fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

კანის დაავადებები - დემოდეკოზი

Vetnet 24/10/20 დაავადებები

კანი ცხოველის და ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც ითავსებს დამცველობით, რეცეპტორულ , თერმორეგულაციის ფუნქციებს. ის წარმოადგენს ბარიერს ორგანიზმსა და გარემოს შორის. სწორედ გარემოსთან მუდმივი კონტაქტის გამო ძალიან ხშირად გვხვდება კანთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ვეტერინარულ კლინიკებში მიმართვიანობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

ამ სტატიაში განვიხილავთ კანის დაავადებებიდან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულს – დემოდეკოზს. ეს დაავადება განსაკუთრებით ხშირად ძაღლებში გვხვდება. კატებში კი იშვიათად.

რა არის დემოდეკოზი?

ეს არის პარაზიტული დაავადება. ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებებს შორის. გამოწვეულია მიკროსკოპული ტკიპით – დემოდექსებით. ისინი მცირე რაოდენობით ყველა ცხოველის ორგანიზმში მუდმივად არსებობენ, ნორმალური ფაუნის ნაწილია და არანაირი ზიანი არ მოაქვს.

პრობლემები იწყება მაშინ, როცა პარაზიტები იწყებენ ძალიან სწრაფად გამრავლებას. ისინი აზიანებენ თმის ფოლიკულებს, რასაც თან სდევს სხვადასხვა პრობლემები. ზუსტი მიზეზი, თუ რა განაპირობებს დემოდექსების პათოლოგიურ გამრავლებას დადგენილი არაა, თუმცა გამოწვეული შეიძლება იყოს: არასრულფასოვანი კვებით, სტრესით, შინაგანი პარაზიტების არსებობით ორგანიზმში, მენსტრუალური ციკლით, ან დასუსტებული იმუნიტეტით. დაავადება შეიძლება ასევე განვითარდეს იმუნურ სისტემაზე მოქმედი სხვადასხვა წამლების ან დაავადებების ფონზე: ქიმიოთერაპია, ჰიპოთირეოდიზმი და სხვა.

ამ პარაზიტების გადაცემა ხდება დედის სხეულიდან ლეკვებზე დაბადებიდან პირველ რამდენიმე საათში, თუმცა თუ ცხოველი დაავადდება ნებისმიერ ასაკში, ჯანმრთელ ცხოველთან კონტაქტის შემთხვევაში დაავადება არ ვრცელდება და შესაბამისად დემოდეკოზი გადამდებ დაავადებათა რიცხვს არ მიეკუთვნება. ამას გარდა, ყველა ცხოველზე განსხვავებული პარაზიტები იწვევს დაავადებას, მაგალითად ძაღლში – Demodex Canis, Demodex Cornei , Demodex Injai, კატაში: Demodex cati და Demodex Gatoi, ადამიანებში კი Demodex folliculorum and Demodex brevis

მიმდინარეობა და სიმპტომები

დაავადებას აქვს გენერალიზებული და ლოკალური ფორმები. ამ ორი ფორმის დიფერენციაცია ხშირად რთულია, მაგრამ მიჩნეულია, რომ თუ სხეულზე ხუთამდე დაზიანებული უბანია, საქმე ლოკალურ ფორმასთან გვაქვს, ხოლო დაზიანებული უბნების რაოდენობა თუ 12 და მეტია, ან დაზიანებულია თათებიც, მაშინ ეს გენერალიზებული ფორმაა.

თუ თქვენი ძაღლი არცერთ კატეგორიაში არ ხვდება, მაშინ ვეტერინარმა უნდა შეაფასოს სიტუაცია და მონაცემების გაანალიზების საფუძველზე მიხვდება ლოკალური ფორმა აქვს თქვენს ძაღლს თუ გენერალიზებული.

როგორც წესი, ლოკალიზებული ფორმა უფრო მარტივად იკურნება, ვიდრე გენერალიზებული. მონაცემები თვითგანკურნების შესახებ თითქმის არ არსებობს.

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს: ქავილის შედეგად გამოწვეული დაწითლებები, პაპულები და ფერიჭამიები, ალოპეცია და კანის აქერცვლა. ანთებითი პროცესის გამო მოსალოდნელია პუსტულების წარმოქმნაც.

რთული მიმდინარეობისას ფოლიკულები სკდება და ჩნდება ძირმაგარები, საკმაოდ ღრმა ფესვებით.  ასეთი კერები სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება გაჩნდეს, განსაკუთრებით კი თავის და თათების მიდამოში.

დიაგნოსტირება

დიაგნოზისთვის აუცილებელია კანის ღრმა ანაფხეკის კვლევა მიკროსკოპის ქვეშ, ამიტომ ეს კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ უნდა მიიყვანოთ თქვენი ცხოველი ვეტერინართან.

მკურნალობა

როგორც წესი, ცხოველს ენიშნება სპეციფიკური, ანტიპარაზიტული პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს კანქვეშა ტკიპაზე. კანის დაზიანებული უბნების გარეგანი დამუშავებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ანტიბაქტერიული საშუალებები.

 

აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს და მიჰყევით მის დანიშნულებას.

გასათვალისწინებელი ფაქტორები

  • ლოკალიზებული დემოდეკოზი შიძლება გადაიზარდოს გენერალიზებულ ფორმაში.
  • გენერალიზებული ფორმის მკურნალობა შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაიწელოს რაც დაკავშირებულია ფინანსებთან, რისთვისაც მზად უნდა იყოთ.
  • ხშირად, მკურნალობის დროს ქრება კლინიკური ნიშნები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქრა. ყოველთვის მიჰყევით ვეტერინარის რჩევებს.
  • მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, არსებობს რეციდივის ალბათობაც.

პრევენცია

ვინაიდან კონკრეტული მიზეზი არაა დადგენილი, თუ რა იწვევს დემოდექსების პათოლოგიურ გამრავლებას, რაიმე ზუსტი რეკომენდაცია ან მითითება დაავადების თავიდან აცილების მიზნით არ არსებობს. ცხოველის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე ზრუნვა, დროული პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა, როგორიცაა ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია, გარეგან პარაზიტებზე დამუშავება. სუფთა გარემოში ყოლა და სრულყოფილი საკვები რაციონის მიცემა ცხოველისთვის, დაავადების განვითარების შანსს ამცირებს, რადგან ამ ყველაფრის უზრუნველყოფის შემთხვევაში ცხოველი არის ჯანმრთელი და მასზე არ მოქმედებს მუდმივი სტრეს ფაქტორები.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები