fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა

Vetnet 20/09/20 კატა, ჯიში

სელექციის შედეგად მიღებულ ჯიშებს შორის ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა ყველაზე ძველია და დღემდე პოპულარობით პირველ ადგილზეა თავისი წარმოშობის ქვეყანაში.

ბრიტანული კატის ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა „ბრიტანული ლურჯი“ რუხი-მოცისფრო ბეწვით, ფორთოხლისფერი თვალებით და საშუალო სიგრძის კუდით. ამავე ჯიშის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ზოლებიანი ან ჭრელი.

რაც შეეხება ხასიათებს, ამ ჯიშისთვის დამახასიათებელია სიდინჯე, ისინი როგორც წესი, მარტივი მოსავლელები არიან. არ არინ აქტიურები და თამაშის დიდი მოყვარულები, თუმცა არიან ძალიან თბილები და პატრონზე მიჯაჭვულები. მათი ყოლა სხვა ცხოველებთან ან ბავშვებთან ერთად უსაფრთხოა, რადგან შეუძლიათ ბევრი შეხების მოთმენა. აი რასაც ვერ იტანს ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა, ეს ხელში აყვანა/ტარებაა. სიამოვნებით შეუძლია იყოს მხოლოდ სახლში და არ მოგთხოვოთ გარეთ გასვლა.

გაამახვილეთ დიდი ყურადღება საკვებზე და კვების რეჟიმზე, რადგან ეს ჯიში მიდრეკილია სიმსუქნისკენ და ყურადღების ნაკლებობამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ.

გარეგნობის დახასიათება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით:

კატა ვიზუალურად ძლიერი, შედარებით დიდი ზომისაა. აქვს ფართო გულ-მკერდი, ძლიერი, მსხვილი კიდურები, მომრგვალებული თათებით.

თავი

მრგვალია, პატარა სახით, კარგად განვითარებული ღაწვებით, ფართო ყბებით (უფრო შესამჩნევია ხვად კატებში ზრდასრულ ასაკში), რომლებიც ხაზს უსვამს თავის მრგვალ ფორმას. კისერი მოკლე, მსხვილი.

ცხვირი

მოკლე, ფართო, სწორი. პროფილში მრგვალი. ნიკაპი – ძლიერი, თანაბარი. ცხვირი და ნიკაპი ერთ ვერტიკალურ ხაზზე მდებარეობს.

ყურები

განიერი, მომრგვალებული, ქვემოთ და განზე დასმული

თვალები

დიდი, მრგვალი, ფართო და განზე ჩასმული. „ბრიტანული ლურჯის“ შემთხვევაში თვალები მუქი ფორთოხლისფერია, ხოლო სხვა შეფერვის კატებში თვალის ფერი სხვადასხვაა.

სხეული

დაბალი, „კობბი“ ტიპის. ზურგზე სწორია და მოკლე. გულმკერდი ფართე. მხრები ფართე, მასიური, როგორც მენჯები. ზომები საშუალოდან მსხვილამდე, მაგრამ არა ლოხი.

კიდურები და თათები

ფეხები მოკლე, მსხვილი. თათები მრგვალი, ძლიერი და მსხვილი.

კუდი

მსხვილი, საშუალო სიგრძის, მომრგვალებული ბოლოთი, ფუძესთან ფართო.

ბეწვი

მოკლე, ძალიან ხშირი და სქელი, მბზინავი. იმის გამო რომ არ აქვს თივთიკი, ბეწვი უფრო ფაფუკია.

შეფერილობა

ბრიტანული კატა რამდენიმე შეფერვის არსებობს მათ შორის: თეთრი ცისფერი თვალებით, თეთრი ნარინჯისფერი თვალებით, თეთრი სხვადასხვა ფერის თვალებით, შავი, ცისფერი, შოკოლადისფერი, ლილისფერი, წითელი, კრემისფერი.

სიცოცხლის ხანგრძლივობა

როგორც ბრიტანეთის სელექციონერთა ასოციაცია იუწყება, ბრიტანული მოკლებეწვა ხანგრძლივად ცოცხლობს (საშუალოდ 14-20 წელი). სტატისტიკის მიხედვით კი ბრიტანული მოკლებეწვა კატების 82% 10 წლამდე აღწევს, ხოლო 54% 12.5 ან მეტამდე. ამ ჯიშის კატებში მაღალი რისკია თირკმლების პოლიკისტოზის განვითარებისა.

 

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები