ცხოველის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ საკმაოდ ხანგრძლივი და ხარჯებთან დაკავშირებული პროცედურაა. ამიტომ აუცილებელია ყველამ წინასწარ ვიცოდეთ ის ეტაპები, რომლებიც გასავლელი გვაქვს.
ცხოველის გადასაყვანად საბუთების გაკეთებას 4 თვე სჭირდება და ეს პროცესი შეიძლება კიდევ უფრო გაიწელოს, ან სულაც თავიდან მოგიწიოთ ერთი და იგივე პროცედურების გავლა არასწორი ინფორმაციის ან რომელიმე პუნქტის უგულებელყოფის შემთხვევაში.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურა აუცილებლად დასაცავი და გასათვალისწინებელია. ამ მომსახურებების მიღება შეგიძლიათ სხვადასხვა კლინიკებში.
ცხოველის ევროკავშირში გაყვანისთვის აუცილებელია შემდეგი 7 პუნქტის დაცვა.
პირველ რიგში, ცხოველს უნდა ჰქონდეს ვეტერინარული პასპორტი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ ვეტერინარულ კლინიკაში. ამ პასპორტის დანიშნულებაა, აღირიცხოს ყველა ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია და გარეგან პარაზიტებზე დამუშავების პროცედურა, რომელსაც ვეტერინარი ექიმი ადასტურებს ბეჭდით და საკუთარი ხელმოწერით.
აუცილებელია ცხოველი ვაქცინირებული იყოს სტანდარტების მიხედვით, ამასთან გამოყენებული უნდა იყოს ისეთი ვაქცინები, როგორიცაა: ვანგარდი, ეურიკანი, ნობივაკი, ბიოკანი…
დეტალურად, თუ როგორ უნდა აცრათ თქვენი ცხოველი სწორად, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში.
სასურველია ცხოველი იყოს ჩიპირებული ISO სტანდარტის ჩიპით. ISO სტანდარტის ჩიპს აქვს 15 ნიშნა უნიკალური კოდი, ხოლო სხვა ჩიპებს – 9-10.
გაითვალისწინეთ, რომ ISO სტანდარტის ჩიპი მხოლოდ სასურველია და თუ თქვენი ცხოველი უკვე ჩიპირებულია სხვა ჩიპით, თავიდან დაჩიპვა სავალდებულო არაა.
აუცილებელია ორგანიზმში ცოფის ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით საკვლევი სისხლის გერმანიის ლაბორატორიაში გაგზავნა. გაითვალისწინეთ, რომ მასალა ლაბორატორიაში იგზავნება ვაქცინაციიდან მინიმუმ 1 თვეში და უკანასკნელი ცოფის ვაქცინიდან არ უნდა იყოს გასული ერთი წელი.
ეს პროცედურა, ისევე როგორც სხვები, აუცილებელია და საკმაოდ დიდ ხარჯებთან (საშუალოდ 400-450₾) არის დაკავშირებული.
კარანტინი რა თქმა უნდა არ გულისხმობს ცხოველის განცალკევებით ყოლას. საქმე ისაა, რომ გერმანიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხში თუ ტიტრების რაოდენობა აღემატება 0,5 IU/ml-ს ამ შემთხვევაში ცხოველის ტრანსპორტირება საზღვარზე საკვლევი მასალის აღებიდან 3 თვეში შეგიძლიათ. ამ პერიოდის განმავლობაში ცხოველი გეყოლებათ ჩვეულებრივ პირობებში.
გაითვალისწინეთ, რომ სამ თვიანი „კარანტინის“ გარეშე ცხოველის გაყვანას საზღვარგარეთ ვერ შეძლებთ.
ცხოველის გაყვანამდე 72 საათით ადრე აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტი, რათა მან შეამოწმოს ცხოველის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და ვაქცინების ვალიდურობა.
ამ ვიზიტისას ვეტერინარი შეამოწმებს მუშაობს თუ არა გამართულად ჩიპი. ამავე ვიზიტის ფარგლებში თქვენს ცხოველს ჩაუტარდება დეჰელმინთიზაციას
მას შემდეგ, რაც ვეტერინარი განსაზღვრავს ცხოველის ჯანმრთელობას და ჩაუტარებს დეჰელმინთიზაციას, თქვენ კიდევ ერთი პროცედურა გიწევთ, რომლის შემდეგაც უფლება გექნებათ გაიყვანოთ ცხოველი საზღვარგარეთ. უნდა მიბრძანდეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტში ყველა დოკუმენტით (ვეტერინარული პასპორტი, ექიმის დასკვნა, ანალიზის პასუხები, ჩიპის პასპორტი) სადაც გადაიხდით 50₾-ს და მოგცემენ სერტიფიკატს. ამის შემდეგ საზღვარზე გაყვანის პრობლემა არ გექნებათ.
თუ ცხოველის ტრანსპორტირება გინდათ დიდ ბრიტანეთში, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების გარდა, დაგჭირდებათ ხუთი დღით ადრე ცხოველის დამუშავება გარეგან პარაზიტებზეც.
ამ ქვეყნებში ცხოველის გაყვანა ბევრად უფრო მარტივია, რადგან არაა საჭირო ცოფის ანტისხეულების ანალიზის გაკეთება. შესაბამისად სამ თვიანი ლოდინიც არ გჭირდებათ.
ამერიკა, ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნები არ ითხოვს ცოფის ანტისხეულების ანალიზს. თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები ჯიშებზე.
გერმანიაში გარკვეული ჯიშები და აგრესიული ძაღლების ტრანსპორტირება შეუძლებელია.
არსებობს ორი კატეგორიის აკრძალვა. პირველი კატეგორია – აბსოლუტური აკრძალვაა. მეორე კატეგორიის აკრძალვა, ეხება მაგალითად როტვეილერს. ასეთ კატეგორიაში შემავალი ძაღლები პირდაპირ არ იკრძალება. მათ უნდა გაიარონ აგრესიულობის ტესტი და მისი ჩაბარების შემთხვევაში პრობლემა არ იქნება გადაყვანაზე, თუმცა აუცილებელი იქნება მათი გასტერილება და ალიკაპით გადაყვანა. თუ ძაღლი ტესტს ვერ გაივლის, ასეთ შემთხვევაში ისინი ისევე დაიბლოკებიან, როგორც პირველ კატეგორიაში შემავალი ძაღლები.
სტატია მომზადებულია ვეტექსის და კლინიკა “ვეტის” დახმარებით.
წყარო: https://www.facebook.com/vetexclinic/posts/164857465021915
კომენტარები