fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ყურის ანთება ძაღლებში

Vetnet 19/05/23

ყურის ანთება ძაღლებში

ყურის ანთება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ძაღლებში. განსაკუთრებით ხშირად, გრძელ ყურებიან ძაღლებში გვხვდება, როგორიცაა: ბასეტ-ჰაუნდი, კოკერ-სპანიელი, ბიგლი და ა.შ. სტატისტიკის მიხედვით ძაღლების 20%-ს ერთხელ მაინც ჰქონია სხვადასხვა სახის ყურის ინფექცია.

ინფექციის სახეები

ყურის ინფექცია შეიძლება იყოს 3 სახის. გარე ყურის ანთება, შუა ყურის ანთება, შიდა ყურის ანთება. ამ სამიდან ყველაზე გავრცელებული გარე ყურის ანთებაა. შუა და შიდა ყურის ანთებები კი ძირითადად გარე ყურის ინფექციის გაუარესების შედეგად გვხვდება ხოლმე. სწორედ შუა და შიდა ყურის ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს: სმენის დაკარგვა, სახის ნაწილის პარალიზება, წონასწორობის დარღვევა და სხვა. მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მკურნალობის დროული დაწყება.

რა იწვევს ყურის ინფექციას?

ძაღლის ყურის ანატომია

ძაღლის ყურის არხი უფრო ვერტიკალურია ვიდრე ადამიანის და ამიტომ მარტივად გროვდება სითხე, რაც უფრო მიდრეკილს ხდის ცხოველს ინფექციებისკენ. როგორც წესი, ინფექციის აღმძვრელი ბაქტერია, სოკო ან ამ ორის კომბინაციაა. შესაძლოა ინფიცირების მიზეზი იყოს პარაზიტებიც (ტკბიპები).

ყურის ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა გარემო-ფაქტორებმა:

  • სისველე ყურის არხში, რაც ქმნის ბაქტერიების და სოკოების გამრავლებისთვის ოპტიმალურ გარემოს;
  • კანის ან საკვებით გამოწვეული ალერგიები;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
  • აუტოიმუნური დაავადებები;
  • ჭარბი გოგირდოვანი ნადები;
  • უცხო სხეულის მოხვედრა;
  • ყურის არხის მექანიკური დაზიანება;
  • ზედმეტი და უხეში ყურების წმენდვა;

სიმპტომები

როგორც წესი, ყურის ანთება იწვევს დისკომფორტს, ტკივილს, ქავილს და ამას ძაღლები საკმაოდ შესამჩნევად გამოხატავენ. ყურის ანთების დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ქნევა, ინფიცირებული ყურის ხშირი ქავილი, გამონადენი ყურიდან, არასასიამოვნო სუნი, სიწითლე და შეშუპება, ტკივილი, ნაწიბურების გაჩენა ყურზე, ინფიცირებული ყურის მხარეს გადახრილი თავი, გრძელ ყურიანი ძაღლების შემთხვევაში შესამჩნევად დაბლა დაშვებული ყური და სხვა.

დიაგნოსტირება

თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. ვეტერინარის ჩარევა არა მხოლოდ ძაღლის კომფორტისთვის არის აუცილებელი (რადგან სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი), არამედ შუა და შიდა ყურის ანთების პრევენციისთვის.

პროფესიონალთან კონსულტაციის გარეშე დაწყებულმა მკურნალობამ შესაძლოა გააუარესოს ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან გახანგრძლივოს დაავადების მიმდინარეობა.

დიაგნოზის დასმა ხდება დათვალიერებით, ოტოსკოპის გამოყენებით, ანამნეზის შეგროვებით. თუ ინფექცია ღრმად არის წასული და ცხოველი მოუსვენარია, შეიძლება საჭირო გახდეს მისი მოდუნება.

მკურნალობა

ინფექციის გამომწვევის და მისი სირთულის დადგენის შემდეგ ვეტერინარი წყვეტს თუ რა სახის მკურნალობა სჭირდება ცხოველს. თუ ანთებითი პროცესი ზედაპირულია, შესაძლოა მხოლოდ ჰიგიენური ნორმების დაცვა იყოს საკმარისი, რაც მოიაზრებს ყურის ნიჟარის სწორად გასუფთავებას. ინფექციის სხვა ფორმების შემთხვევაში მკურნალობა საშუალოდ 1-2 კვირის განმავლობაში გრძელდება და გამოიყენება სხვადასხვა ყურის წვეთები.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები