fbpx

VETNET.GE

პირველი ვეტერინარული პორტალი

ერლიხიოზი

Vetnet 20/05/21 ძაღლი, დაავადებები

ერლიხიოზი, არის დაავადება, რომელიც ემართებათ ძაღლებს ტკიპის ბაქტერიებით Ehrlichia canis. დაავადების ძირითადი გამავრცელებელი ძაღლის ყავისფერი ტკიპაა, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება. საბედნიეროდ, დაავადება მხოლოდ ტკიპით ვრცელდება, შესაბამისად ინფიცირებული ძაღლები პირდაპირ არ გადასცემენ დაავადებას სხვა ძაღლებს.

დაავადებას ახასიათებს 3 სახის მიმდინარეობა: მწვავე – როდესაც კლინიკური ნიშნები მკვეთრად არის გამოხატული, სუბკლინიკური – როდესაც კლინიკური ნიშნები საერთოდ არ არის, ან წარმოდგენილია მსუბუქი ფორმებით; ქრონიკული – რომელიც ხანგრძლივად გრძელდება და კლინიკური ნიშნები შეიძლება გვიან გახდეს თვალსაჩინო, თუმცა სიმპტომები ქრონიკული და მწვავე მიმდინარეობის დროს ერთია.

ერლიხიოზი ხასიათდება 1-დან 3-კვირამდე ინკუბაციური პერიოდი, რაც ნიშნავს იმას, რომ ტკიპის კბენის შემდეგ სიმპტომები გამოვლინდება ინკუბაციური პერიოდის გავლის შემდეგ. სიმპტომების გამოვლინება გრძელდება 2-4 კვირა, რის შემდეგაც დაავადება გადადის სუბკლინიკურ ფორმაში, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვე ან წლებიც კი გრძელდებოდეს.

გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო გვიან დაიწყებთ მკურნალობას, მით ნაკლები ეფექტი ექნება მას. ამიტომ უმჯობესია დროულად მიმართოთ ვეტ ექიმს.

ერლიხიოზი და ადამიანი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფიცირებული ცხოველები დაავადებების გამავრცელებლები არ არიან, შესაბამისად ადამიანსაც ვერ გადასცემენ, თუმცა არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ტკიპის კბენის შედეგად ადამიანსაც დაემართა ერლიხიოზი .

პრევენციის ზომები

იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ერლიხიოზით დაავადება, არსებობს რამდენიმე გზა:

  • სისტემატურად დაამუშავეთ ცხოველი გარეგან პარაზიტებზე, რომელიც მოქმედებს არა მხოლოდ ტკიპებზე, არამედ რწყილებზე და სხვა მკბენარებზეც;
  • გაზაფხულზე და ზაფხულში მოარიდეთ ძაღლი მაღალ ბალახს, რადგან სწორედ მსგავს ადგილებში ბუდობენ ტკიპები;
  • დაათვალიერეთ თქვენი ძაღლის სხეული, მიუხედავად ანტიპარაზიტული პრევენციული ღონისძიებებისა, შესაძლოა ტკიპა მაინც მოხვდეს მის სხეულზე; თუ ცხოველს გრძელი ბეწვი აქვს, შეგიძლიათ თითი ბეწვის საპირისპიროდ გაუსვათ. თუ იგრძნობთ რაიმე უჩვეულოს, გადაწიეთ ბეწვოვანი საფარველი და დააკვირდით კონკრეტულ უბანს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს უპოვეთ ტკიპა, არ ეცადოთ მის პირდაპირ მოზრობას, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ტკიპის ფეხები ან თავი ჩარჩეს ორგანიზმში და  გამოიწვიოს ინფექცია.

სიმპტომები

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ძაღლს უპოვეთ ტკიპა, ან შენიშნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე მაინც, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

  • მაღალი ტემპერატურა;
  • სისუსტე;
  • უმადობა;
  • გაფართოებული ლიმფური კვანძები;
  • გამონადენი თვალებიდან და ცხვირიდან;
  • წონის სწრაფი კლება;
  • ანემია;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა, როგორიცაა: სისხლდენა ცხვირიდან ან დალურჯებები კანზე.

დიაგნოსტირება

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, ამიტომ ვეტერინარის ჩარევა აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასასმელად. სადიაგნოსტიკოდ იყენებენ სწრაფ ტესტს და სისხლის საერთო ანალიზს. დაავადებული ცხოველი თავისით ვერ გამოჯანმრთელდება და საჭიროებს თერაპიულ და დამხმარე მკურნალობას.

მკურნალობის მიზნით როგორც წესი, გამოიყენება ანტიბიოტიკები, დაახლოებით 3-4 კვირის განმავლობაში. შესაძლოა საჭირო გახდეს სტეროიდების გამოყენებაც.

 

კომენტარები

»
მსგავსი სტატიები