებები: ღებინება, დეფეკაცია, სუნთქვის გაძნელება და ტკივილი მუცლის არეში. გვერდითი მოვლენების გამოვლენა იწყება ინექციიდან 15 წუთში და გრძელდება რამდენიმე საათი. კლინიკური გაუმჯობესება არ შეიმჩნევა 48 საათის განმავლობაში. არსებობს სტატისტიკური მონაცეები ამ მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც სასურველია.

  1. თუ ღია საშვილოსნოს ყელია, ამ მეთოდით მკურნალობის შედეგია- 75-90%
  2. თუ დახურული საშვილოსნოს ყელია, ამ მეთოდით მკურნალობის შედეგია-25-40%
  3. რეციდივის სიხშირე ამ მეთოდის გამოყენების დროს -50-70%
  4. შანსი შემდგომში გამრავლებისა 50-75%

რა თქმა უნდა ამ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეუჯვარებელი მდედრი ცხოველების უმრავლესობას ეს დაავადება საშუალოზე გვიან ასაკში ემართებათ. ამიტომ თუ თქვენ არ გაქვთ ლეკვებით ვაჭრობის ბიზნესი და არ აპირებთ სისტემატურად შეაჯვაროთ ცხოველი, სასურველია 6 თვის ასაკიდან გაუკეთოთ მას სტერილიზაცია. ამგვარად ბევრ პრობლემას აირიდებთ თავიდან.

რა მოხდება თუ არაფერს მოვიმოქმედებთ?

გამოჯანმრთელების შანსი ოპერაციისა და პროსტაგლანდინების გამოყენების გარეშე ძალიან მცირეა. თუ დაავადებაზე რეაგირება არ მოხდა დროულად, ბაქტერია, რომელიც ტოქსიკურად მოქმედებს ორგანიზმზე საბოლოოდ მიგვიყვანს ფატალურ შედეგამდე. თუ საქმე პიომეტრის დახურულ ფორმასთან გვაქვს, შესაძლოა საშვილოსნოს გახეთქვაც კი გამოიწვიოს, რასაც მოსდევს ინფექციის მოხვედრა მუცლის ღრუში რაც თავისთავად შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები