fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

გერმანული ნაგაზი

Vetnet 12/12/20 ძაღლი, დახასიათება, ჯიში

18-ე საუკუნის ბოლოს კავალერიის კაპიტანმა და ვეტერინარიის კოლეჯის ყოფილმა სტუდენტმა, მაქს ფონ სტეფანიცმა გადაწყვიტა გამოეყვანა იდეალური გერმანული ჯიშის მეცხვარე, რის შედეგადაც მან და მისმა მოაზროვნე სელექციონერებმა გერმანიის ჩრდილოეთიდან და ცენტრალური რაიონებიდან  შეაჯვარეს გერმანული მეცხვარეები და მიიღეს თანამედროვე გერმანული ნაგაზი.

სტეფანიცი პირველი იყო, ვინც გერმანული ნაგაზის კლუბი დაარსა და 35 წელი ავითარებდა და ხვეწდა ამ ჯიშს. დღეს ნაგაზი იმდენად მრავალ-ფუნქციური ჯიშია რომ ცოტას თუ ახსოვს, რომ იგი თავდაპირველად ცხვრების სადარაჯოდ გამოიყვანეს.

დღევანდელი მონაცემებით გერმანული ნაგაზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკული კინოლოგიური კლუბის მონაცემებით კი პოპულარობით ის მეორე ადგილზეა.

გაურკვეველი მიზეზების გამო, საგამოფენო ჯიშებისთვის აუცილებელია რომ ძაღლს უკანა ტანი ძალიან დაქანებული ჰქონდეს. ამ დამოკიდებულებას ბევრი აკრიტიკებს, რადგან მსგავსი აღნაგობა დროთა განმავლობაში იწვევს მოძრაობის პრობლემებს.

გერმანული ნაგაზი

გერმანული ნაგაზი გამოირჩევა მაღალი ინტელექტით, ლოიალობითა და გულმოდგინეობით. ეს ჯიში დიდი ზომის ძაღლებს მიეკუთვნება. აქვთ სპეციფიკური – ათლეტური აღნაგობა საკმაოდ დიდი დაქანებით. ასეთი აგებულების ხარჯზე ძაღლი საკმაოდ ძლიერი და სწრაფია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯიში მწყემსად გამოიყენებოდა, დღეს გერმანული ნაგაზი იდეალურად ასრულებს მცველის, უსინათლოების დამხმარის, პოლიციელის და კომპანიონის როლს. ამ ჯიშის ძაღლებს ხშირად სამხედრო სპეცოპერაციების დროსაც იყენებენ.

გერმანული ნაგაზი იდეალური კომპანიონი და ოჯახის დამცველია თუ მას შექმნილი აქვს ცხოვრების სათანადო პირობები და სწორად არის აღზრდილი. ამ ჯიშის ძაღლისთვის იდეალური გარემოა შემოღობილი ეზო.

მოვლა

გერმანულ ნაგაზს ახასიათებს სქელი და უხეში, საშუალო ზომის ბეწვი და სქელი თივთიკი. ისინი ბეწვს ხშირად იცვლიან. ამ პერიოდის გასამარტივებლად უმჯობესია თუ ხშირად დავარცხნით თქვენს ცხოველს სპეციალური სავარცხლით. მზად იყავით იმისთვის, რომ ტანსაცმელზე, ავეჯზე, იატაკზე მუდმივად იქნება ძაღლის ბეწვი და ხშირად მოგიწევთ მტვერსასრუტის გამოყენება!

ასეთ ბეწვს დადებითი მხარეც აქვს. ის ბევრად უფრო ამტანია ჭუჭყის და მტვრის მიმართ და შესაბამისად არ მოგიწევთ ხშირად ბანაობა. საშუალოდ თვეში ერთხელ სპეციალური შამპუნით დაბანა საკმარისი იქნება. ძაღლის ბანაობა ზოგადადაც არაა რეკომენდებული ძალიან ხშირად, ამით შეიძლება მას კანი გამოუშრეს და სხვადასხვა პრობლემები შეექმნას.

არ დაგავიწყდეთ კლანჭების რეგულარული მოჭრა-მოქლიბვა, რათა ცხოველმა შეძლოს კომფორტულად მოძრაობა. თუმცა თუ დიდხანს ასეირნებთ ხოლმე თქვენს ოთხფეხა მეგობარს სხვადასხვა ზედაპირის მქონე ადგილებში, დიდი ალბათობით კლანჭების დაჭრა აღარ მოგიწევთ, რადგან სიარულის შედეგად ისინი თავად გაცვდება.

აუცილებლად მოიმარაგეთ სათამაშოები და სპეციალური ძვლები. გერმანული ნაგაზი საკმაოდ დიდი ძაღლია და ძალიან ძლიერი ყბები აქვს. მსგავსი სათამაშოები და სპეციალური, ზოო-მაღაზიაში  შეძენილი (!!!) ძვლები უზრუნველყოფს კბილების სიჯანსაღეს.

წვრთნა

გერმანული ნაგაზი სათანადო წვრთნის არ არსებობის შემთხვევაში შეიძლება გახდეს აგრესიული ან მშიშარა. მათი გაწვრთნა რთული არაა, რაც მაღალგანვითარებული ინტელექტით არის განპირობებული. ისინი იდეალურად ითვისებენ ნებისმიერ ბრძანებას და მარტივად ეგუებიან პატრონის მიერ დადგენილ წესებსაც. კარგ დასწავლას მათი შრომისმოყვარეობაც უწყობს ხელს. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს გერმანული ნაგაზები ყველაზე ხშირად პოლიციურ და სამხედრო სამსახურებში გამოიყენება, შრომის მიმართ სიყვარული მათ გენეტიკურად გამჯდარი აქვთ.

ლეკვობის ასაკში დაწყებული ვარჯიშები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ჯიშისთვის. პოზიტიური სწავლება და შემდგომ მისი წახალისება დასაჩუქრებით, კარგად მოქმედებს მის წვრთნაზე. ის ძალიან ერთგულია და ამიტომ ყველაზე ბედნიერია მაშინ როცა ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

ადრეული სოციალიზაცია კი ცხოველს ეხმარება იმაში, რომ არ ჰქონდეს ახალი ადამიანების ან გარემოს მიმართ შიშები. სოციალიზაციაში იგულისხმება ლეკვობის ასაკიდანვე ცხოველის გაყვანა ქუჩაში, ახალ ადამიანებთან შეგუება, სწორი მოქცევა სხვადასხვა ხმაურზე და ა.შ.

თუ არ იცით როდიდან შეიძლება ცხოველის გაყვანა ქუჩაში, წაიკითხეთ ჩვენი სტატია ვაქცინაციის შესახებ

თუ გეგმავთ, რომ ძაღლთან ერთად სხვა ცხოველიც მოიყვანოთ (კატა ან მეორე ძაღლი) უმჯობესია, თუ მათ ლეკვობიდან შეაჩვევთ ერთმანეთს.

მოციონი და ვარჯიში

გერმანულ ნაგაზს დიდი რაოდენობით ენერგია აქვს, რომლის დახარჯვაც აუცილებელია. ვარჯიშში კი მხოლოდ ყოველდღიურ სეირნობას არ ვგულისხმობთ. თუ გიყვართ დილაობით სუფთა ჰაერზე სირბილი ან ძუნძული, ამ ჯიშის ძაღლი იდეალური კომპანიონი იქნება სირბილში. გერმანულ ნაგაზს აუცილებლად სჭირდება სირბილი, თამაში, ახალი გარემოს აღმოჩენა რათა არ მოიწყინოს და ენერგიის მოზღვავება აგრესიაში ან მავნებლობაში არ გადაეზარდოს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ვერ შეძლებს ენერგიის დახარჯვას, შეიძლება განუვითარდეს ისეთ ცუდი ჩვევები, როგორიცაა: ყეფა, მიწის თხრა, ავეჯის და ნივთების ღეჭვა და ა.შ.

ჯანმრთელობა

გერმანული ნაგაზის უმეტესობა არის ჯანმრთელი ძაღლები, თუმცა არის დაავადებები რომელიც დამახასიათებელია ამ ჯიშისთვის და კარგი იქნება სანამ ამ ჯიშის ძაღლის აყვანას/ყიდვას გადაწყვეტთ, კარგად შეამოწმოთ მისი ოჯახის ისტორიაც.  მისთვის დამახასიათებელია ისეთი დაავადებები როგორიც არის:

  • მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრის დისპლაზია , რის შემდგომაც შეიძლება განვითარდეს ართრიტი.
  • დეგენერაციული მიელოპათია
  • ფონ ვილებრანდის დაავადება- მემკვიდრეობითი დეფექტი, რომელიც სისხლის შედედების პროცესის დარღვევას იწევს.
  • კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) უკმარისობა

სტანდარტი

ჯიშის სახელი – გერმანული ნაგაზი.

წარმომავლობა – გერმანია.

ფერი – უმეტესად ყავისფერი, შავი ზურგით, შავი, თეთრი.

ბეწვის ტიპი: ორმაგი ბეწვი.

სიმაღლე – ძუ 56-61 სმ, ხვადი- 61-66 სმ.

წონა – ძუ 23 – 33 კგ, ხვადი – 30 – 40 კგ.

სიცოცხლის ხანგრძლივობა 9 – 13 წელი

ბეწვოვანი საფარელი

საშუალო სიგრძის, ხშირი, სწორი და გლუვი აქვს. შეხებისას უხეში, კარგად განვითარებული თივთიკით. ბეწვი მოკლეა თავთან და ყურების უკანა ზედაპირზე, თათებზე და თითებზე, შედარებით გრძელი და უხეშია კისერზე.

თავი

ზომიერად გრძელია და ფართოა, რომელიც თანდათან ვიწროვდება ცხვირის წვერისაკენ. ფართო ქალა ახასიათებს უფრო ხვადებს. შუბლი ოდნავ გამობურცულია. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ზომიერად გამოხატულია. დრუნჩი სოლისებურია. ქალასა და დრუნჩის ხაზები პარალელურია. ცხირის წვერი მსხვილია და შავია. ყბები ძლიერია.

ყურები

საშუალო ზომის, სწორმდგომი, ზემოთ დასმული, ფართო ფუძეებით, მსხვილი ბოლოებით, თხელი, შებრუნებულია წინ და ერთმანეთის პარალელურად.

თვალები

საშუალო ზომის, ნუშისებური. თვალის ფერი შეესაბამება ბეწვის შეფერვას.

კბილები

მაგარი, მჭრელები ერთ ხაზზეა განლაგებული, თანკბილვა მაკრატისებულია.

კისერი

საშუალო სიგრძის, ძლიერი, მაგარი და კუნთოვანი. ტყავი ელასტიური, ნაოჭების გარეშე.

მინდაო

აქვს კარგად გამოხატული, ზომიერად მაღალი და გრძელი.

ზურგი

სწორი, მაგარი კუნთოვანი და არც ისე გრძელი.

წელი

ფართო კუნთოვანი და მაგარი

კუდი

გრძელია, მშვიდ მდგომარეობაში დაშვებულია ქვევით, აგზნებისას წევს ზურგის დონემდე.

მუცელი

უნდა იყოს ზომიერად აკრული

წინა კიდურები

ბეჭი გრძელია, მხარ-ბეჭის კუთხე 90-110. მხარი გრძელი და კუნთოვანია.

იდაყვი მიმართულია უკან და მიკრულია მკერდზე. წინამხარი სწორია, მტევანი ძლიერი და დახრილი.

უკანა კიდურები

ოდნავ გადაცდენილია საჯდომი ბორცვების ხაზს, მენჯი ფართოა, გრძელი, მაგარი კუნთებით. სახტომი სახსარი კარგად არის გამოხატული და დაშვებულია ქვევით. ტერფი მოკლეა.

თათები

ოვალურია, შეკრული, ბალიშები მკვრივი და მუქია. დამატებით თითებს აცლიან ადრეულ ასაკში.

 

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები