fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ჯიშიანი ძაღლების არამიზნობრივი გამოყენება

Vetnet 17/09/20 ძაღლი, ჯიში, მოვლა

ეს თემა საკმაოდ აქტუალურია დღევანდელ მსოფლიოში და შესაბამისად საქართველოც არაა გამონაკლისი. აღნიშნული პრობლემა გამოწვეულია ადამიანის წინდაუხედაობის და ცოდნის ნაკლებობის გამო. საუბარი ჯიშიანი ძაღლების არამიზნობრივ გამოყენებაზე, რაც შემდგომში უარყოფითად მოქმედებს ამა თუ იმ კონკრეტული ჯიშის არსებობაზე და საფრთხის ქვეშ აყენებს მის ხარისხობრივ შენარჩუნებას. ამ პრობლემის მიმართ გულგრილობა მომავალში გამოიწვევს კონკრეტული ჯიშების გადაშენებას ან გადაგვარებას.

მიზნობრივი გამოყენების გავლენა გენეტიკაზე

ძაღლის ჯიშის სელექცია ემსახურება კონკრეტულ ჯიშში კონკრეტული ნიშან-თვისების ჩამოყალიბებას, შენარჩუნებას და გაუმჯობესებას, რაც მრავალი წლის შემდეგ გენეტიკურად განმტკიცდება ამ ჯიშში და შთამომავლობას მემკვიდრეობით გადაეცემა.

არამიზნობრივი გამოყენება აფერხებს ჯიშში მახასიათებლების განვითარება-განმტკიცების პროცესს. არა მხოლოდ აფერხებს, ხშირად სრულად აქრობს მას. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ძაღლის ჯიშის დეგრადაცია ან საერთოდაც, გადაშენება.

რას ნიშნავს არამიზნობრივი გამოყენება?

ეს ფართო ცნებაა. მასში მოიაზრება შეუსაბამო გარემო პირობები, არასწორი მოვლა-შენახვა, არაფუნქციური დატვირთვა, შეუსაბამო ემოციური ფონი… ამ და სხვა ფაქტორებიდან რომელიმეს, ან ყველას ერთდროული დარღვევა ართულებს ან შეუძლებელს ხდის ჯიშის ხარისხიანად შენარჩუნებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც ერთი ჯიშისთვის ნორმაა, მეორესთვის შეიძლება უარყოფითი მოქმედების იყოს. ამიტომ სხვადასხვა ჯიშის ნებისმიერ ინდივიდს უნდა შევუქმნათ მისთვის საჭირო გარემო და შესაბამისი მოვლა-შენახვის პირობები.

კავკასიური ნაგაზი

უფრო მარტივად რომ იყოს გასაგები, მაგალითისთვის ავიღოთ კავკასიური ნაგაზი და ქართული მყეფარა (მეკვერნე, ჩაქირა). თანამედროვე საქართველოში ადამიანის წინდაუხედაობის გამო, კავკასიური ნაგაზის ჯიშის მრავალი ინდივიდი გამოიყენება არამიზნობრივად:

  • მთის სამწყემსავი ძაღლი ცხოვრობს ურბანულ დასახლებაში. ხშირ შემთხვევაში, მისთვის მცირე ზომის საცხოვრებელ ადგილას, გარაჟში ან ეზოში დაბმული, რაც დისკომფორტს უქმნის მას.
  • დიდი ზომის ძაღლს ესაჭიროება დღეში რამდენჯერმე გასეირნება, (მოციონი) რაც ხშირ შემთხვევაში, ასეთ ძაღლებს არ აქვთ ხოლმე;
  • გამოიყენებენ ძაღლების ჩხუბში, რაც ამ ჯიშის ძაღლისთვის არაა ფუნქციური დატვირთვა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლის ფსიქიკაზე დამღუპველად მოქმედებს:

  • ეცვლება აღნაგობა, ქცევა, ხასიათი;
  • მუდმივი, არასეზონური ბეწვის ცვლა და ქერტლი;
  • იმუნიტეტის დაქვეითების გამო ჯანმრთელობის ხშირი პრობლემები;
  • სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება;
  • სახსრების პრობლემები და სხვა.

ქართული მყეფარა

ქართული მყეფარა (მეკვერნე, ჩაქირა) ერთადერთი ქართული სამონადირო ჯიშის ძაღლია, რომლის სამშობლო დასავლეთ საქართველოა. ამ ჯიშის არათუ ხარისხობრივი შენარჩუნება, საერთოდ ჯიშის არსებობაც კი საგანგაშოა, რადგან სათანადო ყურადღება არ ექცეოდა მის გარემოს და მოვლა-შენახვის პირობებს. ხშირად ინდივიდები სხვა ჯიშის წარმომადგენლებთან ჯვარდებოდნენ. ადგილი ჰქონდა ინბრიდინგის, რაც პატრონების დაუდევრობით ხდებოდა.

აქვე აღსანიშნია ის ჯიშები, რომლებიც კარგი მოვლა-შენახვის პირობებში კარგად ადაპტირდნენ მათთვის შეუსაბამო გარემოში ისე, რომ არ ხდება მათი გენეტიკურად გადმოცემული მემკვიდრული თვისებების გადაგვარება. მაგალითად, პუდელი და კოკერ-სპანიელი. ორივე მათგანი მონადირე ჯიშია, მაგრამ არაჩვეულებრივად შეითავსეს დეკორატიული ძაღლის ფუნქციები. თუმცა გამონაკლისები არ ცვლის პრობლემის ზოგად საგანგაშო მდგომარეობას.

გამოსავალი

განვითარებულ ქვეყნებში ნებისმიერი ჯიშის ან უჯიშო ძაღლის აყვანამდე, პოტენციური პატრონი გადის კონსულტაციას ფსიქოლოგთან, ამის შემდეგ ისინი გაივლიან სპეციალურ კურსებს, რომლის საშუალებითაც პატრონი სწავლობს ძაღლის სწორად მოვლა-შენახვას და აღზრდას. მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ ეძლევა მოქალაქეს ძაღლის ყოლის უფლება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პრაქტიკის დანერგვა საქართველოში არ იქნებოდა ურიგო. მითუმეტეს პატრონთა უმრავლესობას არასწორი წარმოდგენები აქვს ცხოველების შესახებ და მათ აყვანამდე პოტენციური პატრონებისთვის მოვლა-შენახვის შესახებ საბაზისო ცოდნის მიცემა ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა.

ფსიქოლოგის როლი ამ დროს ძალიან დიდია. მას მოუწევს განსაზღვროს, რა მიზნებისთვის შეიძლება დააპიროს ძაღლის გამოყენება მისმა მომავალმა პატრონმა. ასევე განსაზღვრავს, არის თუ არა მზად ადამიანი პასუხისმგებლობების აღებისთვის.

ამ პრობლემის მოგვარებაში გვინდა ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. ავამაღლოთ ცნობიერება საზოგადოებაში და ინფორმაცია კონკრეტული ჯიშების სპეციფიკის შესახებ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისთვის. ამ და სხვა სხვა სტატიების გაცნობით ხალხი დააგროვებს იმ საბაზისო ცოდნას, რომელიც სამომავლოდ მათ ცხოველების მოვლაში და მათთან ურთიერთობაში დაეხმარება.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები